
NASA-ს ახალი მონაცემების თანახმად, ახლა უკვე 3,1-პროცენტიანი შანსი არსებობს, რომ 2032 წელს დედამიწას დაეცეს ასტეროიდი, რომელსაც ქალაქის განადგურება შეუძლია.
შანსების ზრდის მიუხედავად, ექსპერტები ამბობენ, რომ განგაშის საჭიროება არ არსებობს. გლობალური ასტრონომიული საზოგადოება სიტუაციას დეტალურად მეთვალყურეობს. მომდევნო თვიდან, ამ ობიექტზე, სახელად 2024 YR4, დაკვირვებას ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპიც დაიწყებს.
„პანიკა საჭირო არაა. მაგრამ როდესაც ხედავ, რომ პროცენტულობა მაღლა იწევს, ბუნებრივია, სულაც არაა სასიამოვნო. უფრო მეტი მონაცემის შეგროვების შემდეგ, შანსი შეიძლება ნულამდეც ჩამოვიდეს“, — ამბობს ორგანიზაცია „პლანეტური საზოგადოების“ ხელმძღვანელი ბრიუს ბეტსი.
ობიექტი 2024 YR4 პირველად გასული წლის 27 დეკემბერს დააფიქსირეს, ჩილეში მდებარე ელ-სოსის ობსერვატორიიდან.
ასტრონომთა შეფასებით, სიკაშკაშიდან გამომდინარე, მისი სიგანე 40-90 მეტრამდე მერყეობს. სინათლის ხელწერის ანალიზები მიუთითებს, რომ აქვს სრულიად ტიპური შემადგენლობა და არ წარმოადგეს იშვიათი ლითონებით მდიდარ ასტეროიდს.
პლანეტური თავდაცვის მსოფლიო თანამშრომლობამ — ასტეროიდთა გამაფრთხილებელმა საერთაშორისო ქსელმა (IAWN) გამაფრთხილებელი შეტყობინება 29 იანვარს გაავრცელა, მას შემდეგ, რაც შეჯახების ალბათობამ ერთ პროცენტს გადააჭარბა. მას შემდეგ, რიცხვები მერყეობს, მაგრამ მაინც ზემოთ მიდის.
NASA-ს უახლესი გაანგარიშებით, შეჯახების ალბათობა 3,1 პროცენტია, დედამიწაზე შესაძლო დაცემის თარიღი კი 2032 წლის 22 დეკემბერი.
ეს კი 32-დან ერთი შანსი გამოდის — დაახლოებით იგივე, რაც მონეტის აგდების შემდეგ დაცემის მხარის ხუთჯერ ზედიზედ გამოცნობა.
ბოლოს, როცა 30 მეტრზე დიდი ასტეროიდი ასეთ მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენდა, 2004 წელს იყო ასტეროიდი აპოფისი, როცა დაადგინეს, რომ მას 2029 წელს დედამიწასთან შეჯახების 2,7-პროცენტიანი შანსი გააჩნდა. ეს შესაძლებლობა მოგვიანებით გამორიცხა დამატებითმა დაკვირვებებმა.
ევროპის კოსმოსური სააგენტოს პლანეტური თავდაცვის ოფისის ხელმძღვანელის, რიჩარდ მუასლის განცხადებით, ასეთი ზღვრის გადალახვა „ისტორიულია“
„ძალიან, ძალიან იშვიათი მოვლენაა, მაგრამ ამ დროისთვის, კრიზისის საფუძველს არ წარმოადგენს. ეს არ გახლავთ დინოზავრების მკვლელი, არც პლანეტის მკვლელი. ეს უფრო ქალაქის გამანადგურებელია“, — ამბობს მუასლი.
მსოფლიოს უმძლავრესი კოსმოსური ობსერვატორიის, ჯეიმს ვების ტელესკოპის მონაცემები გადამწყვეტი იქნება მისი ტრაექტორიის დასადგენად.
„ვებს ძალიან მკრთალ ობიექტთა დანახვა შეუძლია, რაც გადამწყვეტია, რადგან ასტეროიდი ორბიტაზე ამჟამად იუპიტერისკენ მიემართება, შემდეგი მოახლოება კი 2028 წელს იქნება“, — ამბობს ორგანიზაცია „პლანეტური საზოგადოების“ ხელმძღვანელი ბრიუს ბეტსი.
თუკი რისკი 10 პროცენტს ასცდება, ასტეროიდთა გამაფრთხილებელი საერთაშორისო ქსელი (IAWN) ოფიციალურ გაფრთხილებას გამოსცემს, რასაც მოჰყვება რეკომენდაცია სამზადისის შესახებ გაერო-ს ყველა იმ წევრისთვის, რომლის ტერიტორიაზეც შეიძლება ასტეროიდი დაეცეს.
66 მილიონი წლის წინ დინოზავრების მომსპობი 10-კილომეტრიანი ასტეროიდისგან განსხვავებით, 2024 YR4 კლასიფიცირებულია, როგორც „ქალაქის მკვლელი“ — ანუ გლობალურ კატასტროფას ვერ გამოიწვევს, მაგრამ მაინც შეუძლია მნიშვნელოვანი განადგურების გამოწვევა.
განადგურების პოტენციალი არა იმდენად ზომიდან მოდის, რამდენადაც მისი სიჩქარიდან — 64 300 კმ/სთ დედამიწაზე დარტყმისას.
თუ ის დედამიწის ატმოსფეროში შემოვა, ყველაზე სავარაუდო სცენარია ჰაერში აფეთქება — ანუ, აფეთქდება ზედაპირთან მოღწევამდე და გამოყოფს რვა მეგატონა ტრინიტროტოლუოლის (TNT) ძალას, ჰიროსიმაში ჩამოგდებულ ბომბზე 500-ჯერ მეტს.
თუმცა, ბეტსი არ გამორიცხავს დაცემასაც, თუკი მისი ზომა შეფასებათა ზედა ზღვართა ახლოსაა.
დაცემის პოტენციურ ადგილებს შორისაა წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ სანაპირო, სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილი, ატლანტის ოკეანე, აფრიკა, არაბეთის ნახევარკუნძული და სამხრეთ აზია. თუმცა, როგორც მუასლი აღნიშნავს, დრამატულ გადაწყვეტილებათა მიღებამდე ჯერ ძალიან ადრეა.
კარგი ის არის, რომ მოქმედებისთვის დრო გვაქვს.
NASA-ს 2022 წლის მისია DART-მა დაადასტურა, რომ კოსმოსურ ხომალდს შეუძლია, წარმატებით შეცვალოს ასტეროიდის ტრაექტორია. მეცნიერები განიხილავენ სხვა მეთოდებსაც, მაგალითად, ლაზერებს, რომლებიც მის ზედაპირს ააორთქლებენ და ამით წევას წარმოქმნიან, რაც მას კურსს შეუცვლის; კოსმოსური ხომალდით მისი კურსიდან გადატანას; ბირთვულ აფეთქებას.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.