მზის სისტემის სტუმარ ობიექტს არამიწიერი ცივილიზაციის სიგნალები არ აღმოაჩნდა
მზის სისტემის სტუმარ ობიექტს არამიწიერი ცივილიზაციის სიგნალები არ აღმოაჩნდა

ასტრონომთა გარკვეულ ნაწილს ეჭვი გაუჩნდა, რომ ოქტომბრის ბოლოს მზის სისტემაში შემოჭრილი სიგარის ფორმის ობიექტი შესაძლოა რომელიმე არამიწიერი ცივილიზაციის მიერ გამოგზავნილი ხომალდი ყოფილიყო.

იმის გასარკვევად, გამოსცემდა თუ არა იგი არამიწიერი ტექნოლოგიების სიგნალებს, მეცნიერებმა მასზე დაკვირვება გადაწყვიტეს. თუმცა, როგორც ირკვევა, მსგავს სიგნალებს ვერ მიაკვლიეს.

ობიექტი, რომელსაც ოუმუამუა უწოდეს, ორი თვის წინ შენიშნა რამდენიმე მიწისპირა ტელესკოპმა.

უცნაური ტრაექტორიიდან გამომდინარე, გაკვირვებულმა მკვლევრებმა დაუყოვნებლივ დაასკვნეს, რომ ის ჩვენი პლანეტარული სისტემის მიღმიდან იყო მოსული — პირველი ვარსკვლავთშორისი ობიექტი მზის სისტემაში, რომლის იდენტიფიცირებაც შევძელით.

კლდის ნატეხი სიგრძეში 400 მეტრია, სიგანეში კი მხოლოდ 40 მ — ფორმა, რომელიც ასტრონომებს ასტეროიდებში აქამდე არასოდეს უნახავთ.

აღმოჩენის შემდეგ, პროექტმა სახელწოდებით Breakthrough Listen, მასში არამიწიერი ცივილიზაციის სიგნალების ძებნა გადაწყვიტა — შემოწმება, გამოსცემდა თუ არა ობიექტი ხელოვნურ სიგნალებს.

„ჩვენი ქსელის ტელესკოპებით, ასეთ სიგნალებს ვერ მივაგენით, თუმცა ანალიზები ჯერ არ დასრულებულა“, — ავრცელებს განცხადებას პროექტი.

ოუმუამუა ჰავაურ ენაზე „შიკრიკს“, „მზვერავს“ ნიშნავს. ეს მზვერავი კოსმოსში შეიძლება უკვე მილიონობით, ანდაც მილიარდობით წელია დახეტიალობს.

ამ აღმოჩენამდე, მზის სისტემაში ჩვენთვის ცნობილი 750 000 ასტეროიდსა თუ კომეტას შორის, უცხო წარმოშობაზე ეჭვი არც ერთზე მიგვიტანია.

„ყველაზე დიდი ალბათობით, ოუმუამუა ასტეროიდია, რომელიც მილიარდობით წლის წინ, თავის დედავარსკვლავიდან გარკვეულმა ქაოტურმა მოვლენამ გამოაგდო და შემთხვევით, მან კურსი ჩვენი მზის სისტემისკენ აიღო“, — ამბობს ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარი ენდრიუ სიემიონი, რომელიც Breakthrough Listen-ის ლაბორატორიის ხელმძღვანელიცაა.

NASA-ს ცნობით, ობიექტი მზესთან მიმართებაში 38,3 კმ/წმ სიჩქარით მოძრაობს. ამჟამად, ის დედამიწიდან დაახლოებით 200 მილიონ კილომეტრ მანძილზე იმყოფება და მზის სისტემის კიდეებისკენ მიჰქრის.

ნოემბერში ოუმუამუამ მარსის ორბიტა გადაკვეთა, შემდეგი წლის მაისში იუპიტერისას გადაკვეთს, 2019 წლის იანვარში კი უკან მოიტოვებს სატურნის ორბიტას.

ოუმუამუა ჩვენთან მოვიდა ქნარის თანავარსკვლავედში მდებარე ვარსკვლავ ვეგას მიმართულებიდან, 95 000 კმ/სთ სიჩქარით.

თავდაპირველად იფიქრეს, რომ იგი ვეგას ორბიტიდან იყო მოსული, მაგრამ იქიდან ამ სიჩქარით ჩვენამდე მოსასვლელად, 300 000 წელი დასჭირდებოდა. 300 000 წლის წინ კი, ვეგა ცაზე სრულიად სხვა ადგილას იყო.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ოუმუამუას შეიძლება ვეგა „თვალითაც“ არასდროს უნახავს და უკვე ასობით მილიონი წელიწადია, რაც კოსმოსში მარტოდმარტო დახეტიალობს.

მომზადებულია scientificamerican.com-ის მიხედვით

 

დატოვე კომენტარი