მზის სისტემაში პირველი ვარსკვლავთშორისი იმიგრანტი ობიექტი აღმოაჩინეს
მზის სისტემაში პირველი ვარსკვლავთშორისი იმიგრანტი ობიექტი აღმოაჩინეს

ვარსკვლავთშორისმა ასტეროიდმა ოუმუამუამ ერთი საინტერესო შესაძლებლობა წარმოშვა — თუკი ჩვენს მზის სისტემაში გარე ობიექტებს შემოსვლა შეუძლიათ, ეს ადრეც უნდა მომხდარიყო. ახალი კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ დიახ, ეს ნამდვილად ასეა და უკვე დიდი ხანია, მზის სისტემაში კიდევ ერთი ვარსკვლავთშორის ობიექტი „ბინადრობს“.

ეს გახლავთ მზის სისტემის ჩვენთვის ცნობილი პირველი „ქონება“, რომელიც აქ არ წარმოქმნილა.


ასტეროიდის სახელია 2015 BZ509 და მეცნიერებს გარკვეულ თავსატეხს უჩენდა მას შემდეგ, რაც 2014 წელს აღმოაჩინეს. იგი სრულიად უნიკალური იყო.

მზის სისტემის ობიექტთა უმეტესობა, მათ შორის ყველა პლანეტა, მზეს ერთი მიმართულებით უვლის გარშემო — საათის ისრის საწინააღმდეგოდ, ანუ პროგრადულად. ათასობით-ათას ასტეროიდს, კომეტას, პლანეტოშენადედს, პლანეტასა და მთვარეს შორის, ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ 95 ობიექტი, რომელიც მზის გარშემო საათის ისრის მიმართულებით, ანუ რეტროგრადულად მოძრაობს.

ასტეროიდი 2015 BZ509 მზეს არა მხოლოდ საათის ისრის მიმართულებით უვლის გარს, არამედ არის ერთადერთი რეტროგრადული ობიექტი, რომელიც ორბიტას პლანეტასთან იზიარებს.
იგი კოორბიტალურია იუპიტერთან, 1:1 რეზონანსით, რაც იმას ნიშნავს, რომ მზის ორბიტაზე ის მეტნაკლებად ამ პლანეტის სიჩქარით მოძრაობს, მაგრამ საწინააღმდეგო მიმართულებით.


იუპიტერი თავის ორბიტულ სივრცეს დაახლოებით 6000 ასტეროიდს უზიარებს, რომელთა უმეტესობაც იმავე მიმართულებით მოძრაობს. მართალია, არის რამდენიმე რეტროგრადული ასტეროიდიც, მაგრამ არც ერთ მათგანს არ აქვს იუპიტერთან ისეთი კოორბიტული რეზონანსი, როგორც 2015 BZ509-ს.

იგი დელიკატურად აბალანსებს გრავიტაციულ ურთიერთობას როგორც მზესთან, ისე იუპიტერთან, რაც ექსცენტრიული ორბიტის შენარჩუნების საშუალებას აძლევს. მკვლევართა განცხადებით, სულ მცირე მილიონი წელია, რაც მას ასეთი ორბიტა უნდა ჰქონდეს.


ორბიტაზე მოძრაობისას, ეს ორი სხეული ერთმანეთს ორჯერ ჩაუვლის 176 მლნ კილომეტრ მანძილზე. იუპიტერი ასტეროიდს თავისკენ ექაჩება და აკავებს, რომ მზისკენ არ წავიდეს, მზე კი მას თავისკენ იზიდავს და იცავს იუპიტერში ჩავარდნისგან.

საფრანგეთის კოტ-დ’აზურის ობსერვატორიის ასტრონომის, ფათი ნამუნის განცხადებით, აქამდე იდუმალებით იყო მოცული, თუ როგორ დადგა ეს ასტეროიდი ასეთ ორბიტაზე.
მისი თქმით, ის რომ მზის სისტემის მკვიდრი იყოს, უნდა ჰქონდეს იგივე მიმართულება, რაც სხვა პლანეტებსა და ასტეროიდებს.

ნამუნიმ და ბრაზილიელმა ასტრონომმა ელენა მორაიშმა სპეციალური კომპიუტერული სიმულაციები გაუშვეს, რათა ენახათ, რამდენად შორს გავრცელდებოდა 2015 BZ509-ის ორბიტული სტაბილურობა.

აღმოჩნდა, რომ ეს პროცესი წინ უსწრებდა მზის სისტემის დაბადებასაც და თუ ყველაფერი მუდმივად გაგრძელდებოდა (არ გაგრძელდება, რადგან მზე მოკვდება), ამ ორბიტას ის კიდევ 43 მილიარდი წელი შეინარჩუნებდა.

„სხვა ვარსკვლავური სისტემებიდან ასტეროიდთა იმიგრაცია ხდება იმიტომ, რომ მზე დაიბადა მჭიდროდ შეკრულ ვარსკვლავთგროვაში, რომელშიც თითოეულ ვარსკვლავს გააჩნდა პლანეტებისა და ასტეროიდების საკუთარი სისტემა“, — ამბობს მორაიში.


მისი განცხადებით, ვარსკვლავების ასეთი სიახლოვე, რასაც ემატებოდა პლანეტათა გრავიტაციული ძალაც, სისტემებს ეხმარებოდა მიეზიდათ, ამოეგდოთ და დაეჭირათ ერთმანეთის ასტეროიდები.

თუკი ასტეროიდი 2015 BZ509 მზის გარშემო ყოველთვის ასე ბრუნავდა, იგი არ უნდა წარმოქმნილიყო პროგრადულად მოძრავ ყველა სხვა ობიექტთან ერთად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იგი სხვა სისტემიდან მოვიდა.


საინტერესოა, არიან თუ არა მზის სისტემის სხვა რეტროგრადული ობიექტებიც სხვა ვარსკვლავური სისტემებიდან მოსული იმიგრანტები? შესაძლოა, მაგრამ არა აუცილებლად.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ 2015 BZ509-ის ორბიტა უკვე მილიონი წელია, რაც სტაბილურია, ანუ უფრო დიდი ხანი, ვიდრე იუპიტერისა და სატურნის მიერ დაჭერილი სხვა დროებითი რეტროგრადული რეზონანსული ასტეროიდებისა.

ეს კი ნიშნავს იმას, რომ 2015 BZ509-ის წარმომავლობა სხვა რეტროგრადული ასტეროიდებისგან უნდა განსხვავდებოდეს.

შესაბამისად, არც ის არის გამორიცხული, რომ მზის სისტემაში ამჟამად სხვა ვარსკვლავთშორისი ასტეროიდებიც იყოს წარმოდგენილი.

მათი იდენტიფიცირება და 2015 BZ509-ის დეტალურად შესწავლა მეცნიერებს საკვანძო ცნობებს მიაწვდის ადრეული მზის სისტემის შესახებ. მათ შორის, გაირკვევა დეტალები იმ „ინკუბატორის“ შესახებაც, რომელშიც ჩვენი მზე დაიბადა.

კვლევა ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ისა და eurekalert.org-ის მიხედვით

დატოვე კომენტარი