5 წლის წინ, დედამიწის ატმოსფეროში სავარაუდოდ ვარსკვლავთშორისი ობიექტი შემოიჭრა
5 წლის წინ, დედამიწის ატმოსფეროში სავარაუდოდ ვარსკვლავთშორისი ობიექტი შემოიჭრა

ეს შემთხვევა სრულიად უპრეცედენტო იყო. 2017 წელს, ასტრონომებმა აღმოაჩინეს ჩვენთვის ცნობილი პირველი ვარსკვლკავთშორისი ობიექტი, რომელიც მზის სისტემაში შემოიჭრა. ეს გახლდათ სიგარის ფორმის იდუმალი ობიექტი, სახელად ოუმუამუა, რომელიც ჩვენს ვარსკვლავურ სისტემას შორეული კოსმოსიდან ესტუმრა.

თუმცა, ის ფაქტი, რომ ოუმუამუა პირველი დაფიქსირებული ვარსკვლავთშორისი ობიექტია, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის პირველი იყო. სულ რაღაც ხუთი წლის წინ, დედამიწის ატმოსფეროს დაარტყა რაღაცამ, რომელიც მზის სისტემის მიღმა სივრციდან იყო მოსული. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ჩვენ ამას ვერ მივხვდით.

ახალი კვლევის ფარგლებში, ჰარვარდის უნივერსიტეტის ორი მკვლევარი მივიდა დასკვნამდე, რომ მეტეორი, რომელიც 2014 წლის იანვარში დედამიწის ატმოსფეროს შეეჯახა, სინამდვილეში კიდევ ერთი ვარსკვლავთშორისი მოგზაური იყო, შორეული და იდუმალი წარმოშობით.

ოუმუამუასგან განსხვავებით, რომელიც მზის სისტემაში შემოიჭრა და კვლავ უკან მიემართება, ამ მეტეორს გრძელი ტურნეს მხოლოდ „ერთი მიმართულების ბილეთი“ ჰქონდა და საბოლოოდ, ხუთი წლის წინ, ცეცხლოვანი აღსასრული პაპუა-ახალი გვინეის ცაში დაუდგა.

ოუმუამუა საკმაოდ დიდი ობიექტია და დედამიწიდან ძალიან შორს დააფიქსირეს. ვარსკვლავთშორისი მეტეორის ჰიპოთეზის ავტორთა თქმით კი, მზის სისტემაში უფრო მეტად უნდა იყოს გავრცელებული პატარა ვარსკვლავთშორის იმიგრანტები, მათ შორის ჩვენი პლანეტის სიახლოვეს.

კვლევის ავტორი, ასტრონომი ამირ სირაჯი ჰარვარდის ასტროფიზიკოს ავი ლოებთან ერთად მუშაობდა. ისინი გულმოდგინედ აანალიზებდნენ ნასას დედამიწასთანა ხლომდებარე ობიექტთა ცენტრის მიერ აღრიცხულ მეტეორთა დარტყმების მონაცემებს.

ამ მონაცემებში მათ ერთი საკმაოდ უცნაური შემთხვევა შენიშნეს — დედამიწის ატმოსფეროში აფეთქებული ობიექტი, რომელიც მზესთან გავლის შემდეგ, ჩვენი პლანეტისკენ 60 კმ/წმ სიჩქარით მოემართებოდა.

ნამდვილად გაგვიმართლა, რომ ეს ობიექტი საკმაოდ პატარა იყო, მეტრზე ნაკლები სიგანის. უფრო დიდი რომ ყოფილიყო, ატმოსფეროში ვერ დაიწვებოდა და დედამიწის ზედაპირს გამანადგურებელ შედეგებს მოუტანდა.

როცა მის სიჩქარეზე დაყრდნობით ლოებმა და სირაჯმა მეტეორის ორბიტული ტრაექტორია გამოთვალეს, მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს ობიექტი ორბიტულად მზესთან მიბმული არ იყო. ცეცხლოვან აღსასრულამდე ის იმდენად სწრაფად გადაადგილდებოდა, რომ არ ემორჩილებოდა მზის გრავიტაციას.

მკვლევართა აზრით, იმისათვის, რათა ეს შესაძლებელი ყოფილიყო, მეტეორი მოსული უნდა ყოფილიყო სადღაც შორიდან, მზის სისტემის მიღმა სივრციდან.

მათ გამოთვლებზე დაყრდნობით, მეტეორის სიჩქარე მიუთითებს ის „სავარაუდოდ დაბადებულია ირმის ნახტომის სქელ დისკოში მდებარე რომელიმე პლანეტური ან ვარსკვლავური სისტემის წიაღში“.

მოსაზრება მართლად დაუჯერებელია, სირაჯისა და ლოების მიგნება ამ დრომდე წმინდად ჰიპოთეტურია და კვლევა რეზენცირებულიც არ არის, მაგრამ მათ მოსაზრებას უკვე იზიარებს ასტრონომიული საზოგადოების ზოგიერთი წევრი.

არიზონის უნივერსიტეტის თეორიული ასტროფიზიკოსის, კატ ვოლკის აზრით, საკმაოდ უპრიანია დავასკვნათ, რომ ასეთი მაღალი სიჩქარის იმპაქტორი ვარსკვლავთშორის ობიექტთა რიგებს მიეკუთვნება. მისი თქმით, როგორც თეორიული დაშვებები, ისე ოუმუამუას კვლევა მიუთითებს, რომ ვარსკვლავთშორისი ობიექტები მზის სისტემაში საკმაოდ ბლომად უნდა იყოს; ამ ბოლიდის ყველაზე მარტივი ახსნაც სწორედ მისი ვარსკვლავთშორისი წარმოშობაა.

საბოლოო პასუხის მისაღებად, კვლევა გრძელდება, მაგრამ ჰიპოთეტური შესაძლებლობები მეცნიერების ამ სფეროში საკმაოდ მაცდუნებელია.

სირაჯისა და ლოების გათვლებით, ვარსკვკლავთშორის მეტეორთა აფეთქებები ჩვენს ატმოსფეროში უკვე უთვალავჯერ უნდა იყოს მომხდარი დედამიწის ისტორიაში, შემდგომი დაკვირვებების შედეგად კი უფრო მეტი უნდა შევიტყოთ ამ ციცქნა, შორეულ მოგზაურთა წარსულის შესახებ.

კვლევა რეცენზირებამდელ სერვერ arXiv-ზეა გამოქვეყნებული, სულ მალე კი Astrophysical Journal Letters-ში დაიბეჭდება.

მომზადებულია Science News-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.