აღმოჩენილია კიდევ ერთი ობიექტი, რომელიც მზის სისტემაში ვარსკვლავთშორისი სივრციდან შემოიჭრა
აღმოჩენილია კიდევ ერთი ობიექტი, რომელიც მზის სისტემაში ვარსკვლავთშორისი სივრციდან შემოიჭრა

ორი წლის წინ, მზის სისტემაში ვარსკვლავთშორის სივრციდან შემოჭრილი მოზრდილი ობიექტი დააფიქსირეს. Როგორც ჩანს, ისტორია მეორდება — ერთმა ასეთმა ობიექტმა ერთ-ერთი ვარსკვლავური სისტემა დატოვა და ამჟამად მზის სისტემაში დაჰქრის.

მეტი დაკვირვებებია საჭირო, რათა ასტონომებმა ამ კომეტას ვარსკვლავთშორისის ტიტული უბოძონ, მაგრამ ობიექტის პირველად მონაცემები იმედისმომცემია. აღმომჩენის პატივსაცემად, მას კომეტა C/2019 Q4 ბორისოვი უწოდეს. თუ დადასტურდა, რომ ის მართლაც მზის სისტემის გარედან არის მოსული, გახდება ჩვენთვის ცნობილი მეორე ვარსკვლავთშორისი ვიზიტორი. პირველი ასეთი ობიექტი სახელად ოუმუამუა იყო, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში აღმოაჩინეს.

საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მცირე პლანეტათა ცენტრის განცხადების თანახმად, ჩატარებული დაკვირვებებით ირკვევა, რომ ამ ობიექტის ორბიტას ჰიპერბოლური ელემენტები აქვს, რაც მის ვარსკვლავთშორის წარმოშობაზე მიუთითებს.

ობიექტის მოძრაობის მარშრუტი სმიტსონის ასტროფიზიკურმა პბსერვატორიამ გამოთვალა.

ამ დრომდე აღმოჩენილ ასტეროიდთა და კომეტათა უმეტესობას ელიფსური ორბიტა აქვს — ოვალური ან კვერცხის ფორმის, თითქმის წრიული. ეს ობიექტები მუდამ მზის სისტემაში იყვნენ და არიან, პლანეტებთან ახლოს ჩავლისას, გრავიტაციული გავლენის გამო ხანდახან ოდნავ იცვლიან ორბიტას. ისინი მზის სისტემაში არიან დაბადებული და სამუდამოდ აქ დარჩებიან, მზის გარშემო.

თუმცა, როგორც საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მცირე პლანეტათა ცენტრი განმარტავს, C/2019 Q4-ის გზა ჰიპერბოლაა, მოსულია გარედან და მზის სისტემას კვლავ დატოვებს. სწორედ ასეთი ტრაექტორია ჰქონდა ოუმუამუასაც. მეცნიერთა ვარაუდით, ასეთი ვიზიტორები მზის სისტემას საკმაოდ ხშირად უნდა სტუმრობდნენ. უფრო მეტიც, რამდენიმე თვის წინ, ასტრონომები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მეტეორიტი, რომელიც დედამიწას 2014 წელს დაეცა, ასევე ვარსკვლავთშორისი სივრციდან იყო მოსული.

კომეტა C/2019 Q4 პირველად 30 აგვისტოს, უკრაინელმა ასტრონომმა გენადი ბორისოვმა ყირიმის ობსერვატორიიდან შენიშნა. ორი დღის შემდეგ, ობიექტი მან კვლავ დააფიქსირა. ამის შემდეგ, კომეტა მონაცემებში ექვსმა სხვა ასტრონომმაც იპოვა.

კომეტა ამჟამად მზისკენ მიემართება, მაგრამ მარსის ორბიტას აღარ გასცდება და დედამიწასთან 300 მილიონ კილომეტრზე ახლოს არ მოვა.

ოუმუამუასგან განსხვავბით, მისი შესწავლა უკეთ არის შესაძლებელი, რადგან ბორისოვმა ის მაშინ შენიშნა, როცა მზის სისტემის შიდა მიმართულებით გადაადგილდება. ოუმუამუა ასტრონომებმა მაშინ აღმოაჩინეს, როცა ჩვენს სისტემას უკვე ტოვებდა. კომეტის აქტიურ შესწავლას ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) გეგმავს.

ESA-ს განცხადებით, კომეტის სიგრძე რამდენიმე კილომეტრია.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით.