NASA ვარსკვლავთშორისი კომეტა 3I/ATLAS-ის ახალ ფოტოებს აქვეყნებს — #1tvმეცნიერება
NASA ვარსკვლავთშორის კომეტა 3I/ATLAS-ის ახალ ფოტოებს აქვეყნებს, რომელთა შორის არის ამ დროისათვის ყველაზე ახლო ხედები.
მზის სისტემაში ვარსკვლავთშორისი სივრციდან შემოჭრილ ობიექტზე დაკვირვებებს NASA-ს მრავალი სხვადასხვა ობსერვატორია აწარმოებდა. მათ შორის იყო მზის შემსწავლელი ობსერვატორია, ასტეროიდთა სარტყლისკენ მიმავალი ხომალდი და ა. შ.
თუმცა, ყველაზე ახლო დაკვირვებები მარსიდან ჩატარდა, რომელსაც კომეტამ შედარებით ახლოს ჩაუარა. კონკრეტულად კი, დაკვირვებები ჩაატარა წითელი პლანეტის ორბიტაზე მოძრავმა ხომალდმა Mars Reconnaissance Orbiter-მა.
„კომეტა 3I/ATLAS-ი მზესთან ყველაზე ახლო წერტილში მაშინ მივიდა, როცა დედამიწა მზის მეორე მხარეს იმყოფებოდა. თუმცა, მარსი იმ დროს მზის იმავე მხარეს იყო და იქ მყოფმა ჩვენმა ხელსაწყოებმა კომეტაზე დაკვირვება შეძლეს. მზის იმავე მხარეს იმყოფებოდა ჩვენი სხვა რამდენიმე ხომალდიც. შესაბამისად, სამეცნიერო საზოგადოება აღფრთოვანებულია ახალი დაკვირვებებით“, — ამბობს NASA-ს პლანეტური მეცნიერი ტომ შტატლერი.
კომეტა 2025 წლის 1 ივლისს დააფიქსირა ტელესკოპთა სისტემა ATLAS-მა და მას შემდეგ, საზოგადოებისა და მეცნიერების ყურადღების ცენტრშია.

ობიექტს აქვს მთელი რიგი ისეთი მახასიათებლები, როგორიც სხვა არცერთ კომეტაში არ გვინახავს. მაგრამ სამწუხაროდ, პერიჰელიონში (მზესთან ყველაზე ახლო წერტილი მოძრაობისას), 29 ოქტომბერს, ის და დედამიწა მზის სხვადასხვა მხარეს იყვნენ მოქცეული. ამ დროს, ეს მომენტი გადამწყვეტია, რადგან კომეტის აქტივობა პიკს აღწევს, რადგან მზის სიცხე მის ყინულს აორთქლებს.
საბედნიეროდ, ადამიანები უკვე კარგად ვართ დახელოვნებული მზის სისტემის კვლევაში და რამდენიმე მისიამ შეძლო, საკუთარი ძირითადი დავალება დროებით გვერდით გადაედო და კომეტას დაკვირვებოდა. ყველაზე მეტად შთამბეჭდავი მარსიდან ჩატარებული დაკვირვებები აღმოჩნდა, რადგან კომეტა ზუსტად მარსის ორბიტის შიგნით მიდიოდა.
პერიჰელიონისას გადაღებული ფოტოები ჯერ მზად არაა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის მთავრობა იმ დროს „შათდაუნში“ იყო, NASA-ს მისიები მაინც მუშაობდნენ.

Mars Reconnaissance Orbiter-ის (MRO) გარდა, რომელმაც კომეტა ოპტიკურ ტალღის სიგრძეში გადაიღო, NASA-ს ორბიტერი MAVEN-ი კომეტას ულტრაიისფერ ტალღის სიგრძეში დააკვირდა და განსხვავებული დეტალები მოგვაწოდა 3I/ATLAS-ის ატმოსფეროსა და კუდში არსებული წყალბადის შესახებ. ამასობაში, კომეტას მარსის ზედაპირიდან აკვირდებოდა მავალი „პერსევერანსიც“.
ფოტოები გადაიღეს მზის გარშემო მოძრავმა ობსერვატორიებმა — NASA-ს PUNCH-მა, STEREO-მ და NASA-ESA-ს ერთობლივმა მისია SOHO-მ. საქმეში ასევე ჩართული იყვნენ მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის არსებული ასტეროიდთა სარტყლის შემსწავლელი მისიები, LUCY და Psyche.
ყველა სურათი ცოტა ბუნდოვანია, მაგრამ მაინც უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას გვაწვდის, რათა რაც შეიძლება მეტი შევიტყოთ ამ უცნაური კომეტის შესახებ. როგორც კომეტა, ის მართლაც უცნაურია, მაგრამ არანაირად არ არის არამიწიერი ცივილიზაციის ხომალდი, როგორც ამაზე ბევრი საუბრობდა.

„მინდა, ჭორებს შევეხო. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ამაზე ვისაუბროთ. ეს ობიექტი არის კომეტა. გამოიყურება და იქცევა კომეტის მსგავსად და ყველა მტკიცებულება მიუთითებს, რომ ის კომეტაა. თუმცა, ის მზის სისტემის გარედანაა მოსული, რის გამოც არის მომაჯადოებელი, ამაღელვებელი და მეცნიერულად ძლიერ მნიშვნელოვანი“, — ამბობს NASA-ს ასოცირებული ადმინისტრატორი ემიტ კშატრია.
კომეტურ იდენტობას მხარს უჭერს ასტროფოტოგრაფ სატორუ მურატას მიერ 16 ნოემბერს ნიუ-მექსიკოდან გადაღებული ფოტოც, რომელიც მან Facebook-ზე გამოაქვეყნა. სურათზე ჩანს გრძელი, თვალშისაცემი კუდი და მომწვანო კომა — ეს ყველაფერი შეესაბამება ბუნებრივ წარმომავლობას.

3I/ATLAS-ი ჯერ კვლავ მზის სისტემაში რჩება. დედამიწას ყველაზე ახლო წერტილში ის 19 დეკემბერს მოუახლოვდება. ნამდვილად კარგი შანსია დედამიწაზე განთავსებული ტელესკოპებისთვის.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.