პლანეტა Y — მზის სისტემის გარე ნაწილში, უფრო ახლოს, ვიდრე ე. წ. მეცხრე პლანეტა, შეიძლება იმალებოდეს დედამიწის ზომის პლანეტა #1tvმეცნიერება

15:08, 21.10.2025

მზის სისტემის გარე ნაწილში ახლახან აღმოჩენილი გამრუდება შეიძლება წარმოქმნილი იყოს პატარა, კლდოვანი პლანეტის მიერ, რომელიც მზესთან იმაზე გაცილებით ახლოს უნდა იყოს, ვიდრე ჰიპოთეტური მეცხრე პლანეტა.

კოიპერის სარტყლის სიბრტყის ახალი გაზომვების თანახმად, მოულოდნელი, 15-გრადუსიანი დახრილობა სარტყლის ზოგიერთი ობიექტის ორბიტულ განლაგებაში, შეიძლება გამოწვეული იყოს პლანეტის გავლენით. კოიპერის სარტყელი არის ყინულოვან ობიექტთა ვრცელი რეგიონი ნეპტუნს გადაღმა.

„ერთი ახსნაა უხილავი პლანეტის არსებობა, რომელიც სავარაუდოდ დედამიწაზე პატარა, მაგრამ მერკურიზე დიდია და მზის სისტემის გარე ნაწილში მოძრაობს. ეს კვლევა არ წარმოადგენს პლანეტის აღმოჩენას, არამედ არის აღმოჩენა თავსატეხისა, რომლის სავარაუდო ამოხსნაც პლანეტაა“, — ამბობს პრინსტონის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ამირ სირაჯი.

სინამდვილეში, ნეპტუნის ორბიტის გადაღმა ობიექტების დანახვა ძალიან რთულია. მზისგან ასე შორს, გაბრტყელებულ, დონატის ფორმის კოიპერის სარტყელში მდებარე ობიექტები ძლიერ ცოტა მზის სინათლეს ირეკლავენ; ამავე დროს, ისინი უკიდურესად ცივებია და შესაბამისად, არც თერმულ (ინფრაწითელ) რადიაციას გამოყოფენ.

დაახლოებით ვიცით, რა არის იქ, მაგრამ კონკრეტულობა უფრო ბუნდოვანია. თუკი პლუტონის ორბიტის გადაღმა, დაახლოებით 40 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე პლანეტები მოძრაობს, მათი პოვნა ადვილი არ იქნება. ნებისმიერი ასეთი პლანეტა ძლიერ პატარა და ბნელი იქნება და თუკი არ ვიცით, ცის ზუსტად რომელ მონაკვეთში მოძრაობს ნებისმიერ მოცემულ მომენტში, მათი დაფიქსირების შანსი არ გვაქვს.

თუმცა, იმედი ბოლომდე დაკარგული არ არის. ნეპტუნი 1846 წელს აღმოაჩინეს მას შემდეგ, რაც ასტრონომებმა მისი მდებარეობა ურანის ორბიტის თავისებურებების საფუძველზე დაადგინეს. პლუტონი 1930 წელს აღმოაჩინეს მას შემდეგ, რაც ასტრონომებმა ნეპტუნისა და ურანის ორბიტების უცნაურობათა საფუძველზე გამოთვალეს მისი ადგილმდებარეობა. ორბიტული მდებარეობის დადგენა ძალიან ბევრ დროს მოითხოვს.

ჩვენი ტექნოლოგიების გაუმჯობესებასთან ერთად, უმჯობესდება კოიპერის სარტყლის დეტალური აღწერის შესაძლებლობებიც; მეცნიერთა აზრით, კოიპერის სარტყელი 30-დან 50 ასტრონომიულ ერთეულამდე მანძილზეა გადაჭიმული. და თუკი იქ რაიმე უხილავი პლანეტაა, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში იმალებოდა, ნებისმიერი უცნაურობა კოიპერის სარტყელში, შეიძლება მისი არსებობის მანიშნებელი იყოს.

სირაჯმა და მისმა კოლეგებმა, პრინსტონის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსებმა, კრისტოფერ ჩიბამ და სკოტ ტრემიანემ, კოიპერის სარტყლის სიბრტყის გამოსათვლელად გამოიგონეს ახალი მეთოდი, რომელიც გამორიცხავს დაკვირვებითი მიკერძოების ეფექტებს.

შემდეგ ეს მეთოდი მოარგეს 154 ობიექტს ნეპტუნის ორბიტის გადაღმა, რომელთა დიდი ნახევარღერძები 50 – 400 ასტრონომიულ ერთეულს შორისაა — ძირითადად ობიექტები კოიპერის სარტყლის გარე კიდესა და „განცალკევებულ“ ობიექტებს შორის, რომელთა ორბიტებზეც გავლენას ვერ ახდენს ნეპტუნი.

მკვლევართა აზრით, თუკი ახლომახლოს არცერთი პლანეტა არ არის, ყველა ეს ობიექტი მეტ-ნაკლებად ბრტყელ ორბიტაზე უნდა მოძრაობდეს. მართლაც, ამას მიაგნეს 50 – 80 ასტრონომიულ ერთეულებს შორის მდებარე ობიექტების შემთხვევაში და შემდეგ, 200 – 400 ასტრონომიულ ერთეულებს შორის მდებარე ობიექტებისთვის.

ამ ორ პოპულაციას შორის, მზისგან 80 – 200 ასტრონომიულ ერთეულებს შორის მანძილზე, სირაჯმა და მისმა კოლეგებმა იპოვეს მზის სისტემის სიბრტყესთან მიმართებაში 15-გრადუსიანი დახრილობის მტკიცებულება 96 – 98-პროცენტიანი სანდოობის დონით. შემდეგი სიმულაციები ასევე მიუთითებდა 2 – 4 პროცენტიან შანსს იმისა, რომ დაფიქსირებული დახრილობა იყოს ცრუ დადებითი.

ახლა, ამ ტიპის დეფორმაცია ბუნებრივად გაბრტყელდებოდა შედარებით მოკლე დროში — დაახლოებით 100 მილიონ წელიწადში — თუკი იქ რაღაც არ იქნებოდა, რომელიც იქაურობას ურევს. ამიტომ, მკვლევრებმა გაუშვეს N-სხეულის სიმულაციები, რათა ენახათ, გაიმეორებდა თუ არა ისინი ამ ეფექტს.

დაკვირვებებთან ყველაზე ახლოს იყო სიმულაცია მზის სისტემისა, რომელშიც არსებობს პატარა პლანეტა, მერკურისა და დედამიწის ზომებს შორის, რომელიც მზის სისტემის გარე ნაწილში მოძრაობს, 80 – 200 ასტრონომიულ ერთეულებს შორის მანძილზე, 10-გრადუსიანი დახრილობით.

ან ჰიპოთეტურ პლანეტას მკვლევრებმა „პლანეტა Y“ უწოდეს.

რა თქმა უნდა, დადასტურებული ჯერ არაფერია, მაგრამ კვლევის შედეგები ასტრონომებს სთავაზობს შემდეგი კვლევების საფუძველს.

ამას გარდა, ჯერჯერობით ასევე ვერ ხერხდება ე. წ. მეცხრე პლანეტის პოვნაც, რომელიც ზოგიერთი ასტრონომის აზრით, მზის გარშემო დაახლოებით 400 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე უნდა მოძრაობდეს. მზის სისტემის გარე ნაწილი შეიძლება ნამდვილი საგანძური იყოს მომავალი პლანეტებზე მონადირეებისთვის.

კვლევა Monthly Notices of the Royal Astronomical Society Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი