მზის სისტემა იმაზე გაცილებით სწრაფად მოძრაობს, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა — #1tvმეცნიერება

15:17, 24.11.2025

მზის სისტემა გალაქტიკის ცენტრის გარშემო 792 000 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს და ერთი შემოვლისთვის 225 მილიონი წელიწადი სჭირდება. ამავე დროს, ირმის ნახტომი, როგორც ერთი, მთლიანი ობიექტი, საათში 2,1 მილიონი კილომეტრის სიჩქარით გადაადგილდება.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ვარსკვლავი სამყაროში თავის გზას ნელა სულაც არ გადის, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ რადიოგალაქტიკებზე ჩატარებული ანალიზი მიუთითებს, რომ ჩვენ შეიძლება კოსმოსში იმაზე გაცილებით სწრაფად ვმოძრაობდეთ, ვიდრე აქამდე გვეგონა.

მკვლევართა განცხადებით, მხოლოდ ეს ფაქტი ისედაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავე დროს, აქვს „ღრმა კოსმოლოგიური შედეგებიც“; მიუთითებს ნაკლოვანებებზე სამყაროს ჩვენს ამჟამინდელ გაგებაში ისე, რომ პოტენციურად ეჭვქვეშ აყენებს იმ დიდი ხნის პრინციპს, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩვენს პოზიცია კოსმოსში, არც ისე განსაკუთრებულია.

„ჩვენი ანალიზები აჩვენებს, რომ მზის სისტემა იმაზე სამჯერ სწრაფად მოძრაობს, ვიდრე ამჟამინდელი მოდელები პროგნოზირებს. შედეგები აშკარად ეწინააღმდეგება სტანდარტულ კოსმოლოგიაზე დაფუძნებულ მოლოდინებს და გვაიძულებს, გადავხედოთ წინა ვარაუდებს“, — ამბობს კვლევის ავტორი, გერმანიის ბილეფელდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ლუკას ბომე.

ბომე და მისი კოლეგები ამ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც დედამიწიდან დანახული რადიოგალაქტიკების გადანაწილება შეისწავლეს. რადიოგალაქტიკებს ეს სახელი მძლავრი რადიოტალღების გამოყოფის გამო ეწოდებათ — ელექტრომაგნიტური რადიაციის ტიპის, რომელსაც დაბალი სიხშირეები და გრძელი ტალღის სიგრძეები აქვთ.

რადიოტალღები გადიან იმ მტვერსა და გაზში, რომლებიც ხილულ სინათლეს ბლოკავენ; შესაბამისად, მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდიან იმ შორეულ გალაქტიკათა შესახებ, რომლებსაც ვერ ვხედავთ. რადიოტელესკოპების გამოყენებით, ასტრონომებს შეუძლიათ, შეისწავლონ ამ გალაქტიკებისთვისაა დამახასიათებელი რადიოგამოსხივების ვრცელი, ნახევარსფეროს ფორმის რეგიონები.

როცა ასეთი შორეული მონაცემთა წყაროები საკმარისი რაოდენობისაა, ასევე შესაძლებელია კოსმოსში ჩვენი მოძრაობის შედეგად წარმოქმნილი სუსტი გადახრის აღმოჩენა, რომელიც ცნობილია როგორც წყაროს დათვლის დიპოლი; ამის შედეგად, ჩვენი მოძრაობის მიმართულებით რამდენიმეთი მეტი რადიოგალაქტიკა ჩნდება, ვიდრე უკან.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ეფექტი ოდნავია, საჭიროებს ძლიერ მგრძნობიარე ინსტრუმენტებს.

სამი რადიოტელესკოპის მონაცემთა წყალობით, ახალი კვლევა გვთავაზობს რადიოგალაქტიკების ზუსტ აღწერას; მათ შორის იყო დღემდე ყველაზე ღრმა ფართომასშტაბიანი რადიო კვლევა, რომელიც ევროპაში არსებული რადიოტელესკოპების ქსელით, LOFAR-ით ჩაატარეს.

მკვლევრებმა ასევე გამოიყენეს ახალი სტატისტიკური მიდგომა, რათა გაეთვალისწინებინათ რადიოგალაქტიკების მრავალი კომპონენტი; როგორც ჩანს, მათი კომპლექსურობა საკვანძო ფაქტორია ე. წ. კოსმოსური რადიო დიპოლის ზუსტად გასაზომად.

სამივე ტელესკოპის მონაცემთა კომბინირებით, მკვლევრებმა რადიოგალაქტიკების ხილულ გადანაწილებაში აღმოაჩინეს ცვალებადობის მოულოდნელი ხარისხი.

მათ მიერ დაფიქსირებული დიპოლი 3,7-ჯერ უფრო გამოკვეთილი იყო, ვიდრე ამას სამყაროს სტანდარტული მოდელი პროგნოზირებს. შეუსაბამობა ხუთ სიგმას აღემატებოდა — სტატისტიკური მაჩვენებელი, რომელიც მაღალ მნიშვნელობაზე მიუთითებს.

სტანდარტული მოდელი ცდილობს, ახსნას სამყაროს ისტორია დიდი აფეთქებიდან დღემდე; მოიცავს ფუნდამენტურ დაშვებებს, რომელსაც კოსმოსურ პრინციპს უწოდებენ და რომელიც ბრძანებს, რომ მატერია ერთგვაროვნად და ჰომოგენურად არის გადანაწილებული, როცა საკმარისად დიდი მასშტაბით ვუყურებთ.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი ადგილი სამყაროში მეტ-ნაკლებად ერთი და იგივე უნდა იყოს, არ გვთავაზობს უნიკალურ პერსპექტივას.

მკვლევრები აცნობიერებენ, რომ ახალი კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია ერთზე მეტი გზით შეიძლება, მაგრამ ამის მიუხედავად, მამხილებლად გამოიყურება.

„თუ ჩვენი მზის სისტემა მართლაც ასე ჩქარა მოძრაობს, საჭიროა, კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ ფუნდამენტური ვარაუდები სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის შესახებ. ალტერნატიულად, რადიოგალაქტიკების განაწილება შესაძლოა იმაზე ნაკლებად ერთგვაროვანი იყოს, ვიდრე ჩვენ გვეგონა. ორივე შემთხვევაში, ჩვენი ამჟამინდელი მოდელები გამოცდას გადის“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, ბილეფელდის უნივერსიტეტის კოსმოლოგი დომინიკ შვარცი.

კვლევა Physical Review Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია aktuell.uni-bielefeld.de-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი