
თუკი ჩვენი მზის სისტემა სტაბილური გვეჩვენება, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ცოტა ხანს ვცოცხლობთ. დედამიწა ბრუნავს, დღეს ღამე მოსდევს, მთვარე ამოდის და ჩადის, მზე ცაშია გამოკიდებული.
თუმცა, სინამდვილეში, ყველაფერი მოძრაობს და ერთმანეთზე ზემოქმედებს; ჩვენ მიერ აღქმული სუფთა ბალანსი ძლიერ ადვილად მოშლადია. გამოიწვიეს თუ არა ჩამვლელმა ვარსკვლავებმა დედამიწის ორბიტის შეცვლა და დრამატული ცვლილებები ჩვენი პლანეტის წარსულში?
ვარსკვლავის ჩავლას უწოდებენ მოვლენას, როცა მზის სისტემასთან სხვა ვარსკვლავი იმდენად ახლოს ჩაივლის, რომ გარკვეულ დარღვევებს იწვევს. ირმის ნახტომში ჩვენი სამეზობლო შედარებით მეჩხრად „დასახლებულია“ და შესაბამისად, ვარსკვლავთა ჩავლები უფრო იშვიათია, ვიდრე გალაქტიკის სხვა ნაწილებში. თუმცა, ასეთი მოვლენები მაინც ხდება.
ალბათ ყველაზე ცნობილი იყო შოლცის ვარსკვლავი. დაახლოებით 70 000 წლის წინ, მან ოორტის ღრუბელში გაიარა — მზის სისტემის უკიდურესად გარე გარსში, რომელიც სავსეა კომეტებითა და სხვა ყინულოვანი სხეულებით.
ამ ვარსკვლავმა იქ შეიძლება ზოგიერთ კომეტას მარშრუტი აურია, მაგრამ თუ ასეა, ჩვენ ამას მხოლოდ რამდენიმე მილიონ წელიწადში გავიგებთ. სწორედ ამდენი ხანი სჭირდება კომეტას იქიდან მზის სისტემის შიდა ნაწილამდე მოსასვლელად.
შოლცის ვარსკვლავი წარმოაჩენს ვარსკვლავური ჩავლების რისკს. მეცნიერებს აინტერესებდათ, შეცვალეს თუ არა ასეთმა ჩავლებმა დედამიწის კლიმატი პლანეტის ორბიტის შეცვლით.
სწორედ ეს საკითხი შეისწავლეს ჰავაისა და იელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში.
„ჩამვლელ ვარსკვლავებს (ე. წ. ვარსკვლავური გადაფრენა) გამორჩეული ეფექტები აქვთ მზის სისტემის დინამიკის გრძელვადიან ევოლუციაზე; ოორტის ღრუბლის კომეტები მზის სისტემის შიდა ნაწილში შემოაქვთ, ცვლიან ნეპტუნსგადაღმა ობიექტთა მახასიათებლებს და ა. შ.“, — წერენ მკვლევრები.
მათი განცხადებით, მზის სისტემის გამარტივებულ მოდელზე დაყრდნობით, ბოლო დროს გაჩნდა მინიშნებები, რომ ჩამვლელი ვარსკვლავები ასევე იყვნენ პალეოკლიმატის მნიშვნელოვანი წარმმართველები 50 მილიონი წლის წინ, მათ შორის კი იყო კლიმატური მოვლენა, რომელსაც პალეოცენ-ეოცენის თერმულ მაქსიმუმს უწოდებენ (მოხდა დაახლოებით 56 მილიონი წლის წინ).
პალეოცენ-ეოცენის თერმულ მაქსიმუმში გლობალურმა ტემპერატურამ 5–8 °C-ით მოიმატა და მოხდა ნახშირბადის მასიური შედინება ატმოსფეროსა და ოკეანეებში. ტემპერატურის აწევას 10 000 – 20 000 წელიწადი დასჭირდა და ეს დაახლოებით 100 000 – 200 000 წელიწადს გაგრძელდა.
მასიური იყო მისი ეფექტი ბიოსფეროზე. გადაშენდა წყლის მრავალი ორგანიზმი, ტროპიკული და სუბტროპიკული რეგიონები პოლუსების მიმართულებით განივრცო, გამოჩნდნენ პრიმატები და სხვა ძუძუმწოვრები.
მიზეზი ჯერ კიდევ დებატების საგანია და არსებობს რამდენიმე ჰიპოთეზა. მათ შორისაა ვულკანური ამოფრქვევები, კომეტის დაცემა, მეთანის კლატერატების გამოყოფა და ორბიტული ცვლილება.
მკვლევართა მოსაზრებით, გიგანტური პლანეტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ვარსკვლავური ჩავლებისას. როდესაც მოხეტიალე ვარსკვლავი ჩაივლის, გიგანტურ პლანეტათა გრავიტაციულ ველებს ჩავლის ეფექტის გაძლიერება შეუძლიათ, შემდეგ კი უფრო პატარა პლანეტათა ორბიტებს ცვლიან.
იმის დასადგენად, შეიძლება თუ არა, რომ პალეოცენ-ეოცენის თერმული მაქსიმუმისა და სხვა კლიმატური მოვლენების გამომწვევი ვარსკვლავური ჩავლები იყოს, მკვლევრებმა მზის სისტემის მოწინავე მოდელი და შემთხვევითი ვარსკვლავური პარამეტრები გამოიყენეს 400 სიმულაციაში. ვარსკვლავური ჩავლების სრული რაოდენობა 1800 აღმოჩნდა.
ამავე საკითხზე მომუშავე სხვა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ვარსკვლავურ ჩავლებს მართლაც შეეძლოთ დედამიწის პალეოკლიმატის შეცვლა.
„წარმოგიდგენთ სიმულაციებს, რომლებშიც ასევე შედის მზის ახლომდებარე ვარსკვლავური პოპულაცია და დავადგინეთ, რომ ახლოს ჩამავალი ვარსკვლავები ცვლიან მთელი ჩვენი პლანეტური სისტემის ორბიტულ ევოლუციას იმით, რომ გრავიტაციულად არყევენ გიგანტურ პლანეტებს“, — წერენ მკვლევრები.
მათივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ათეულობით მილიონი წელიწადია საჭირო, რათა ჩამვლელი ვარსკვლავის ეფექტები მნიშვნელოვნად გამოიხატოს, დედამიწისა და დანარჩენი პლანეტების გრძელვადიანი ორბიტული ევოლუცია დაკავშირებულია ასეთ ვარსკვლავებთან.
თუმცა, ახალი კვლევის ავტორები სხვანაირ დასკვნამდე მივიდნენ.
„წინა კვლევისგან განსხვავებით, ჩვენ დავადგინეთ, რომ პალეოკლიმატის რეკონსტრუქციებში, ბოლო 56 მილიონი წლის განმავლობაში არ ფიქსირდება ჩამვლელი ვარსკვლავის ეფექტი“.
განსხვავებული შედეგების ერთ-ერთი მიზეზი გამოყენებული მოდელების სისრულეა. მაგალითად, მზის სისტემის ზოგიერთ მოდელში მთვარე არაა შეტანილი.
„მზის სისტემის მოწინავე მოდელების გაშვება, რომელშიც შედის ყველა ცნობილი მეორადი ეფექტი, კომპიუტერულად ძვირია. შედეგად, გრძელვადიანი კვლევები, მილიონობით წელიწადის მასშტაბზე გათვლილი, ეფუძნება მზის სისტემის გამარტივებულ მოდელებს ან მხოლოდ გარე პლანეტებს“, — წერენ მკვლევრები.
მზის სისტემის უფრო სრულყოფილი მოდელის გამოყენებით, ახალი კვლევის ავტორებმა აჩვენეს, რომ ვარსკვლავური ჩავლები არ უნდა იყოს დაკავშირებული დედამიწის დრამატულ პალეოკლიმატურ ცვლილებებთან, როგორიცაა თუნდაც პალეოცენ-ეოცენის თერმული მაქსიმუმი. მკვლევართა განცხადებით, მთვარეს მასტაბილიზებელი ეფექტი აქვს და მოდელები, რომლებშიც მთვარე არ შედის, საეჭვო შედეგებს იძლევა.
„ამისგან განსხვავებით, მზის სისტემის მოწინავე მოდელის გამოყენებით, რომელშიც შედის მთვარის წვლილი, J2 (მთვარის და მზის კვადროპოლური მომენტი) და შემთხვევითი ვარსკვლავური პარამეტრები, არ გამოვლინდა ჩამვლელი ვარსკვლავის რაიმე ეფექტი პალეოკლიმატის რეკონსტრუქციებზე გასული 56 მილიონი წლის განმავლობაში. გავლენა უკიდურესად ახლო ჩავლებსაც კი არ ჰქონია“, — წერენ კვლევის ავტორები.
წარსულში მზის სისტემასთან სიახლოვეს ძალიან ბევრ ვარსკვლავს ჩაუვლია და მომავალშიც ბევრი ჩაივლის.
1,29 მილიონი წლის შემდეგ, მზეს 0.1663 სინათლის წლის მანძილზე (იგივე 10 520 ასტრონომიული ერთეული) მოუახლოვდება ნარინჯისფერი ჯუჯა ვარსკვლავი Gliese 710. არსებობს 86-პროცენტიანი შანსი, რომ მან ოორტის ღრუბელში გაიაროს. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ამ შემთხვევაში, ის მზის სისტემის შიდა ნაწილისკენ კომეტების მთელ გროვებს გადმოისვრის. შეუძლია თუ არა ამ ჩავლას დედამიწის კლიმატის დრამატულად შეცვლა?
ბევრი გაურკვევლობაა და ამიტომ, წარსულისა და მომავლის ვარსკვლავური ჩავლების და დედამიწის კლიმატზე მათი ეფექტების შესწავლა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დეტალურია ჩვენი სამეცნიერო მოდელები.
კვლევა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.