აღმოჩენილია შავი ხვრელი, რომელმაც ნეიტრონული ვარსკვლავი გადაყლაპა - პირველად ისტორიაში
აღმოჩენილია შავი ხვრელი, რომელმაც ნეიტრონული ვარსკვლავი გადაყლაპა - პირველად ისტორიაში

მეცნიერთა განცხადებით, პირველად ისტორიაში, აღმოჩენილია შავი ხვრელი, რომელიც ნეიტრონულ ვარსკვლავს ჭამს.

ნეიტრონული ვარსკვლავები და შავი ხვრელები მკვდარ ვარსკვლავთა წარმოუდგენლად მკვრივი ნარჩენებია.

2019 წლის 14 აგვისტოს, აშშ-სა და იტალიაში განთავსებულმა გრავიტაციული ტალღების აღმომჩენმა ხელსაწყოებმა დააფიქსირეს სივრცე-დროის ჭავლები, რომლებიც დედამიწიდან 8550 მილიონი ტრილიონი კილომეტრის მანძილზე მომხდარი კატაკლიზმური მოვლენის შედეგადაა წარმოქმნილი.

ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორის, სუსან სკოტის განცხადებით, დაახლოებით 900 მილიონი წლის წინ, ამ შავმა ხვრელმა ძალიან მკვრივი ნეიტრონული ვარსკვლავი გადაყლაპა.

ტალღების დაფიქსირების შემდეგ, ავსტრალიის ეროვნულმა უნივერსიტეტმა ცის იმ სავარაუდო რეგიონისკენ, სადაც ეს მოვლენა უნდა მომხდარიყო, საკუთარი ტელესკოპი SkyMapper-ი მიმართა, მაგრამ სკანირებამ რაიმე ვიზუალური მტკიცებულება ვერ იპოვა.

მეცნიერები მონაცემებს ჯერ კიდევ ამუშავებენ, რათა დაადგინონ ამ ორი ობიექტის ზუსტი ზომები; როგორც პირველადი შედეგები მიუთითებს, შავმა ხვრელმა ნეიტრონული ვარსკვლავი მთლიანად გადაყლაპა. საბოლოო შედეგები სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნდება.

სკოტის განცხადებით, მეცნიერებს არასოდეს აღმოუჩენიათ მზის მასაზე ხუთჯერ ნაკლებზე პატარა შავი ხვრელი და მზის მასაზე 2,5-ჯერ მეტი მასის მქონე ნეიტრონული ვარსკვლავი.

მეცნიერთა განცხადებით, არსებობს იმის მცირე ალბათობაც, რომ გადაყლაპული ობიექტი ძალიან მსუბუქი შავი ხვრელი იყო, ყველაზე მსუბუქი ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის.

მომზადებულია edu.au-ს მიხედვით.

დატოვე კომენტარი