შავი ხვრელების ზომების შედარება - ვიდეო, რომლის აღქმაც თქვენს გონებას უჭირს
შავი ხვრელების ზომების შედარება - ვიდეო, რომლის აღქმაც თქვენს გონებას უჭირს

შავი ხვრელები ვრცელი, მატერიის მშთანმთქმელი ობიექტებია, რომლებიც თავიანთი არსებობით ხშირად ფიზიკის კანონებსაც კი ეჭვქვეშ აყენებენ. ისინი იმდენად უცნაური და იდუმალია, რომ პირველად, როცა ამ მონსტრების არსებობა ალბერტ აინშტაინის განტოლებამ იწინასწარმეტყველა, ფიზიკოსს არც კი სჯეროდა, რომ მათი რეალურად არსებობა შესაძლებელი იყო.

აინშტაინი დამნაშავე არც ყოფილა, რადგან დრო-სივრცის სინგულარობის ეს იდეა, რომელიც გულისხმობს შავი ხვრელის მიერ ირგვლივ არსებული ყველანაირი მატერიის შთანთქმას, საკმაოდ ძნელად აღსაქმელია.

შავი ხვრელები იმდენად მასიურია, რომ ხშირად შოკში აგდებს მათ შესახებ საკმაოდ ბევრი რამის მცოდნე ადამიანებსაც კი.

გთავაზობთ YouTube-ის მომხმარებელ morn1415-ის მიერ შექმნილ შთამბეჭდავ ვიდეოს შავ ხვრელთა ზომების შესახებ. ეს მომხმარებელი ინტერნეტში საკმაოდ ცნობილია სამყაროს სხვადასხვა ობიექტთა ზომების შედარების შესახებ დამზადებული ვიდეოებით.

ვიდეო ცოტა არ იყოს დრამატულად იწყება, მაგრამ როდესაც ვიზუალური შედარებები გამოჩნდება, აღმოაჩენთ, რომ თქვენი გონება ამისთვის მოუმზადებელია, თითქოს ვერც სწვდებით!

პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ ნებისმიერი მატერია შეიძლება გახდეს შავი ხვრელი, თუკი მას შვარცშილდის რადიუსამდე შევკუმშავთ.

მაგალითად, იმისათვის, რათა ჩვენი მზე შავ ხვრელად იქცეს, საჭიროა ის პატარა ქალაქის ზომამდე შევკუმშოთ.


რაც შეეხება დედამიწას, თუკი ჩვენს პლანეტას მიწის თხილის ზომამდე შევკუმშავთ, ისიც შავი ხვრელი გახდება.

მართლაც საოცარია, არა? წარმოიდგინეთ, რამდენად მასიურია ჩვენთვის ცნობილი შავი ხვრელები, მაგალითად, XTE J1650-500, რომელიც დაახლოებით მანჰეტენის ზომისაა, მაგრამ აქვს 3-4 ჩვენი მზის მასა.

შთამბეჭდავია, მაგრამ ის ჩვენთვის ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე პატარა შავი ხვრელია.

არსებობს საშუალო ზომის უფრო მასიური შავი ხვრელებიც, მაგალითად, M82 X-1, რომელიც მარსის ზომისაა, მაგრამ აქვს 1000 მზის მასა.

ამის შემდეგ მოდის სუპერმასიური შავი ხვრელები, რომლებიც მოთავსებულია თითქმის ყველა დიდი გალაქტიკის ცენტრში.

ასეთი შავი ხვრელი ჩვენი გალაქტიკის ცენტრშიცაა, მას მშვილდოსანი A*-ს უწოდებენ და აქვს დაახლოებით 4,3 მილიონ მზის მასა.

სხვა გალაქტიკაში, ჩვენთვის ცნობილ ერთ-ერთ ასეთ სუპერმასიურ შავ ხვრელს 20 მილიარდი მზის მასა აქვს. ალბათ მასზე ფიქრიც კი ძნელია, გონებას უბრალოდ, აღქმა უჭირს.

უყურეთ ვიდეოს და დატკბით. სცადეთ, წარმოიდგინეთ რამდენად მასიურია შავი ხვრელები.

დატოვე კომენტარი