ჩვენს კოსმოსურ სამეზობლოში ვარსკვლავური მასის მოზრდილი შავი ხვრელი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ჩვენს კოსმოსურ სამეზობლოში ვარსკვლავური მასის მოზრდილი შავი ხვრელი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

დანამდვილებით არასოდეს იცი, რა შეიძლება იპოვო უკანა ეზოში, განსაკუთრებით მაშინ, თუ ყველაფერი შენგან დამალვას ცდილობს.

მზის სისტემიდან 1924 სინათლის წლის მანძილზე, არწივის თანავარსკვლავედის მიმართულებით, ასტრონომებმა შავი ხვრელი აღმოაჩინეს.

თანაც, ის რიგითი შავი ხვრელი არ არის. მას გაია BH3 ან უბრალოდ BH3 უწოდეს და წარმოადგენს ყველაზე მასიურ ვარსკვლავურ შავ ხვრელს ირმის ნახტომში აღმოჩენილთა შორის — აქვს მზეზე 33-ჯერ მეტი მასა.

ამავე დროს, ის ჩვენთან მეორე ყველაზე უახლოესი შავი ხვრელია. მის თავს არაფერი განსაკუთრებული ხდება, უბრალოდ, თავის საქმეშია მშვიდად გართული. ერთადერთი მიზეზი, რითაც მისი არსებობის შესახებ შევიტყვეთ, არის ბინარული (წყვილური) ორბიტა კომპანიონ ვარსკვლავთან, რომლის მოძრაობაც სხვაგვარად უბრალოდ არ აიხსნება.

უფრო ნათელი რომ იყოს, გეტყვით, რომ BH3 ჩვენთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. შავი ხვრელის გრავიტაციული ველი იმავე მასის ვარსკვლავისაზე მეტი არ არის. თუმცა, ვინაიდან ის ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხომალდ „გაიას“ მონაცემებში აღმოჩენილი მესამე მიძინებული შავი ხვრელია, აჩენს კითხვებს იმის შესახებ, თუ რამდენი ასეთი მონსტრი შეიძლება იმალებოდეს გალაქტიკაში.

„არავინ ელოდა, თუ ჩვენს სიახლოვეს ასეთი მაღალი მასის შავი ხვრელი იქნებოდა დამალული. ისეთი აღმოჩენაა, ცხოვრებაში რომ შეიძლება მხოლოდ ერთხელ შეესწრო“, — ამბობს კვლევის ავტორი, საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის ასტრონომი პასკუალ პანუზო.

შავი ხვრელები მასის მიხედვით იყოფა სხვადასხვა კატეგორიებად. არსებობს სუპერმასიური შავი ხვრელები, რომელთა მასაც ჩვენი მზისას მილიონობით და მილიარდობით აღემატება; ისინი ძირითადად გალაქტიკათა ცენტრში გვხვდება. ჯერ დაზუსტებით არ ვიცით, როგორ წარმოიქმნებიან.

პატარა, ვარსკვლავური მასის შავი ხვრელები მასიურ ვარსკვლავთა სუპერნოვად აფეთქების შემდეგ, მათი ბირთვის კოლაფსის შედეგად ჩნდებიან. მათი მასა შეიძლება 65 მზის მასამდე აღწევდეს (შეჯახებათა შედეგად შეიძლება წარმოიქმნას უფრო დიდებიც).

მკვლევართა შეფასებით, ირმის ნახტომში 100 მილიონამდე ვარსკვლავური მასის შავი ხვრელი უნდა არსებობდეს, მაგრამ მათი დაფიქსირება არც ისე ადვილია, რადგან შავი ხვრელები არანაირ სინათლეს არ გამოყოფენ.

როდესაც რომელიმე ასეთი შავი ხვრელი ჩამვლელი ან კომპანიონი ვარსკვლავის მატერიას შთანთქავს, შეიძლება შემთხვევით შევნიშნოთ ამ დროს წარმოქმნილი ნათება, რადგან ამ პროცესის დროს დიდი ოდენობით სიცხე წარმოიქმნება. სხვა მხრივ, ისინი უბრალოდ მიძინებულები და უხილავები არიან. ამ დრომდე აღმოჩენილია მხოლოდ 20 ასეთი შავი ხვრელი, კიდევ რამდენიმე კი კანდიდატთა სიაშია.

არსებობს მიძინებული ვარსკვლავური მასის შავ ხვრელთა დაფიქსირების რამდენიმე გზა; ერთ-ერთი ასეთი გზა მოითხოვს არა თავად შავ ხვრელს, არამედ ვარსკვლავს მის კომპანიონ ორბიტაზე, თანაც საკმარისად ახლოს, რათა ის გრავიტაციულად იყოს შეკრული შავ ხვრელთან მაგრამ არც ისე ახლოს, რომ შთანთქას. ასეთი ვარსკვლავები სივრცეში უცნაურად მოძრაობენ და მიუთითებენ რაღაც ისეთთან საერთო ორბიტაზე, რომელსაც ვერ ვხედავთ.

სწორედ აქ ჩაერთო საქმეში ტელესკოპი გაია. ეს ხომალდი მზის გარშემო დედამიწასთან საერთო ორბიტაზე 2013 წლიდან მოძრაობს. მაღალი სიზუსტით აკეთებს ირმის ნახტომის ვარსკვლავთა პოზიციებისა და მოძრაობების სამგანზომილებიან რუკას. რაც უფრო დიდხანს უყურებს ვარსკვლავებს, მით უფრო ზუსტია მისი გაზომვები.

გაიას მონაცემთა მეოთხე პაკეტს 2025 წლის ბოლომდე ელოდებიან, მაგრამ იქამდე, მონაცემთა შემოწმებისას BH3-ის აღმოჩენა ასტრონომთათვის ძლიერ ამაღელვებელი იყო.

„გაიას მომავალი მონაცემების პირველადი შემოწმებისას, ამ გამორჩეული კვლევის ჩატარება გადავწყვიტეთ იმიტომ, რომ ამ აღმოჩენის ბუნება უნიკალურია“, — ამბობს საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის ასტრონომი ელიზაბეტა კაფო.

ირკვევა, რომ ამ სისტემაში ორი ობიექტი ერთმანეთისგან იმაზე 16-ჯერ მეტადაა დაშორებული, ვიდრე დედამიწა მზისგან. ერთმანეთის გარშემო ერთი შემოვლისთვის მათ 11,6 წელიწადი სჭირდებათ. შავ ხვრელს დაახლოებით 32,7 მზის მასა აქვს.

სისტემაში შემავალი ვარსკვლავი პატარაა, აქვს მზის მასის დაახლოებით 76 პროცენტი, მაგრამ ზომით მასზე ხუთჯერ დიდია. ძალიან მწირად შეიცავს მძიმე ელემენტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის საკმაოდ ხნიერია, რადგან ასეთი ელემენტები ვარსკვლავებში იქამდე არ გვხვდება, ვიდრე წინა თაობის ვარსკვლავები აფეთქდებიან და ამ ელემენტებს კოსმოსში მიმოფანტავენ. სწორედ ამის შემდეგ ხვდება ისინი შემდეგი თაობის, ახლად დაბადებულ ვარსკვლავებში.

ამას გარდა, ამ ვარსკვლავს არ აღენიშნება რაიმე სახის დაბინძურება შავი ხვრელის წინამორბედი ვარსკვლავის სუპერნოვად აფეთქების შედეგად გატყორცნილი მასალებით. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ეს ორი სხეული ერთმანეთის გარშემო ორბიტაზე მას შემდეგ მოხვდა, როცა შავი ხვრელი უკვე წარმოქმნილი იყო.

საკმარისად დიდი ვარსკვლავები დაახლოებით 33 მზის მასის მქონე შავ ხვრელებს წარმოქმნიან, რაც ცოტა რთული ასახსნელია. თუმცა, როგორც მოდელები მიუთითებს, ამის მიღწევა შესაძლებელია, თუკი წინამორბედ ვარსკვლავს დაბალი ლითონშემცველობა აქვს.

იმედია, აღმოჩენა წარმოადგენს მხოლოდ იმის მცირე, წინასწარ ნაწილს, რაც მომავალში გველოდება. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ გაიას მონაცემთა მეოთხე პაკეტში კიდევ უფრო მეტ შავ ხვრელს იპოვიან.

კვლევა Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.