აღმოჩენილია დედამიწასთან უახლოესი, ამ დროისათვის ცნობილი ყველაზე პატარა შავი ხვრელი — #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია დედამიწასთან უახლოესი, ამ დროისათვის ცნობილი ყველაზე პატარა შავი ხვრელი — #1tvმეცნიერება

ასტრონომები აცხადებენ, რომ აღმოაჩინეს ციცქნა შავი ხვრელი, რომელსაც იმდენად მცირე მასა აქვს, რომ ექსკლუზიურ კატეგორიაში ხვდება. ამას გარდა, ის ჩვენთან საოცრად ახლოს არის.

მდებარეობს ჩვენგან დაახლოებით 1500 სინათლის წლის მანძილზე, მარტორქის თანავარსკვლავედის მიმართულებით და წარმოადგენს ჩვენს პლანეტასთან უახლოესი შავი ხვრელის კანდიდატს მათ შორის, რაც კი ამ დროისათვის არის აღმოჩენილი.

ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა მას მარტორქა უწოდა, თანავარსკვლავედის მიხედვით.

„როდესაც მონაცემებს ვიკვლევდით, შემთხვევით ამ შავ ხვრელს წავაწყდით“, — ამბობს ასტრონომი თარინდუ ჯეისინგე.

საინტერესოა, რატომ ვერ ვხედავდით მას აქამდე? როგორც ჩანს, უბრალოდ გამოგვრჩა.

როგორც თეორიები პროგნოზირებს, სამყაროში უნდა არსებობდეს მრავალი სხვადასხვა მასის შავი ხვრელი — პირველყოფილი ციცქნა შავი ხვრელებიდან დაწყებული, სუპერმასიური მონსტრებით დამთავრებული, რომლებიც გალაქტიკათა ცენტრშია გაწოლილი. თუმცა, გასულ წლებში, მკვდარ ვარსკვლავთა ბირთვის კოლაფსის შედეგად წარმოქმნილ შავ ხვრელებში, ასტრონომებმა „მასის ნაპრალი“ აღმოაჩინეს.

ჩვენს მზეზე დაახლოებით 2,3-ჯერ მასიური ვარსკვლავის კოლაფსის შემთხვევაში წარმოიქმნება ნეიტრონული ვარსკვლავი და არა შავი ხვრელი. მიუხედავად ამისა, ბოლო დრომდე ვერ ვპოულობდით ვარსკვლავური წარმოშობის შავ ხვრელს, რომელსაც 5 მზეზე ნაკლები მასა ექნებოდა; ეს კი ზემოთ აღნიშნულ მასის ნაპრალს აჩენს.

ვიდრე ისეთ ობიექტს ვიპოვიდით, რომელიც ამ ნაპრალში მოთავსდებოდა, მათი არსებობა იმდენად საეჭვო იყო, რომ როდესაც ასტრონომებმა შენიშნეს, როგორ ექაჩებოდა ახლომდებარე წითელ გიგანტ ვარსკვლავს რაღაც, თავდაპირველად გამორიცხეს, რომ ეს შეიძლება ასეთი უხილავი კომპანიონი ყოფილიყო.

თუმცა, ჯეისინგემ მას სხვა თვალით შეხედა. კარგად იცოდა წარმოუდგენლად პატარა შავი ხვრელების არსებობის პოტენციალის შესახებ და ამ საკითხის შესწავლა სურდა.

სხვადასხვა ტელესკოპისა და თანამგზავრის მონაცემების საფუძველზე, იგი მარტორქის თანავარსკვლავედის წითელ გიგანტ ვარსკვლავს იკვლევდა, რომელიც სიცოცხლის ბოლო ეტაპზე იმყოფება.

ვარსკვლავის გადაადგილების სიჩქარე და მასზე მოქმედი რაღაც ობიექტის გრავიტაცია მის გარშემო მოძრავ ციცქნა შავ ხვრელზე მიუთითებდა. გამოთვლების მიხედვით, ამ ბნელი და ჩუმი კომპანიონის მასა 3 მზის მასა უნდა ყოფილიყო.

„ზუსტად ისე, როგორც მთვარის გრავიტაცია მოქმედებს დედამიწის ოკეანეებზე და წყლის მისი მიმართულებით ამოზნექვას იწვევს, რასაც მოქცევა-მიქცევას ვუწოდებთ, სწორედ ასე უკეთებს შავი ხვრელი ვარსკვლავს — ურღვევს ბურთის ფორმას და აქცევს ოდნავ წაგრძელებულ ობიექტად“, — ამბობს ასტრონომი ტოდ თომპსონი.

მისივე თქმით, ამ კონკრეტული ვარსკვლავის შემთხვევაშიც ყველაზე მარტივი ახსნა მის გარშემო მოძრავი შავი ხვრელია.

ათწლეულების განმავლობაში უცნობი რჩებოდა, არსებობდა თუ არა რაიმე მკვდარი ვარსკვლავის ამ ორ ფორმას შორის მასის ნაპრალში.

„მარტორქა“ ახლა უკვე შეუერთდა იმ რამდენიმე სხვა ციცქნა შავ ხვრელთა სიას, რომლებიც ამ საიდუმლოს ამოხსნაში უნდა დაგვეხმარონ. კვლევის შედეგები ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის, მაგრამ ამ ეტაპზე, აღმოჩენა ნამდვილად არის ერთ-ერთი უძლიერესი კანდიდატი, რომ მასის ამ ნაპრალის შუაში მოთავსდეს.

„ვფიქრობ, ეს სფერო იქით მიდის, რომ რეალურად გავარკვევთ, რამდენი დაბალმასიანი, შუალედურმასიანი და მაღალმასიანი შავი ხვრელი შეიძლება არსებობდეს სამყაროში. ამის თქმის საშუალებას ის მაძლევს, რომ ყოველი ახლის აღმოჩენა გასაღებს გაძლევს იმის შესახებ, რომელი ვარსკვლავები კოლაფსირდება, რომლები ფეთქდება და რომლები რჩებიან მათ შუაში“, — ამბობს თომპსონი.

კვლევა მიღებულია Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოსაქვეყნებლად, იქამდე კი ხელმისაწვდომია სერვერზე arxiv.

მომზადებულია news.osu.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.