საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება

საზოგადოებრივი მაუწყებელი ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომელშიც საუბარია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, თითქოს არაჯეროვნად გააშუქა 9 მაისს ათონელის ქუჩაზე გამართული ღონისძიება.

უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ევროპის დღეები შუქდებოდა ინტენსიურად და ამომწურავად. 7 მაისს გამართული კონცერტი კი პირველი არხის პირდაპირ ეთერში მთლიანად გადაიცა. გაშუქების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია წარმოდგენილია ჩვენს ვებ-გვერდზე. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას 9 მაისს გამართული ღონისძიების პირდაპირ ეთერში ტრანსლირების შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის არ მოუმართავს, რაც აუცილებლად ითვალისწინებს ქრონომეტრაჟის, გამომსვლელების რაოდენობის, მათი თანმიმდევრობის და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ ინფორმაციის მოწოდებას, რის გარეშეც ეთერში პროგრამის დაგეგმვა ან მასში ცვლილებების განხორციელება და ტექნიკური მომზადება შეუძლებელია. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ღონისძიების პირდაპირ ეთერში ტრანსლირების სურვილის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდიუსერს ტელეფონით აცნობა ღონისძიების დაწყებამდე მხოლოდ ერთი საათით ადრე, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არც მაშინ მოგვაწოდა ზუსტი ინფორმაცია ქრონომეტრაჟის, კონკრეტული ეპიზოდის (ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიმართვა) დროის შესახებ. პირდაპირი ტრანსლირება მოითხოვს სათანადო მომზადებას და ამის ასეთ მოკლე დროში ორგანიზება სერიოზულ სირთულეს წარმოადგენს, რაც თავისთავად შეუძლებლად ხდიდა მიმდინარე პროგრამირებაში ცვლილების შეტანას. აღნიშნული მიზეზების გამო პრეზიდენტის მიმართვა პირდაპირ ეთერში ვერ გავიდა, თუმცა სრულად იქნა გაშუქებული საინფორმაციო გამოშვებაში, რისი ნახვაც შესაძლებელია მითითებულ ბმულებზე. საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიუღებელია ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე განხორციელებული ზარის საფუძველზე ეთერში მიმდინარე პროგრამირების შეწყვეტის პრეცედენტის შექმნა. ამგვარი პრაქტიკა გამოიყენება მხოლოდ საგანგებო მდგომარეობისა და უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.
ტელევიზიის მუშაობის სპეციფიკა აუცილებლად მოითხოვდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, თუ უფრო ადრე არა, ერთი დღით ადრე მაინც გახსენებოდა და საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეეთანხმებინა ღონისძიების ტრანსლირების საკითხი. სამწუხაროდ, ღონისძიების ორგანიზატორებს ამის გაკეთება დაავიწყდათ და როგორც ჩანს, საკუთარი შეცდომის საზოგადოებრივ მაუწყებლისთვის გადმობრალება გადაწყვიტეს.