საზოგადოებრივი მაუწყებლის 2025 წლის ანგარიში

კულტურის კომიტეტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის 2025 წლის ანგარიში განიხილა და მხარი დაუჭირა. დოკუმენტი დეპუტატებს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ წარუდგინა. მან ყურადღება გაამახვილა ახალ შენობაში მაუწყებლობის სრულად ფუნქციონირების საკითხზე, პირველი არხის მასშტაბურ პროექტებზე, მათ შორის საბავშვო ევროვიზიის უმაღლეს დონეზე ჩატარების ფაქტსა და უახლოეს მომავალში დაგეგმილ სიახლეებზე. მისი თქმით, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელთან დაკავშირებით პირველ არხზე გადაცემების ციკლი გავა და დაცული ტერიტორიებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყება. კულტურის კომიტეტის სხდომაზე ვასილ მაღლაფერიძემ ის მიზეზებიც განმარტა, რატომ ვერ აჩვენებს საზოგადოებრივი მაუწყებელი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოხსენების შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დეპუტატები ძირითადად საზოგადოებრივი მაუწყებლის კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებით, არქივის გაციფრულების საკითხითა და, მაუწყებლის დაფინანსების გათვალისწინებით, პირველი არხის რეიტინგებით დაინტერესდნენ.