ვინ არიან ის ევროპარლამენტარები, რომლებიც ქართულ ტელემედიას ებრძვიან – გუშინ ცნობილი გახდა, რომ ევროპარლამენტმა შეზღუდვები დაუწესა სამ ქართულ ტელეარხს. ევროპარლამენტის ამ სანქციას წინ უძღოდა მოთხოვნები ზოგადად ევროკავშირში ქართული ტელევიზიების სანქცირების შესახებ, ევროპარლამენტართა ერთი ნაწილი საქართველოს შესახებ ანგარიშში ქართული მედიის სანქცირების მოთხოვნის შეტანასაც ითხოვდა. ამ თემაზე ინიცირებული ერთ-ერთი შესწორებით კი ორი ევროპარლამენტარი ევროკავშირს, სანქციების სიაში „იმედის“, „პოს ტივის“ და უკვე საზოგადოებივი მაუწყებლის ხელმძღვანელი პირების შეყვანასაც სთხოვდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ განცხადება გააკეთა იმ ორ ევროპარლამენტართან დაკავშირებით, რომლებიც პირველი არხის ხელმძღვანელი პირების დასანქცირების ინიციატივით გამოვიდნენ. კერძოდ, საუბარია მარიუშ კამინსკისა და მალგოჟეტა გოშევსკას შესახებ. ვასილ მაღლაფერიძის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი პირების სანქციების სიაში შეყვანას ითხოვენ ის ევროპარლამენტარები, რომლებიც საკუთარ სამშობლოში სხვადასხვა დანაშაულში არიან მხილებული და ეჭვმიტანილი. ვასილ მაღლაფერიძემ მათ შესახებ კონკრეტული ინფორმაცია წარმოადგინა და განმარტა, რომ ეს ინფორმაცია ეფუძნება პოლონეთის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, პოლონეთის საგამოძიებო უწყებების დასკვნებს, პოლონურ მედიაში გავრცელებულ ცნობებს: მაგალითად მარიუშ კამინსკის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები. პოლონეთის გენერალური პროკურორის მოთხოვნის საფუძველზე 2025 წლის პირველ აპრილს ევროპარლამენტმა მარიუშ კამინსკის ხელშეუხებლობის იმუნიტეტი მოუხსნა. საქმე აღძრულია ე.წ. მიწის ნაკვეთების საქმეებზე. 2015 წელს ვარშავა-ცენტრის რაიონულმა სასამართლომ „მიწის ნაკვეთების საქმის“ გამო მარიუშ კამინსკი დამნაშავედ ცნო. თუმცა არჩეულმა პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ ის შეიწყალა. ხელმეორედ ბრალი ამავე საქმეზე მას 2024 წელს წარუდგინეს და პრეზიდენტის სასახლეში აიყვანეს, რომელსაც ის თავს აფარებდა, თუმცა, პრეზიდენტმა ის მეორედაც შეიწყალა, საინტერესოა ისიც რომ პოლონელი ექიმი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან უკანონოდ, წინდით გაჰქონდა მისი ბიოლოგიური მასალა, სწორედ კამინსკის დაქვემდებარებული პირი იყო. სააკაშვილის მეგობარი და მისი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია მეორე პოლონელი დეპუტატი მალგოჟეტა გოშევსკაც. მას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და ქონებრივი სარგებლის მიზნით თაღლითობას ედავებიან, მათ შორის სეიმის წევრობის დროს საწვავისთვის გაწეული ხარჯების გამო. ვასილ მაღლაფერიძის თქმით, ცალკე კვლევის საგანია, რამ განაპირობა საკუთარ სამშობლოში სხვადასხვა დანაშაულში მხილებული და ეჭვმიტანილი ევროპარლამენტარების მხრიდან საქართველოთი დაინტერესება.