საქართველოს სატრანზიტო როლი დავოსის ფორუმზე

საქართველოს გაზრდილი როლი სტრატეგიული მნიშვნელობის მარშრუტში.

უკრაინის ომის შედეგად შეცვლილი გეოპოლიტიკური რეალობის ფონზე ჩვენი ქვეყნის გავლით ცენტრალური აზია-ევროპის დამაკავშირებელი შუა დერეფანი ევროკავშირისთვის ენერგომომარაგების და გადაზიდვების მთავარი ალტერნატივა ხდება. დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შეკრებილ ლიდერებს და საინვესტიციო კომპანიებს საქართველოს პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთად ის პროექტები გააცნო, რომლებიც ჩვენი ქვეყნის და მეზობელი აზერბაიჯანის სატრანზიტო პოტენციალის გასაზრდელად იგეგმება. იგულისხმება სარკინიგზო, საგზაო და საზღვაო გადაზიდვებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა. ენერგეტიკულ კრიზისში მყოფი ევროპისთვის შუა დერეფანი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ენერგორესურსებით მომარაგების მხრივაც. საქართველოზე გავლით რამდენიმე სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტი უკვე შემუშავებულია.