საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაუარესებულ ურთიერთობაზე სასაუბროდ ქართული მხარე კიდევ ერთ საერთაშორისო პლატფორმას გამოიყენებს.
პარლამენტის თავმჯდომარე მონტენეგროში იმყოფება. შალვა პაპუაშვილი ქალაქ ბუდვაში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის სტატუსითაა წარმოდგენილი. სწორედ ამ სტატუსით იგეგმება მონაწილეობა სამიტში, რომელსაც ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნები ესწრებიან. სიტყვით გამოსვლის გარდა დაგეგმილია შეხვედრები ევროპელ კოლეგებთან. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ის გამოწვევები იქნება, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში აქვს. ევროპის ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან შალვა პაპუაშვილი რეგიონული თანამშრომლობის გარდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც ისაუბრებს. პაპუაშვილს არაერთხელ უთქვამს, რომ საქართველოს ევროპულ ქვეყნებთან ურთიერთობებს ბრიუსელი აფერხებს, ამიტომ კონტაქტების გასაძლიერებლად ის მსგავს ფორმატებში შეხვედრებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.