საქართველო-უკრაინის ურთიერთობები 

21:43, 07.05.2026

გაჩნდა თუ არა ოთხწლიანი დაძაბულობის ფონზე საქართველო-უკრაინას შორის ურთიერთობის გადატვირთვის პერსპექტივა. უკრაინული მხარის ინიციატივით გამართული შეხვედრები და სატელეფონო ზარი პოზიტიურ მოლოდინს ქმნის. ერევანში უკრაინის პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერს შორის შეხვედრის და ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების საუბრის შემდეგ  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას დაურეკა. პროგნოზები არაერთგვაროვანია. ოპოზიცია ურთიერთობის გაუარესებაზე პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს. ოპონენტების ნაწილი ამბობს, რომ რამდენიმე საკითხის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გარეშე, ურთიერთობის ნორმალიზება ვერ მოხდება. თავის მხრივ ოფიციალური თბილისი ურთიერთობის დარეგულირების მიზნით დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა ხაზს უსვამს უთანხმოების იმ საკითხებს, რომლებიც ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი გახდა. მმართველი გუნდი რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე და უკრაინაში მოხალისეების გაგზავნაზე უკრაინელი მაღალჩინოსნების კონკრეტულ განცხადებებს და საქართველოს ელჩის გამოწვევის ფაქტს იხსენებს და ხაზს უსვამს, რომ მძიმე გზავნილების ფონზე საქართველოს ხელისუფლება უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას მუდმივად უწევდა და საერთაშორისო ფორმატებში ომში მყოფი ქვეყნის მხარდამჭერ ყველა რეზოლუციას ხმას აძლევდა. ოფიციალური ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრების გუშინდელი სატელეფონო კომუნიკაციის დროს დიალოგის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და ურთიერთობის ნორმალიზების ორმხრივ ინტერესზე შეთანხმდნენ.

მსგავსი