თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკის მინისტრი ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა. განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური საკითხები, მათ შორის, აქცენტი გაკეთდა თურქმენეთიდან ინვესტიციების მოზიდვაზე, განსაკუთრებით ტრანსპორტის, ლოგისტიკის და წარმოების მიმართულებით, საუბარი ასევე შეეხო ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას. მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის საპორტო ინფრასტრუქტურასთან შეუფერხებელ წვდომაზე და ევროპასთან დაკავშირების უზრუნველყოფაზე. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.