ევრონიუსის სტატია „ტრამპის მარშრუტზე“

ევრონიუსის ცნობით, აშშ და აზერბაიჯანი, პროექტ „ტრამპის გზის“ განხორციელებას იწყებენ, რომელიც უფრო ფართო, შუა დერეფნის ნაწილია და საქართველოსაც მოიცავს. როგორც ევრონიუსის ვრცელ სტატიაშია აღნიშნული, აშშ-მა და აზერბაიჯანმა ე.წ. ტრამპის გზის პროექტთან დაკავშირებით ტექნიკური მოლაპარაკებები დაასრულეს. მედია აღნიშნავს, რომ ე.წ. ტრამპის გზა წარმოადგენს სამხრეთ კავკასიურ რგოლს, უფრო ფართო შუა დერეფანში, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი. ის ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპას აკავშირებს. ამასთან ერთად, როგორც აშშ-ის ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოში ამბობენ, ამჟამად აზერბაიჯანელ პარტნიორებთან ერთად განიხილავენ პროექტებს, თხევადი ბუნებრივი აირის, სამოქალაქო ბირთვული ენერგიის, ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის, ხელოვნური ინტელექტის, კიბერუსაფრთხოებისა და ციფრული დაკავშირების სფეროებში. ევროპის ტრადიციულ მიწოდების წყაროებზე დამოკიდებულების შემცირების კონტექტსში, სტატიაში ნახსენებია, რეგიონში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები. მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთის დერეფანი, რომლებითაც კასპიის რესურსები, პირდაპირ თურქეთსა და ევროპაში ხვდება, როგორც რუსეთის, ისე ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით. „ევრონიუსი“ ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირი და აზერბაიჯანი ავითარებენ „მწვანე ენერგიის“ სამ დერეფანს, რომლებიც განახლებადი ენერგიიდან მიღებული ელექტროენერგიის ევროპაში ტრანსპორტირებას ითვალისწინებს. ეს თანამშრომლობა ეფუძნება 2022 წელს ბუქარესტში ხელმოწერილ სტრატეგიულ შეთანხმებას აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის.