სახალხო დამცველის გამოხმაურება

ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არასწორია. სახალხო დამცველის წარმომადგენლები მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ. ასევე, გაესაუბრნენ სამედიცინო პერსონალს, შეისწავლეს უახლესი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მის შიმშილობასთან დაკავშირებით.

მათი განცხადებით, ვიზიტის შედეგად დადგინდა, რომ 30 ოქტომბრიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსისა და დაწესებულების სამედიცინო პერსონალის თხოვნით, ის სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით, წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს იღებდა. ამ პროდუქტს მას თავად სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, აღნიშნული ვერ ფასდება როგორც საკვები და მცირე დოზით, თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მსგავსი შინაარსის არასწორი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება აზიანებს არა მხოლოდ კონკრეტული პირის, არამედ ყველა პატიმრის უფლებრივ მდგომარეობას. ამგვარმა დამოკიდებულებამ შესაძლოა, მოშიმშილე პატიმრებს ყველა სახის სითხისა და მედიკამენტების მიღებაზე უარის თქმისკენ უბიძგოს, რაც კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას. ამასთან, მსგავსი ინფორმაციის გავრცელება უდიდეს დარტყმას აყენებს პატიმართა ნდობას სამედიცინო პერსონალისადმი. მიხეილ სააკაშვილს განუმარტეს, რომ სითხეებისა და დანამატების მიღება წარმოადგენდა სამედიცინო საჭიროებას და მედიკამენტების ჩანაცვლებას, თუმცა მოგვიანებით იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ეს მის სამედიცინო დანიშნულებას სცდებოდა.

დამატებით, სახალხო დამცველი შეისწავლის იუსტიციის სამინისტროს მიერ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობებისა და ჯანმრთელობის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გაცემისა და საჯაროდ გამოქვეყნების საკითხს, საჭიროების შემთხვევაში კი მიმართავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით.