სააკაშვილის და ოპოზიციის გეგმები 

26 მაისის საპროტესტო აქციის გარშემო ორგანიზატორ ოპოზიციურ ალიანსში პოზიციები ამჯერადაც გაიყო. საჯაროდ საკუთარ უკმაყოფილებას არ მალავს „ნაციონალური მოძრაობის“ პატიმრობაში მყოფი ლიდერი, რომელიც სამოქმედო გეგმის და სტრატეგიის გამო ალიანსის წევრ პარტიებს ჯერ კიდე აქციამდე მწვავედ აკრიტიკებდა.

მიხეილ სააკაშვილის ყველა გზავნილში იკითხება, რომ ხელისუფლების შეცვლის გზებზე მისი და გაერთიანების წევრი სხვა პოლიტიკური ძალების ხედვები ერთმანეთისგან მკვეთრად აცდენილია. რევოლუციური დაჯავშნილი მანქანით კედლების გარღვევა, მეტი მოქმედება, ძალა ხვეწნის ნაცვლად და წინააღმდეგობის გაწევა ექს-პრეზიდენტის მთავარი მოწოდებაა. პასუხად ალიანსიდან სააკაშვილს დაპირისპირების და კონფრონტაციის გამომწვევი განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს. მომავალი გეგმა, რამაც ყოფილ პრეზიდენტში უკმარისობის განცდა გააჩინა, პროტესტის ახალ საფეხურზე გადასვლას, პერმანენტულად აქციების გამართვას და მოქალაქეებთან შეხვედრებს მოიცავს. თუმცა ფაქტია, რომ რუსთაველის გამზირზე ორი დღის წინ დაანონსებულ სტრატეგია ალიანსის შიგნით უთანხმოების საგანია.