საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. დავით სონღულაშვილი თურქეთის რესპუბლიკის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრს შეხვდა. მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. დავით სონღულაშვილმა თურქულ მხარეს მადლობა გადაუხადა თურქეთის ბაზარზე ქართული თაფლის ექსპორტის დაშვების გადაწყვეტილებისთვის და საქართველოდან ცოცხალი პირუტყვის, ხორცისა და ხორცპროდუქტების როგორც თურქეთში ექსპორტის, ასევე თურქეთის ტერიტორიაზე ტრანზიტის შესაძლებლობების საკითხი განიხილა.
საუბარი შეეხო ცხოველთა ვაქცინაციის თემასაც. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ აზიური ფაროსანას განადგურების მიზნით, საზღვრისპირა ტერიტორიებზე გაგრძელდება ერთობლივი შეწამვლა. შეხვედრის ფარგლებში ასევე გაფორმდა მემორანდუმი სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწყობისა და სატყეო მეურნეობის მართვის კუთხით თანამშრომლობის შესახებ.