დაპირისპირება ოპოზიციაში
დაპირისპირების ახალი ფაზა ოპოზიციურ ალიანსში. მიხეილ სააკაშვილის მხრიდან გაერთიანების სამოქმედო ტაქტიკის საჯარო კრიტიკა ყოფილ თანაპარტიელთან მწვავე კონფლიქტში გადაიზარდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერისთვის საკუთარი პარტიის ყოფილი თავმჯდომარე დღეიდან იმ ყოფილი თანაგუნდელების სიაშია, რომლებიც „ჭაობში აღმოჩნდნენ“. ამ დასკვნამდე ყოფილი პრეზიდენტი მელიას მიერ დარღვეულმა დუმილმა მიიყვანა. ის, რაზეც წლების განმავლობაში მინიშნებებით საუბრობდნენ, ახლა უკვე საჯარო და ცხადი გახდა. სააკაშვილის პრეტენზიებს მისი პარტიის ყოფილმა და შიდა განხეთქილების შედეგად გადაყენებულმა ხელმძღვანელმა მძიმე ბრალდებებით და მწვავე შინაარსის წერილებით უპასუხა. სააკაშვილს, რომელიც ამბობს, რომ 2021 წელს უღალატეს, თავად ადანაშაულებენ ღალატში. ნიკა მელია საუბრობს უცხოეთში გაშვების სანაცვლოდ ხელისუფლებასთან სააკაშვილის ფარულ გარიგებაზე და მის მძიმე მორალურ-პოლიტიკურ წარსულზე და ექს-პრეზიდენტს პირდაპირ ეუბნება, რომ 2021 წელს ,,ნაციონალური მოძრაობის” ელექტორატის თითქმის ნახევარი პირადად მისი ამომრჩეველი იყო. როგორც ჩანს, დაპირისპირებას გაგრძელება ექნება, რადგან დღეს უკვე პარტია „ახალის“ პატიმრობაში მყოფი ლიდერი კონკრეტული ფაქტებით სიმართლის და მძიმე დეტალების გამჟღავნებას აანონსებს.