სააკაშვილის მოწოდება და ოპოზიციური ალიანსის გეგმა
როგორი იქნება ოპოზიციის მიერ დაანონსებული კიდევ ერთი 26 მაისი – დაპირისპირებული ოპოზიციური ალიანსი, რომელიც ამ დრომდე გეგმასა და სტრატეგიაზე ვერ შეჯერდა, ახლა დამოუკიდებლობის დღეს დაგეგმილი პროტესტის ფორმაზე ვერ თანხმდება.
მოვლენების ეპიცენტრში ისევ მიხეილ სააკაშვილია. ექს-პრეზიდენტი საპატიმროდან, ყოფილ თანაგუნდელებს რადიკალური ქმედებებისკენ მოუწოდებს და უპრეცედენტო ბრძოლის აუცილებლობაზე მიანიშნებს, წინააღდეგ შემთხვევაში კი 4 ოქტომბრის მსგავს წარუმატებლობას პროგნოზირებს. რამდენად გაიზიარებენ ყოფილი ლიდერის მოწოდებებს ალიანსში შემავალი სხვა პარტიები, ეს 26 მაისს გაირკვევა, თუმცა დასტურდება, რომ განიხილება პროცესში ჩართული ყველა მხარის მოსაზრება. რეგიონებში დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრების შემდეგ, მოსახლეობასთან კომუნიკაცია ახლა თბილისში გრძელდება. 26 მაისს ანონსდება დიდი აქცია და სწრაფი ცვლილებები, რაშიც წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, მმართველ გუნდთან ერთად ეჭვი ეპარება ალიანსს მიღმა მყოფ ოპოზიციასაც.