საგანგებო სიტუაციების სამსახური სასტუმრო „ველმონდს“ ექსპლუატაციის შეჩერებას ითხოვს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, სასტუმრო და სამორინე „ველმონდის, ყოფილი „ლეოგრანდის“ შენობის ექსპლუატაციის შეჩერებას ითხოვს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტებმა, 2018 წელს, სასტუმროსა და სამორინეში სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, სამჯერ განახორციელეს სახანძრო-ტექნიკური შემოწმება. გაიცა 43 რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობა არ შესრულებულა. სპეციალისტების დასკვნით, შენობაში არ არის დამონტაჟებული კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, რაც ხანძრის შემთხვევაში, შენობაში მყოფ ადამიანებს არ უტოვებს უსაფრთხო ადგილას ევაკუაციისა და გადარჩენის შესაძლებლობას. შენობის ექსპლუატაციის შეჩერების მოთხოვნაზე დასკვნას „ლეოგრანდის“ ადვოკატი ბიზნესზე ზეწოლად მიიჩნევს.