ბათუმის საქალაქო სასამართლომ სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმეზე დაკავებულები პატიმრობაში დატოვა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმეზე დაკავებულები პატიმრობაში დატოვა

სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმეზე დაკავებული გიორგი მიქელაძე და ფათიჰ იაუზი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ ბეჟანიშვილმა პატიმრობაში დატოვა. გიორგი მიქელაძე საწყობის გამგე იყო, ხოლო თურქეთის მოქალაქე ფათიჰ იაუზი ტექნიკური მენეჯერი.

დაცვის მხარემ მოსამართლეს 50 ათასის ოდენობის გირაო შესთავაზა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის არგუმენტები უფრო სარწმუნოდ მიიჩნია, რასაც სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა.

„ჩემი შვილი უდანაშაულოა და სასამართლოს ობიექტურობის მჯერა. გიორგის შვილები ჰყავს გასაზრდელი და სახლში გამოუშვან. ვინ იყო რეალურად სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხსმგებელი? ის დაიჭირონ. გიორგი მიქელაძე სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი არ იყო“,- განაცხადა ბრალდებულის დედამ ნათელა მიქელაძემ.

იგივე პოზიციას იზიარებს გიორგი მიქელაძის ადვოკატიც.

„გიორგი მიქელაძეს სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდა. ის იყო საწყობის უბრალო ხელმძღვანელი. ჩვენ ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები მხოლოდ ექპერტიზის დასკვნაა“, – განაცხადა პაატა ბოლქვაძემ.

ბრალდებულ ფათიჰ იაუზის ადვოკატი კახაბერ წერეთელიც მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესების დასრულებამდე ბრალდებულების პატიმრობაში დარჩენა აუცილებლობა არ იყო. დაკავებულთა დანაშაულში დარწმუნებულია ბრალდების მხარე.

„სისხლის სამართლის“ საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს მათზე ბრალად შერაცხული დანაშაული. საქმე არსებითად განსახილველად არის გადაცემული“, – განაცხადა პროკურორმა რამაზ შავაძემ.

დაკავებულებს გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ბრალდება 5-დან 8-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩნდა. ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა.