ხმაური იყო აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე. დაპირისპირების მიზეზი გახდა ჟურნალისტების მოთხოვნა, სტრუქტურულ ცვლილებებზე დღის წესრიგით გათვალისწინებული მესამე საკითხის შესახებ განცხადების გაკეთებასთან დაკავშირებით. თუმცა, მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გიგა ჩხარტიშვილმა მათ სხდომის დასაწყისში განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცა, რასაც ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ შესვენება გამოაცხადა. დარბაზში იმყოფებოდნენ ტელევიზიის თანამშრომლები, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ასევე მოქალაქეები, რომლებიც ორ ჯგუფად არიან გაყოფილი – ნაწილი მენეჯმენტს უჭერს მხარს, ნაწილი კი – ჟურნალისტებს. მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება შენობის გარეთაც გაგრძელდა.
სხდომას ტელევიზიის დირექტორიც ესწრება. გიორგი კოხრეიძე აცხადებს, რომ შექმნილი ვითარება ადამიანების ანგაჟირებულობამ გამოიწვია. შესვენების შემდეგ ჟურნალისტებმა განცხადების გაკეთება მაინც მოახერხეს. ჟურნალისტები არ გამორიცხავენ, სტრუქტურულ ცვლილებებზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გაიფიცონ. ჟურნალისტებმა სხდომა დატოვეს. ამ დროისთვის იგი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.