ვითარება აჭარის ტელევიზიაში

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი აბაზაძე, რომელიც თანამდებობაზე ორი დღის წინ დანიშნეს, დღეს სამსახურიდან კლინიკაში გადაიყვანეს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტებსა და აბაზაძეს შორის სიტყვიერ დაპირისპირების შემდეგ გახდა საჭირო. ჟურნალისტები ამბობენ, რომ საინფორმაციოს ახალ ხელმძღვანელთან ხმამაღალი საუბარი ჰქონდათ, შეხვედრის დაწყებიდან დაახლოებით ნახევარ საათში კი აბაზაძეს ექიმების დახმარება დაჭირდა. საინფორმაციო სამსახურის რედაქტორი, ფირუზ ბოლქვაძე, რომელიც ასევე რამდენიმე დღის წინ დაინიშნა, ამბობს, რომ ადგილი აქვს  საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტების მხრიდან ორგანიზაციულ დაუმორჩილებლობას.

კლინიკაში სადაც აბაზაძე გადაიყვანეს აცხადებენ, რომ პაციენტი  გულ-მკერდის არეში ტკივილით და მაღალი არტერიული წნევით შეიყვანეს და მისი მდგომარეობა ახლა სტაბილურია.