აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს მედიის წარმომადგენლებმა სოლიდარობა გამოუცხადეს

აჭარის ტელევიზიაში არსებული ვითარების გამო, ჟურნალისტები გაფიცვისთვის ემზადებიან. როგორ ცნობილია, დირექტორმა მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე ეთერიდან მოხსნა. საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი და მისი მოადგილე, მაია მერკვილაძე სხვა პოზიციაზე გადაიყვანეს, სამი დღის წინ კი დირექტორმა საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი აბაზაძე დანიშნა, რომელსაც გუშინ ჟურნალისტებთან სიტყვიერი დაპირისპირება ჰქონდა, რის შემდეგაც ცუდად გახდა და კლინიკაში აღმოჩნდა. ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ხელმძღვანელობის მიზანი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა.

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს მედიის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ქუთაისში. აქციის მონაწილეების თქმით, აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები დემოკრატიის ხარისხზე უარყოფითად აისახება.

აჭარის ტელევიზიაში განვითარებულ მოვლენებს „ნაციონალური მოძრაობა“ გამოეხმაურა. ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, სხვადასხვა მედიასაშუალების მფლობელების მიმართ სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. ის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს.