მიგრაციის კანონპროექტი

საქართველოს პარლამენტმა უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით, „სისხლის სამართლის კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.

კანონპროექტს მხარი 78 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არც ერთი დეპუტატი იყო. კანონპროექტის მიხედვით, პირის მიერ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა/ორგანიზების გაწევა, ან პირის მიერ ამავე მიზნით უცხო ქვეყანაში საერთაშორისო დაცვის მისაღებად საქართველოს მოქალაქის მიერ მისი უფლებების, ან თავისუფლებების დარღვევის თაობაზე წინასწარი შეცნობით მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობა/ორგანიზება – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან ოთხ წლამდე. ცვლილებებით განისაზღვრა, რომ თუ იგივე ქმედება, ჩადენილი იქნება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; არაერთგზის; ორი ან მეტი პირის მიმართ და ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.

კანონპროექტის თანახმად, თუ ზემოთ აღნიშნული ქმედება, ჩადენილი იქნება ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. ამასთან, კანონპროექტში შენიშვნის სახით დაკონკრეტებულია, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმ პირს, რომელმაც ახლო ნათესავის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობები შექმნა, ან ორგანიზება გაუწია ამ პირის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენას.

დატოვე კომენტარი