სისხლის უანგარო დონაცია – საკანონმდებლო ცვლილება 

18:47, 17.03.2026

უახლოეს წლებში საქართველოში სისხლის დონაცია სრულად უანგარო გახდება. 2022 წელს მიღებული კანონით, ეს პრინციპი ძალაში 2026 წლის პირველი აპრილიდან უნდა შესულიყო, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, აღნიშნული ვადა გახანგრძლივდეს. ამ მიზნით, უწყების ავტორობით მომზადდა კანონპროექტები, სხვადასხვა კანონში ცვლილებების განხორციელების მიზნით. როგორც დღეს, ჯანდაცვის კომიტეტზე, მინისტრის მოადგილემ ირინე წაქაძემ განმარტა, საქართველოში სისხლის უანგარო დონორობა მთლიანი დონაციის 45-50%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა უახლოეს მომავალში სრულად უანგარობის პრინციპზე გადასასვლელად მზად არ არის. ამისთვის აუცილებელია, საზოგადოება და თავად სექტორი, ცვლილებას მომზადებული შეხვდეს. განსაკუთრებული აქცენტი მოსახლეობის ინფორმირებულობაზე კეთდება. რეფორმის თანახმად, დაწესებულებები სისხლის უანგაროდ ჩაბარების პრინციპზე ეტაპობრივად, არაუგვიანეს 2030 წლის პირველი აპრილამდე უნდა გადავიდნენ. კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცეს.

მსგავსი