ახალი რეგულაციები ავტომობილების იმპორტზე – განხილვა პარლამენტში
დაანონსებული, თუმცა მალევე კორექტირებული საკანონმდებლო ინიციატივა პირველი მოსმენით მიღებულია.
იგულისხმება ახალი სატარიფო სისტემა, რომელიც იმპორტირებულ ავტომანქანებზე გავრცელდება. ახალი რეგულაციების მიხედვით, ყველა კატეგორიის და ასაკის მანქანებზე განბაჟების გადასახადი იზრდება. თუმცა ტარიფი შედარებით მაღალი იქნება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა ასაკი ექვს წელს აჭარბებს. თავდაპირველი გეგმით, მსგავსი კატეგორიის მანქანების იმპორტი საერთოდ უნდა აკრძალულიყო, თუმცა იმპორტიორების უკმაყოფილების ფონზე გეგმა შეიცვალა. კანონპროექტის მიხედვით, შეღავათიანი პირობები დაწესდება ჰიბრიდულ ავტომობილებზე. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები რეგულაციების გამკაცრების მიზნად ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ავტოპარკის განახლებას ასახელებენ, თუმცა ცვლილებებს სკეპტიკურად უყურებს საპარლამენტო ოპოზიცია.