სტრუქტურული ცვლილებები
მამუკა მდინარაძე, როგორც უკვე ცნობილია, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. აღნიშნული პოსტის შექმნის მიზნით კი – „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომელსაც დეპუტატები დღეს პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით განიხილავენ. კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს და ცვლილებების მიღებას სამივე მოსმენით, პარლამენტი ხვალ გეგმავს. პროცედურის მიხედვით, ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილი იქნება მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დანიშნოს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან, ირაკლი კირცხალისთან დახურულ კარს მიღმა გამართული კონსულტაციების შემდეგ, „ხალხის ძალამ“ სტრუქტურული ცვლილებების მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო. რაც მთავრობის სტრუქტურაში, მე-15 უწყების, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას ეხება.