მზე მზის სისტემის ცენტრია. მას გარს რვა პლანეტა უვლის. საინტერესოა, რა ხდება მათ მიღმა, ნეპტუნს იქით?
ნეპტუნის ორბიტის გადაღმა ყინულოვან სხეულთა რეგიონია, რომელსაც კოიპერის სარტყელს ვუწოდებთ. არ უნდა აგვერიოს ოორტის ღრუბელში, რომელიც მისგან გაცილებით შორს მდებარე რეგიონია.
სწორედ ამ რეგიონში მდებარეობს ჯუჯა პლანეტა პლუტონი. ის კოიპერის სარტყლის ყველაზე ცნობილი ობიექტია.
ამ რეგიონს სახელი ნიდერლანდელი ასტრონომის, ჟერარდ კოიპერის პატივსაცემად უწოდეს. 1951 წელს მან ივარაუდა, რომ მზის სისტემის ფორმირების პროცესში, ნეპტუნს გადაღმა უნდა წარმოქმნილიყო ყინულოვან სხეულთა სარტყელი. წლების შემდეგ, მისი მოსაზრება დადასტურდა.
კოიპერის სარტყელში თავს იყრის კლდოვანი და ყინულოვანი ნამსხვრევები, ასევე ჯუჯა პლანეტები. პლუტონის გარდა, ამ რეგიონის ორი კარგად ცნობილი ობიექტია ერისი და ჰაუმეა.
პლუტონიდან მილიარდობით კილომეტრის მოშორებით მოძრაობს პატარა, თოვლის კაცის ფორმის სხეული, სახელად აროკოთი. პირველად ის 2014 წელს შენიშნა ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა, 2019 წელს კი მას კოსმოსურმა ხომალდმა „ნიუ ჰორაიზონსმა“ გადაუფრინა და ფოტოებიც გადაუღო.
კოიპერის სარტყელი ჯერ კიდევ ბევრ საიდუმლოს მალავს. ხომალდი „ნიუ ჰორაიზონსი“ კვლავ ამ სივრცეში მოძრაობს და ასტრონომებს იმედი აქვთ, რომ გზადაგზა ბევრ საინტერესო ინფორმაციას გამოგზავნის.