ველურ ბუნებაში ძუძუმწოვართა სავარაუდოდ ასობით აღმოუჩენელი სახეობა იმალება — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ველურ ბუნებაში ძუძუმწოვართა სავარაუდოდ ასობით აღმოუჩენელი სახეობა იმალება — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

ძუძუმწოვრები დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი ცხოველები არიან, მაგრამ ველურ ბუნებაში პოტენციურად ჯერ კიდევ იმალება ასობით აღუწერელი სახეობა. ამის შესახებ ახალი საპროგნოზო მოდელირება მიუთითებს.

მანქანური სწავლება მიუთითებს, რომ ამ უცნობ ქმნილებათა უმეტესობა პატარა ტანისაა, ღამურების, მღრღნელებისა და ბიგას მსგავსნი. სავარაუდოდ, სწორედ ზომის გამო გაუჭირდათ ექსპერტებს მათი მორფოლოგიური განსხვავებების იდენტიფიცირება, რაც იმას ნიშნავს, რომ ტაქსონომიური თვალსაზრისით, ზოგიერთი სახეობა ერთად გვყავს გაერთიანებული.

„პატარა, მცირე სხვაობები გარეგნობაში ძნელი შესამჩნევია, როცა ერთი ციცქნა, ათგრამიან ცხოველს უყურებ, ვიდრე ეს ადამიანის ზომის დიდი ცხოველების შემთხვევაში იქნებოდა. ვერ იტყვი, რომ ისინი სხვადასხვა სახეობას მიეკუთვნებიან, ვიდრე გენეტიკურ ანალიზებს არ ჩაატარებ“, — ამბობს ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგი ბრაიან კარსტენსი.

ამ დამალულ სახეობებს მეცნიერები „ბიომრავალფეროვნების ვაილდქარდებს“ უწოდებენ. თუ მათი არსებობის შესახებ არ ვიცით, არ შეგვიძლია ამ არსებათა განხილვა ევოლუციურ თეორიაში, საკვების ქსელებში ან საკონსერვაციო სამუშაოებში.

უახლესი საპროგნოზო მოდელების მიხედვით, ძუძუმწოვართა 80 პროცენტზე მეტს უკვე მინიჭებული აქვს ოფიციალური კლასიფიკაცია. ამ დროისათვის აღრიცხულია ძუძუმწოვრის 6400-ზე მეტი სახეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ უნდა არსებობდეს ათასზე მეტი უცნობი სახეობა, რომლებსაც ოფიციალური კლასიფიკაცია სჭირდებათ.

4000-ზე მეტი ძუძუმწოვრის გენეტიკური სეკვენირების, გეოგრაფიული და ბიოლოგიური მონაცემების მანქანური სწავლებით ანალიზის შემდეგ, მკვლევრებმა გამოავლინეს, ყველაზე მეტად რომელ ტაქსონში შეიძლება იმალებოდნენ უცნობი სახეობები.

იმის გარკვევა, თუ სად ბინადრობენ ძირითადად ეს ტაქსონები, მკვლევრებს დაეხმარა მომავალი ტაქსონომიური კვლევებისთვის გამოსადეგ ეკოსისტემათა წარმოჩენაში.

მაგალითად, პროგნოზი მიუთითებს, რომ ძუძუმწოვრების გაურკვეველ სახეობათა ჰაბი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია უნდა იყოს. როგორც ევოლუციური, ისე გენეტიკური მოდელების შეფასებით, მსოფლიოს ეს რეგიონი ასეთ სახეობათა უდიდეს პროპორციას მოიცავს.

ცოტა ხნის წინ ინდონეზიაში ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა ბიგას 14 ახალი სახეობა; ეს გახლავთ ახალ ძუძუმწოვართა აღწერის უდიდესი პუბლიკაცია 1931 წლის შემდეგ.

ამჟამინდელმა მოდელმა დაადგინა, რომ მთელ მსოფლიოში, აღუწერელ ძუძუმწოვართა უმეტესობა ექცევა რიგებში, რომლებიც მოიცავს ღამურებს, მღრღნელებს, ბიგებსა და ზღარბებს. ეს რიგები ძირითადად ვრცელ გეოგრაფიულ არეალებში გვხვდება შედარებით დიდი ცვალებადობით ტემპერატურისა და ნალექების თვალსაზრისით, მაგალითად, ტროპიკულ წვიმის ტყეებში.

შედეგები ისეთია, როგორზეც ტაქსონომისტები დიდი ხანია ეჭვობდნენ. ზოგადად, წვიმის ტყეებშია თავმოყრილი მსოფლიოს ძუძუმწოვართა მრავალფეროვნების უმეტესობა; ამას გარდა, 1992 წლის შემდეგ ახლად აღწერილ ძუძუმწოვართა უმეტესობა პატარატანიანია და გვხვდება დიდ დიაპაზონებში და ისეთ ჰაბიტატებში, რომლებიც განიცდიან ტემპერატურისა და ნალექების დღიურ და სეზონურ ცვალებადობებს.

„ჩვენმა კვლევამ გააძლიერა არსებული მოწოდებები ტაქსონომიურ კვლევათა მეტად დაფინანსების შესახებ, განსაკუთრებით კი შეუსწავლელ და აღუწერელ ტაქსონებში, რომლებიც ჩუმად მიდიან გადაშენებისკენ. კვლევა მიუთითებს, რომ დამალული სახეობები პროგნოზირებად ადგილებში არსებობს და ოფიციალურ აღწერას ელოდებიან“, — წერენ ავტორები.

ისტორია გვიჩვენებს, რომ როდესაც ადამიანებს ეს სურთ, ფოკუსი სიცოცხლის ხისკენ სულ უფრო მეტად იზრდება.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მიზეზი, რის გამოც ძუძუმწოვართა სახეობების ერთი ნაწილი სხვა რიგებზე მეტად არის აღწერილი, ნამდვილად არ გახლავთ ის, რომ უხერხემლოთა მკვლევრები საკუთარ საქმეს სათანადოდ ვერ ასრულებენ. ძუძუმწოვრები ზოგადად დიდები არიან და ადვილად შესამჩნევი. გარდა ამისა, ზოგადად, ადამიანი უფრო დაინტერესებულია ჩვენთან უფრო დაკავშირებული სახეობებით; შესაბამისად, ამიტომაც მიემართება უფრო მეტი რესურსი ძუძუმწოვრებისკენ.

ძუძუმწოვართა ცნობილ და უცნობ სახეობებს შორის არსებული ნაპრალის ამოსავსებად, კვლევის ავტორები ტაქსონომიური კვლევების მეტად დაფინანსებას და მეტ ყურადღებას მოითხოვენ.

„ამის ცოდნა მნიშვნელოვანია კონსერვაციაზე მომუშავე ხალხისთვის. შეუძლებელია სახეობა დაიცვა, თუ მისი არსებობის შესახებ არაფერი ვიცით“, — ამბობს ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგი ბრაიან კარსტენსი.

კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.