კუნძულ ბორნეოზე აღმოაჩინეს ჩიტი, რომელიც გადაშენებული გვეგონა — #1tvმეცნიერება
კუნძულ ბორნეოზე აღმოაჩინეს ჩიტი, რომელიც გადაშენებული გვეგონა — #1tvმეცნიერება

ინდონეზიელ და სინგაპურელ მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა ფრინველი, რომელიც უკვე დიდი ხანია, გადაშენებულად მიიჩნეოდა. ჟურნალ BirdingASIA-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ჯგუფი ფრინველის ისტორიას აღწერს, გვიხსნის, რატომ მიიჩნეოდა ის გადაშენებულად და როგორ იპოვეს კუნძულ ბორნეოზე.

1843-1848 წლებში, ფრინველი, სახელად შავწარბიანი ტიმალია (Malacocincla perspicillata) ნატურალისტმა კარლ შვანერმა დაიჭირა. ამ აღმოჩენის შესახებ ჩანაწერები მწირია, მაგრამ როგორც ჩანს, მკვლევარმა ფრინველი კუნძულ იავაზე დაიჭირა. ეს აღმოჩენა ამ ფრინველის არსებობის ერთადერთი მტკიცებულება გახლდათ და ორნიტოლოგიის სახელმძღვანელოებში ამჟამად ის მონიშნულია როგორც „არასრული მონაცემების“ მქონე. ჩიტი შეინახეს და მომდევნო 170 წლის განმავლობაში, მისი არსებობის შესახებ აღარაფერი გვსმენია. დროთა განმავლობაში, ეს ჩიტი და მისი ისტორია „ინდონეზიის ორნიტოლოგიის უდიდეს გამოცანად“ იქცა. ამ მიმართულების მკვლევართა უმეტესობა დარწმუნებული იყო, რომ ფრინველი გადაშენდა.

თუმცა, შარშან, ორმა მკვლევარმამუჰამად რიზკი ფაუზანმა და მუჰამად სურანტომ კუნძულ ბორნეოს ინდონეზიურ ნაწილში დაიჭირეს ჩიტი, რომლის იდენტიფიცირებაც ვერ შეძლეს. ფოტოები გადაუღეს, კოლეგებს გაუგზავნეს და ფრინველი კვლავ გაუშვეს.

გადაშენებული ფრინველები.ტიმალია

ფოტოებზე დაყრდნობით ჯგუფმა კვლევა ჩაატარა და სულ მალე აშკარა გახდა, რომ მისი აღწერილობა ემთხვეოდა ნიდერლანდებში შენახული ფრინველისას. ახლო დაკვირვებებმა დაადასტურა, რომ ის მართლაც იმავე სახეობას ეკუთვნოდა და მათ წინაშე ცოცხალი შავწარბიანი ტიმალია იყო.

ჩიტი კუნძულ ბორნეოს ცენტრში დაიჭირეს და მისი აღმოჩენა ადასტურებს, რომ გადაშენებული მხოლოდ იმიტომ გვეგონა, რომ არასწორ ადგილას ვეძებდით. მისი არსებობა ასევე აჩენს კითხვას იმის შესახებ, მათი რამდენი სახეობა ბინადრობს ამჟამად ბორნეოზე და არიან თუ არა რაიმე საფრთხის ქვეშ.

მკვლევრებს ამჯერად იმ რეგიონში სურთ გამგზავრება, სადა ფრინველი იპოვეს, მაგრამ პანდემიის გამო კუნძულზე მოგზაურობა შეზღუდულია. ექსპედიციას შესაძლებლობისთანავე გეგმავენ. ამასობაში კი განაახლებენ ორნიტოლოგიის სახელმძღვანელოებს.

კვლევა ჟურნალ BirdingASIA-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Science X Network-ის მიხედვით.