თუ სახლში უქმად ყოფნით დაიღალეთ, შეგიძლიათ მეცნიერებს კოსმოსურ ფოტოებზე პინგვინებისა და ახალი გალაქტიკების მოძებნაში დაეხმაროთ
თუ სახლში უქმად ყოფნით დაიღალეთ, შეგიძლიათ მეცნიერებს კოსმოსურ ფოტოებზე პინგვინებისა და ახალი გალაქტიკების მოძებნაში დაეხმაროთ

ამ ცუდ პერიოდში მაინც არსებობს სულ მცირე ორი ნათელი წერტილი — ტელესკოპები კვლავ სწავლობენ შორეულ გალაქტიკებს და პინგვინები ისევ დააბიჯებენ ანტარქტიდაზე. თუკი სახლში ჯდომით დაიღალეთ და დროის გაყვანის ახალ გზებს ეძებთ, შეგიძლიათ მეცნიერებს ამ ორ საქმეში დაეხმაროთ.

სამოყვარულო მეცნიერება ახალი არ არის, მაგრამ განსაკუთრებით მიმზიდველია ახლა, როცა მთელ მსოფლიოში შემოღებულია კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო მკაცრი ზომები. ამიტომ, თუ გსურთ ამჟამინდელ მოვლენებს გონება ცოტა ხნით მოსწყვიტოთ, მხედველობაში მიიღეთ კვლევით პროექტში ჩართვა.

„ვფიქრობ, სად შეგვიძლია გამოვიყენოთ ხალხის ენთუზიაზმი მათივე კომპიუტერებით, კორონავირუსით გამოწვეულ ტყვეობაში, რა შეგვიძლია გავაკეთოთ სახლში გამოკეტილებმა“, — ამბობს ნიუ-იორკის სტოუნ-ბრუკის უნივრსიტეტის სტატისტიკური ეკოლოგი ჰითერ ლინჩი.

ლინჩი ჩართულია სამოყვარულო მეცნიერების ორ სხვადასხვა პროექტში, რომელთა მიზანიც პინგვინების უკეთ შესწავლაა. ერთ-ერთი მათგანი მოხალისეებს კრებს პინგვინების კოლონიებისთვის სიახლოვიდან ავტომატურად გადაღებულ ფოტოებზე ფრინველების იდენტიფიცირებისთვის, მეორე პროექტის მიზანი კი ასეთი კოლონიების აღმოჩენაა თანამგზავრულ ფოტოებზე.

თანამგზავრულ ფოტოებზე ბიოლოგები პინგვინებს ეძებენ მათი სკინტლის, იგივე გუანოს ლაქების მეშვეობით.

„ვარკვევთ, რამხელა ზონაა დაფარული გუანოთი, რისი საშუალებითაც საკმაოდ კარგად ვადგენთ რამდენი პინგვინია კონკრეტულ ლოკაციაზე არსებულ კოლონიაში“, — ამბობს ლინჩი.

მისი თქმით, ასეთი შეფასება ფრიად ღირებულ მონაცემებს გვაძლევს, რომელთა მიღებაც სხვა გზებით საკმაოდ რთულია. ანტარქტიდის კვლევის სირთულიდან გამომდინარე, ბოლო დრომდე ცოტა რამ ვიცოდით იქ არსებულ პინგვინთა რაოდენობის შესახებ.

სწორედ აქ გვეხმარება თანამგზავრები. ლინჩი და მისი კოლეგები რამდენიმე სხვადასხვა ტიპის ორბიტული სისტემების მიერ შეგვროვებულ მონაცემებს იყენებენ. კომერციული თანამგზავრები საკმაოდ დეტალურ მონაცემებს გვთავაზობს, ნასას პროგრამა Landsat-ი გვაძლევს პინგვინთა აქტივობის 40-წლიან მონაცემებს, მოყვარულ მეცნიერებს კი Google Earth-ის საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემების გამოყენება შეუძლიათ.

ეს მონაცემები ლინჩს დიდად ეხმარება საკუთარ პროექტებში, რომელთა მიზანიც ანტარქტიდის ამა თუ იმ ადგილზე პინგვინთა პოპულაციების დეტალური მონაცემების შეგროვებაა. თუმცა, ამისათვის მეცნიერებს ამ ფრინველების ადგილმდებარეობის განსაზღვრა სჭირდებათ და ეძებენ, როგორც ისინი უწოდებენ, პინგვინების დეტექტორებს.

„სამოყვარული მეცნიერება ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ანტარქტიდა საკმაოდ დიდია. პინგვინებს ჩვენ ხელით, ფოტოებზე ვეძებთ, ვამოწმებთ სათითაო მეტრს, სანაპირო ზოლებში ვეძებთ მათ გუანოს“, — ამბობს ლინჩი.

კოლონიები ადგილს ხშირად იცვლიან ან იყოფიან და მრავლდებიან. ლინჩის თქმით, ხანდახან ფიქრობენ, რომ უკვე ყველა კოლონია იპოვეს, მაგრამ მალე პოულობენ დროთა განმავლობაში კლიმატის ცვლილების შედეგად გაჩენილ ახალ კოლონიას.

იმისათვის, თუ გვსურს, რომ პინგვინების გადარჩენისათვის შესაბამისი ზომები მივიღოთ, მათი კოლონიების ზუსტი რუკების ქონა გადამწყვეტია. მაგალითად, ლინჩმა და მისმა კოლეგებმა Landsat-ის ფოტოებზე, დენჯერის კუნძულებზე შენიშნეს ადელი პინგვინების კოლონიები.

როდესაც დაკვირვებების შემდეგ ისინი ამ ზონას ესტუმრნენ, იქ იმაზე მეტი პინგვინი დახვდათ, ვიდრე ოდესმე წარმოიდგენდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ფიქრობდნენ, რომ ანტარქტიდაზე ადელი პინგვინების ყველა კოლონია უკვე იპოვეს. აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში იქ ადელი პინგვინების ერთ-ერთი უდიდესი კოლონიაა მთელ მსოფლიოში.

ეს აღმოჩენა გაითვალისწინეს პოლიტიკიური გადაწყვეტილების მიმღებებმა, რომლებიც ამ ანტარქტიდის დაცული ზონების საზღვრებს ადგენენ.

თუმცა, თუკი კოსმოსიდან პინგვინთა სკორეს ძებნა არ გხიბლავთ, გაქვთ ალტერნატივა — მოძებნოთ გალაქტიკები. ამისათვის შეგიძლიათ ჩაერთოთ კიდევ ერთ სამოყვარულო მეცნიერულ პროექტში, რომელსაც Galaxy Zoo ეწოდება.

პროგრამა უკვე ათ წელზე მეტია ხორციელდება და კრებს მოხალისეებს, რომლებიც გალაქტიკათა ფორმების კლასიფიცირებას ახდენენ. ამ საქმეში ჩართვა ნებისმიერს შეუძლია.

„იმის ცოდნაც კი არ გჭირდებათ, რა არის გალაქტიკა“, — ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი კრის ლინტო.

მისივე თქმით, გალაქტიკის ფორმა ძალიან ბევრ რამეს გვიყვება მისი ისტორიის შესახებ — გვეუბნება, როდის შთანთქა მან მატერია, როდის შეეჯახა სხვა გალაქტიკებს, როდის წამოიქმნა მისი ვარსკვლავები და სხვა ობიექტები. როგორც იგი აღნიშნავს, ასტრონომები ფოტოებს საკმაოდ წარმატებით იღებენ, მაგრამ მონაცემთა დალაგება ხშირად ძალიან იწელება. სწორედ აქ ხდება საჭირო საზოგადოების ჩართვა. მოკლე ტრენინგის შემდეგ, მოხალისეებს სურათებს აწვდიან და ისინიც მძებნელი მეცნიერები ხდებიან.

„არ გვჭირდება, რომ ადამიანებმა კონკრეტული სისტემის თვალიერებაში საათები დახარჯოს თუ მას ეს არ სურს; საჭიროა, უბრალოდ ამოიცნოთ და გადახვიდეთ შემდეგ გალაქტიკაზე. ბევრი მას პაკეტიდან ჩიფსების ჭამას ადარებს, იღებ ერთს, მეორეს, მესამეს და ამ გზით დამოგზაურობ სამყაროში“, — ამბობს ლინტო.

ბოლო წლებში პროექტი ცოტა შეიცვალა. მართალია, Galaxy Zoo შეიქმნა იმიტომ, რომ ადამიანები კომპიუტერზე უკეთ ახდენდნენ გალაქტიკების კლასიფიცირებას, 12-მა წელიწადმა ეს საკითხი ცოტათი შეცვალა. პროექტს ახლახან დაემატა ალგორითმი, რომელიც ადვილად კლასიფიცირებად გალაქტიკებს ეძებს, უფრო უცნაურებს კი მოხალისეებს უტოვებს.

Galaxy Zoo-ს მოხალისეთა შრომის საფუძველზე, მეცნიერებმა ბოლო წლებში განსაზღვრეს, რომ გალაქტიკათა ცენტრში არებული შავი ხვრელები უფრო სტაბილურად იზრდებიან და არა მათ გარშემო არსებულ სტრუქტურებთან შეჯახებების გზით.

ლინტოს თქმით, ამ პროცესში ადამიანების ჩართულობა საკმაოდ ღირებულია, რადგან ისინი ამჩნევენ საგნებს, რომლებიც შეიძლება, ალგორითმს გამორჩეს.

„ვიპოვეთ ახალი ტიპის გალაქტიკები და ახალი სახის ობიექტები თუნდაც იმიტომ, რომ ამ პროექტის რომელიღაც მონაწილემ ოდესღაც ძალიან ადამიანურად, უბრალოდ თქვა, რომ ‘ეს უჩვეულოა, არ ვიცი, რა არის’“, — ამბობს ლინტო.

პროექტი ობსერვატორიების პროგრამებიდან მონაცემებს ავტომატურად ტვირთავს, თავს უყრის ნედლ ფოტოებს, რომლებშიც ყოველთვის არის სანახავი რაღაც ახალი. თქვენ შეიძლება პირველი ადამიანიც იყოთ, რომელიც ამა თუ იმ გალაქტიკას იხილავს.

„ვებგვერდზე უბრალოდ შესვლითა და რეგისტრაციით, თქვენ შეიძლება იხილოთ რაღაც ისეთი, რაც მანამდე არავის არასოდეს უნახავს“, — ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი კრის ლინტო.

პინგვინების ძებნის პროექტში ჩასართავად ეწვიეთ ამ ბმულს, გალაქტიკების ძებნის პროგრამაში ჩართვისათვის კი ეს ბმული გახსენით.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით.