პინგვინების გადაღებული ვიდეო-სელფი ანტარქტიდიდან

აღმოჩნდა, რომ სელფის გადაღება ცხოველებსაც შეუძლიათ. ანტარქტიდაზე ორი საიმპერატორო პინგვინი ადამიანების მიერ დატოვებულ კამერასთან მივიდა და მოკლე ვიდეო გადაიღეს.

ავსტრალიის გარემოს დაცვის დეპარტამენტის ანტარქტიკის განყოფილებამ 38-წამიანი კომიკური ვიდეო რამდენიმე დღის წინ სოციალური მედიაში გამოაქვეყნა.

საიმპერატორო პინგვინთა კოლონიის სიახლოვეს, ექსპედიციის ერთ-ერთმა წევრმა, ედი გოლტმა მიწაზე კამერა დატოვა.

„მაინტერესებდა, რას იზამდნენ პინგვინები კამერასთან მისვლისას“, — ამბობს იგი.

ვიდეო ნამდვილი „სელფი“ არ არის. კამერამ ცნობისმოყვარე ფრინველები გადაიღო, მაგრამ მოხიბლული მაყურებელი ამას სულაც ვერ ხვდება, იქმნება შთაბეჭდილება, რომ კამერა პინგვინებს ეჭირათ.

დაბალ წერტილში მოთავსებული კამერა თავიდან პინგვინთა ჯგუფს იღებდა, თუმცა უცბად, მასთან ერთი პინგვინი მიბაჯბაჯდა და ჩაუნისკარტა, რის შედეგადაც კამერის ფოკუსი მისი სახისკენ შებრუნდა.

სულ მალე, მასთან მეორე პინგვინიც მივიდა, მეგობარი გვერდით გასწია და კადრში შევიდა.

დაახლოებით ნახევარი წუთის განმავლობაში, ცნობისმოყვარე პინგვინები ჭყიოდნენ და კამერის წინ პოზირებდნენ. საბოლოოდ, გაოცებულმა ფრინველებმა თავები მაღლა ასწიეს და ერთდროულად გააქნიეს.

რამდენიმე საათის განმავლობაში, ვიდეომ ავსტრალიის ანტარქტიკის განყოფილების Facebook-გვერდზე 30 000-ზე მეტი ნახვა დააგროვა.

რა თქმა უნდა, ეს შემთხვევა პირველი არ არის, როცა ცხოველები, მით უმეტეს, პინგვინები, სელფის იღებენ.

2013 წელს სუბანტარქტიკულმა პინგვინმა კანადური საკრუიზო გემის GoPro კამერა ნისკარტში მოიქცია და ეპიკური სელფი გადაიღო.


2011 წელს ველური ბუნების ფოტოგრაფ დევიდ სლეტერის კამერით სელფი გადაიღო მამრმა მაკაკამაც.

სლატერი მაშინ ინდონეზიის კუნძულ სულავესზე მდებარე ტანგკოკო-ბატუანგუსის ბუნების ნაკრძალს სტუმრობდა. მაკაკების გადაღების მიზნით, მან კამერა ჯუნგლებში დატოვა.

მეორე დღეს, მაიმუნების ჯგუფმა მისი კამერით თამაში დაიწყო, ამიტომ აპარატი მან შტატივზე დაამაგრა და პარამეტრები ისე დააყენა, რომ ახლო ხედები გადაეღო, თუკი მაიმუნები ამას შეეცდებოდნენ. მაკაკებმა ეს მოახერხეს.

„ფრთხილად გავეცალე იქაურობას და თვალთვალი დავიწყე. მაიმუნები კამერასთან მივიდნენ, დაიწყეს ღილაკებისა და ლინზების შემოწმება. ჩემ წინაშე ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო სანახაობა გადაიშალა. ისინი კბილებს კრეჭდნენ, ტუჩებს პრუწავდნენ და დიდი ლინზების წინ ერთმანეთს ეკრიჭებოდნენ. თამაშის დროს კამერამ, რა თქმა უნდა, გადაიღო რამდენიმე სურათი. ყველაფერი დაახლოებით იმას ჰგავდა, პატარა ბავშვი რომ ახალ სათამაშოს სინჯავს და უხარია. ძალიან მოსწონდათ გადაღების ხმა, მაგრამ ყველაზე მეტად კამერაში საკუთარი სახეების ხილვით აღტკინდნენ“, — ამბობს დევიდ სლატერი.

მაიმუნების სლეფები სულ მალე ინტერნეტს ვირუსულად მოედო.

მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით