აღმოჩენილია ირმის ნახტომზე 32-ჯერ დიდი რადიოგალაქტიკა — #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია ირმის ნახტომზე 32-ჯერ დიდი რადიოგალაქტიკა — #1tvმეცნიერება

გიგანტური რადიოგალაქტიკები კოსმოსური მეგასტრუქტურებია, რომლებიც მილიონობით სინათლის წლის მანძილზე ივრცობა და წარმოქმნიან მთელ სამყაროში ჩვენთვის ცნობილ ერთ-ერთ უდიდეს სტრუქტურებს.

მიუხედავად იმისა, რომ ამხელები არიან, გიგანტური რადიოგალაქტიკების პოვნა მაინც რთულია. რომელიმე მათგანის აღმოჩენა დიდი საქმეა, განსაკუთრებით თუ ის კოლოსალური და გამორჩეულია, როგორც ერთ-ერთი ახლახან აღმოჩენილი, რომელიც ასტრონომებმა სამხრეთ აფრიკის ტელესკოპ MeerKAT-ით დააფიქსირეს.

ახლად აღმოჩენილი გალაქტიკის ზომა ერთი ბოლოდან მეორემდე დაახლოებით სამი მილიონი წელია; მოიცავს ცხელი პლაზმის უზარმაზარ ჭავლებს, რომლებიც გალაქტიკათშორის სივრცეში იფრქვევა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის ირმის ნახტომზე 30-32-ჯერ დიდია.

მკვლევართა განცხადებით, ის საკმაოდ იდუმალიცაა, აქვს უჩვეულო თვისებები, რომლებიც მარტივად ვერ აიხსნება. სახელიც შესაბამისი შეურჩიეს სამხრეთ აფრიკის ადგილობრივი ბანტუს ენებიდან.

„გიგანტურ გალაქტიკას „ინკატაზო“ ვუწოდეთ, რაც ისიზულუს ენაზე გასაჭირს ნიშნავს; ასე იმიტომ დავარქვით, რომ მისი შესწავლა მართლაც რთულია“, — ამბობს კვლევის ავტორი კეიპ-ტაუნის უნივერსიტეტიდან, კატლინ ჩარლტონი.

რადიოგალაქტიკა

რადიოგალაქტიკების ფიზიკა ისედაც საოცარია. მათ ცენტრში სუპერმასიური შავი ხვრელები მატერიას შთანთქავენ და პლაზმის ვრცელ ჭავლებს ტყორცნიან, რომლებიც რადიოსიხშირეებში ანათებენ. ორ მილიონ სინათლის წელიწადზე უფრო დიდებს გიგანტურ რადიოგალაქტიკებს (GRG) უწოდებენ.

თუმცა, ინკატაზო რადიოგალაქტიკის სტანდარტის თვალსაზრისითაც კი თავსატეხია.

„მას არ გააჩნია იგივე მახასიათებლები, რაც სხვა მრავალ გიგანტურ რადიოგალაქტიკას. მაგალითად, პლაზმის ჭავლებს უჩვეულო ფორმა აქვს: ერთი ბოლოდან მეორემდე სწორ ხაზზე გავრცობის ნაცვლად, ერთი ჭავლი მოხრილია“, — ამბობს ჩარლტონი.

მიუხედავად იმისა, რომ ინკატაზოს ზომა ისედაც შთამბეჭდავია, გამორჩეულად უჩვეულოა გალაქტიკის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. ინკატაზო მდებარეობს სხვა გალაქტიკების გროვის შუაგულში, სადაც გარემო პირობები არახელსაყრელი უნდა იყოს ასეთი გიგანტური ჭავლებისთვის.

„ამაღელვებელი და მოულოდნელი აღმოჩენაა. კლასტერულ გარემოში გიგანტური რადიოგალაქტიკის აღმოჩენა აჩენს კითხვებს ამ გიგანტურ გალაქტიკათა ფორმაციასა და ევოლუციაში გარემოებითი ურთიერთქმედებების როლის შესახებ“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, პრეტორიის უნივერსიტეტის ასტრონომი კსიტიჯ თორატი.

ინკატაზოს საიდუმლოთა ამოსახსნელად, მკვლევრებმა ტელესკოპ MeerKAT-ით შექმნეს გალაქტიკის სპექტრული ასაკის მაღალი რეზოლუციის რუკები. ამით შესაძლებელია გალაქტიკის სხვადასხვა რეგიონში პლაზმის ასაკის დადგენა, რამაც იმის შესახებაც უნდა მოგვცეს მინიშნება, თუ ზუსტად რა ხდება იქ.

რადიოგალაქტიკა

მკვლევართა განცხადებით, რუკებმა ინკატაზოს ჭავლებში საოცარი მოულოდნელობები აჩვენა; ზოგიერთ ელექტრონს რაღაც აძლევდა ენერგიის იდუმალ სტიმულებს.

ავტორთა ვარაუდით, ეს შეიძლება აირეკლავდეს უფრო ფართო კოსმოსურ სამეზობლოს. შედარებით ცარიელ სივრცეში პლაზმის ტყორცნის ნაცვლად, ინკატაზოს ჭავლები მის გალაქტიკათა გროვაში არსებულ გალაქტიკათშორის ვოიდებში იფრქვევა, სადაც მათი ურთიერთქმედება ცხელ გაზებთან შეიძლება ხსნიდეს ენერგიის უცნაურ სტიმულებს.

„ეს აღმოჩენა გიგანტურ რადიოგალაქტიკათა გასაოცარ დეტალებში შესწავლის უნიკალურ შანსს გვაძლევს. აღმოჩენა ეჭვქვეშ აყენებს არსებულ მოდელებს და მიუთითებს, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით ამ ექსტრემალურ გალაქტიკებში მიმდინარე პლაზმის რთული ფიზიკის შესახებ“, — ამბობს თორატი.

გიგანტური რადიოგალაქტიკები ერთ დროს იშვიათობად მიიჩნეოდა, მაგრამ ახალი თაობის უფრო დახვეწილი რადიოტელესკოპების წყალობით, ბოლო წლებში მათი კვლევა გახშირდა.

„MeerKAT-ის და მის მსგავს ტელესკოპთა დახმარებით, ბოლო ხუთ წელიწადში აღმოჩენილ გიგანტურ რადიოგალაქტიკათა რაოდენობაში ნამდვილი აფეთქება მოხდა. მათი კვლევა იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ მიყოლაც კი გაძნელდა“, — აღნიშნავს ჩარლტონი.

სხვათა შორის, ამ დროისათვის აღმოჩენილ გიგანტურ რადიოგალაქტიკათა უმეტესობა დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში განთავსებული ტელესკოპებითაა დაფიქსირებული. თუმცა, ბოლოდროინდელი აღმოჩენები მიუთითებს სამხრეთის ცის დიდ პოტენციალზეც.

კვლევა Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ras.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.