ჯეიმს ვების ამ ახალ ფოტოზე სინათლის ყოველი წერტილი გალაქტიკაა — #1tvმეცნიერება
15:07, 06.05.2025
თუ რაიმე კარგი ხედი გსურთ, ალბათ ცოტა რამ იქნება ისეთი სასიამოვნო, როგორც ღრმა კოსმოსის კარგი სურათი — ისეთი, როგორიც ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ახალი კადრია.
ვების ახალ სურათზე ასახულია თითქმის 12 მილიარდი წლის წინანდელი სამყაროს ნაწილი, რომელიც ცის ერთი ციცქნა მონაკვეთში ჩატეული, სავსე მთვარის სიგანის თითქმის მეხუთედში. ცის ეს პატარა მონაკვეთი მბზინავი სინათლითაა სავსე.
თითქოს ცის ნებისმიერ მონაკვეთს ჰგავს, როცა ღამით, უღრუბლო ღამეს შესცქერით, მაგრამ არის ერთი გამაოგნებელი განსხვავება.
ჯეიმს ვები-ჰაბლის კომპოზიტური სურათზე ასახული სინათლის უმეტესობა არა კაშკაშა ვარსკვლავები, არამედ გალაქტიკებია, რომლებიც სივრცე-დროში თითქმის სამყაროს დასაწყისშია მიმოფანტული.
სხვაობას ადვილად გამოარჩევთ, რადგან მხოლოდ ვარსკვლავებს აქვთ ფოტოზე დიფრაქციული წვეტები. ეს მახასიათებელი მაშინ წარმოიქმნება, როცა კონცენტრირებული წერტილოვანი წყაროს სინათლე ტელესკოპის კიდეების გარშემო მრუდდება. გალაქტიკების სინათლე ნაკლებად კონცენტრირებულია და შესაბამისად, ასეთ ეფექტს ვერ წარმოქმნის.
შედეგად, ჯეიმს ვების ფოტოებზე ადვილია წინა პლანზე ვარსკვლავების ამოცნობა და უკანა ფონური ობიექტებისგან გარჩევა.
ამ კონკრეტული ფოტოს ფოკუსი არის ცენტრიდან ოდნავ ქვემოთ კონცენტრირებულ გალაქტიკათა ჯგუფი, რომელიც ოქროსფრად კაშკაშებს. გალაქტიკათა ამ ჯგუფის სინათლემ ჩვენამდე მოსაღწევად 6,5 მილიარდი წელიწადი იარა — 13,8 მილიარდი წლის სამყაროს თითქმის ნახევარი.
დაკვირვებები პროგრამა COSMOS-Web-ის ფარგლებში ჩატარდა; ამ პროექტის მიზანია გალაქტიკათგროვების კატალოგიზაცია, რათა უკეთ გავიგოთ სამყაროს ევოლუცია, რომელშიც კოსმოსური აბლაბუდაც შედის.
სამყაროში გალაქტიკათა გადანაწილება შემთხვევითი არ არის; ისინი საკუთარ თავს კლასტერებად (გროვები) აორგანიზებენ, რომლებსაც ერთმანეთთან აერთებს ბნელი მატერიისა და წყალბადის უხილავი კოსმოსური აბლაბუდა.
ჯეიმს ვებისა და ჩანდრას რენტგენული ობსერვატორიის მონაცემთა კომბინირებამ ცხადყო, რამხელაა ეს ჯგუფი, რომელიც ხედვის ამ მონაკვეთში ყველაზე მასიურია. ცხელი გაზი, რომელიც გროვას ავსებს, რენტგენულ დიაპაზონში იმდენად ანათებს, რომ ჩანდრამ მისი დაფიქსირება შეძლო.
თუმცა, ამ ფოტოზე გაცილებით ბევრი რამ ჩანს, თუ იცი, როგორ დაინახო. ამ მონაცემებით შევსებულ კატალოგში, ასტრონომთა ჯგუფმა გამოავლინა გალაქტიკათა 1678 ჯგუფი. არა 1678 გალაქტიკა, არამედ 1678 ჯგუფი!
ამავე დროს, ცის ეს პატარა მონაკვეთი არაფრითაა გამორჩეული და ზომაში მხოლოდ 6,44 X 6,44 არკმინუტია. შედარებისათვის, სავსე მთვარის სიგანე დაახლოებით 30 არკმინუტია. ცის ყოველი სხვა ასეთივე ციცქნა მონაკვეთიც ასევე უნდა იყოს გადავსებული გალაქტიკებით — ათასობით ათასი გალაქტიკით თქვენს ფრჩხილზე უფრო პატარა მონაკვეთში.
თუ გსურთ, ყოველდღე შეახსენოთ საკუთარ თავს, რამდენად პატარა ხართ, შეგიძლიათ ჯეიმს ვების უახლესი ფოტოები ჩამოტვირთოთ ტელესკოპის ოფიციალური ვებგვერდიდან და ჟურნალ Astronomy & Astrophysics-დან.