ანტარქტიდაზე საიმპერატორო პინგვინთა ერთ-ერთი უდიდესი კოლონია განადგურდა
ანტარქტიდაზე საიმპერატორო პინგვინთა ერთ-ერთი უდიდესი კოლონია განადგურდა

ანტარქტიდის ბინადარი ქარიზმატული საიმპერატორო პინგვინები განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან კლიმატის ცვლილების მიმართ. გამთბარი წყალი ადნობს ზღვის ყინულს, სადაც ისინი ბინადრობენ და მრავლდებიან.

როგორც ირკვევა, პინგვინებმა უკვე მიატოვეს თავიანთ ერთ-ერთი უდიდესი კოლონია, რადგან გამრავლების პროცესში მყოფმა წყვილებმა ბოლო სამი წლის განმავლობაში ვერც ერთი წიწილა ვერ გამოჩეკეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტს პირდაპირ ვერ უკავშირებენ კლიმატის ცვლილებას, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ეს ნამდვილად ავბედითი ნიშანია იმ მოვლენებისა, რაც შეიძლება პინგვინთა ამ უდიდესი სახეობის ირგვლივ განვითარდეს.

პარტნიორთა საძებნელად, წიწილების გამოჩეკვისა და გაზრდისათვის საიმპერატორო პინგვინებს მთელი წლის განმავლობაში სჭირდებათ ზღვის ყინული. ეს საჭიროება კრიტიკული პრობლემა გახდა პინგვინთა მეორე უდიდესი კოლონიისათვის, რომელიც უედელის ზღვაში, ჰალეის უბეში ბინადრობს. 2015 წელს დაწყებულმა მძლავრმა შტორმებმა, რომელიც ანომალიურმა კლიმატურმა მოვლენა ელ-ნინიომ გამოიწვია, იქ არსებული წყლის ყინული გაანადგურა. ელ-ნინიო არის წყნარი ოკეანის პერიოდული გათბობა, რომელიც გლობალური ამინდის მახასიათებლებს ცვლის.

იმის გასარკვევად, რა დაემართა კოლონიას, დისტანციური ზონდირების ექსპერტმა, ბრიტანეთის ანტარქტიკული კვლევის პროექტიდან, პიტერ ფრეტველმა შეისწავლა მაღალი რეზოლუციის თანამგზავრული ფოტოგრაფია. მასალაში კარგად ჩანს ინდივიდუალური პინგვინები და მათი ჯგუფები 2009-2018 წლებში. ფრეტველის ვარაუდით, ამ პერიოდში კოლონიაში 14000-25000 პინგვინს უნდა ეცხოვრა. თუმცა აღმოჩნდა, რომ 2016 წლიდან პოპულაცია მთლიანად გაქრა, ნულზე ჩამოვიდა; აღმოჩნდა, რომ რეპროდუქციულ პერიოდში არც ერთი წიწილა არ გამოჩეკილა.

„გამომდინარე იქიდან, რომ საიმპერატორო პინგვინთა უმეტესი კოლონიების პოპულაციათა ტენდენციების შესახებ ცოტა რამ ვიცით, საქმე გვაქვს ძალიან ცუდ ამბავთან“, — ამბობს ვაშინგტონის უნივერსიტეტის პინგვინების ეკოლოგი დი ბოერსმა, რომელიც კვლევაში ჩართული არ ყოფილა.

მისი თქმით, გამრავლების უშედეგო მცდელობას შესაძლოა, სახეობაზე სულაც არ ჰქონდეს გრძელვადიანი გავლენა, რადგან ამ პინგვინებს გამრავლების სხვა შესაძლებლობებიც უნდა ჰქონდეთ.

როგორც ჩანს, ამ კოლონიის ბევრი პინგვინი 55 კილომეტრის მოშორებით მდებარე მომიჯნავე კოლონიაში გადავიდა, რომელიც ამ პროცესის შედეგად ზომაში 10-ჯერ გაიზარდა.

მკვლევართა თქმით, ასეთი ცვლილება შემაშფოთებელია, რადგან მიიჩნეოდა, რომ უედელის ზღვის ამ ნაწილს შედარებით არ ეხებოდა კლიმატის ცვლილების გამო ანტარქტიდაზე მიმდინარე დრამატული ცვლილებები.

მომზადებულია sciencemag.org-ის მიხედვით.