როგორ შეუწყო ხელი კლიმატის ცვლილებამ COVID-19-ის გამოჩენას — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
როგორ შეუწყო ხელი კლიმატის ცვლილებამ COVID-19-ის გამოჩენას — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა შარშანდელმა ტყის ხანძრებმა და გლობალურმა პანდემიამ ერთი რამ აშკარად გვასწავლა — რამდენად ურთიერთდაკავშირებული ვართ ერთმანეთთან და ყველა ერთად გარემოზე. უკვე არსებობს გარკვეული ადრეული მინიშნებები იმის შესახებაც, რომ კლიმატის ცვლილება და პანდემიის მიზეზიც შეიძლება ასე იყოს გადაჭდობილი ერთმანეთთან, ოღონდ ღამურების გავლით.

ღამურებს აქვთ საყოველთაოდ ცნობილი უნარი, რომ ატარონ ისეთი ვირუსები, რომლებიც სხვა ცხოველებს უბრალოდ ანადგურებს. ასეთი სუპერმძლავრი იმუნური სისტემა მათთვის ნამდვილი იარაღია, რომელიც ამ მფრინავ ძუძუმწოვრებს მთელ მსოფლიოში ლაღად ცხოვრების საშუალებას აძლევს, მაგრამ ნამდვილი წყევლაა ცხოველთა დანარჩენი სამყაროსთვის, რადგან ღამურებს მუდამ გადააქვთ ვირუსები.

ახალი კვლევის მიხედვით, გასული საუკუნიდან დღემდე გამთბარმა კლიმატმა, მზის ნათებისა და ნახშირორჟანგის ზრდამ, ასევე ნალექების რაოდენობის ცვლილებამ, სამხრეთ ჩინეთის ბუჩქნარით დაფარული ზონები სავანებად და ტყეებად გარდაქმნა — ღამურების ძირითად ჰაბიტატად. ამ ზონაში ღამურების 40 ახალი სახეობა „გადაბარგდა“.

„იმის დადგენა, თუ როგორ შეიცვალა ღამურების სახეობათა გლობალური გავრცელება კლიმატის ცვლილების შედეგად, შეიძლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყოს COVID-19-ის ეპიდემიის წარმომავლობის აღსადგენად“, — ამბობს კემბრიჯის უნივერსიტეტის ზოოლოგი რობერტ ბეიერი.

ამის შესასწავლად, ბეიერმა და მისმა კოლეგებმა გამოიყენეს მონაცემები მსოფლიო ვეგეტაციის, ტემპერატურის, ნალექების, ღრუბლების საფარისა და მსოფლიო ღამურების სახეობათათვის საჭირო ვეგეტაციური აუცილებლობების შესახებ; ამის საფუძველზე შექმნეს 1900-იანი წლების დასაწყისში ღამურების გავრცელების რუკა. ამის შემდეგ, ეს რუკა სახეობათა დღევანდელი გავრცელების რუკას შეადარეს.

„რადგან კლიმატის ცვლილებამ შეცვალა ჰაბიტატებიც, სახეობებმა ზოგიერთი ზონა დატოვეს და სხვაგან გადასახლდნენ, თან წაიღეს საკუთარი ვირუსებიც. ამან კი არა მხოლოდ შეცვალა ის რეგიონები, სადაც ვირუსებია წარმოდგენილი, არამედ დიდი ალბათობით, გააჩინა ახალი ურთიერთქმედებები ცხოველებსა და ვირუსებს შორის, რამაც უფრო სახიფათო ვირუსების მისცა სხვა სახეობებში გადასვლისა და განვითარების საშუალება“, — განმარტავს ბეიერი.

ადამიანებში ახლად გამოჩენილი ოთხი ინფექციური დაავადებიდან, სამი ზოონოზური დაავადებაა, ანუ ცხოველებიდან წამოსული. ღამურების ვირუსებიდან ამ დროისათვის სეკვენირებულთა დაახლოებით მესამედი კი კორონავირუსებია. 2002 წელს დაწყებული SARS-ის პანდემიის საწყისი ერთი მღვიმის ღამურებში იპოვეს; ამჯერად, დიდი ალბათობით ასევე ღამურები გახდნენ SARS-CoV-2-ის (COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსი) წინამორბედი ვირუსის წყაროც.

მათ შორის, ჩინეთის იუნანის პროვინციაში შედარებით ბოლო დროს გადასახლებულ ღამურთა სახოებები ატარებენ კორონავირუსა 100-ზე მეტ ტიპს. როგორც გენეტიკური მტკიცებულებები მიუთითებს, SARS-CoV-2-ის წინაპარი ამავე რეგიონიდან მოდის.

მიჩნეულია, რომ ამ კორონავირუსთა უმეტესობა ჩვენ არ გვაინფიცირებს. ღამურების ზოგიერთ სახეობას ადამიანები შეცდომით ვერჩით იმ სხვების გამო, რომლებმაც თავისდაუნებურად ჩაგვაგდეს ამ უბედურებაში; არ ვითვალისწინებთ იმასაც, თუ რამდენად გადამწყვეტ როლს თამაშობენ ეს ცხოველები ჩვენს ეკოსისტემებში. სულ მცირე 500 მცენარის სახეობა დამოკიდებულია დამტვერვაზე (ბანანი, მანგო, აგავა და ა. შ.), სხვა მცენარეები დამოკიდებულია მათ ფეკალიებზე, ზოგიერთი კი უბრალოდ განადგურდებოდა, ღამურები რომ მათ მავნებელ მწერებს არ სპობდნენ (მათ შორის, დაავადებათა მატარებელ კოღოებს).

თუმცა, ჩვენი დაუღალავი სვლა მათი ბუნებრივი გავრცელების ზონების უფრო და უფრო სიღრმეში, ისეთი პროცესებით, როგორებიც არის თუნდაც ტყის ჩეხვა, რაც ასევე მოქმედებს კლიმატის ცვლილებაზე — სულ უფრო ზრდის ჩვენს ურთიერთობას ამ ცხოველებთან და შესაბამისად, მათ ვირუსებთან ჩვენი შეხვედრის შანსებს. გაუარესებული ჰაბიტატები ასევე იწვევს მასში ბინადარი ცხოველების იმუნური სისტემის სტრესსა და შესუსტებას, რაც მათ ვირუსებს ისეთი მუტაციების შანსებს აძლევს, რომელთა წყალობითაც ისინი ადვილად გადადიან სახეობიდან სახეობაში.

„საფრთხის ქვეშ მყოფ ველურ სახეობათა შორის, ისინი, რომლებიც ექსპლუატაციისა და ჰაბიტატის დაკარგვის გამო ყველაზე მეტად მცირდებიან, ადამიანთათვის სახიფათო ყველაზე მეტ ვირუსს ატარებენ“, — აღნიშნულია ერთ-ერთ შარშანდელ კვლევაში.

ბეიერი და მისი ჯგუფი გვაფრთხილებს, რომ SARS-CoV-2-ის ზუსტი წარმომავლობა ჯერ არ ვიცით და შესაბამისად, მათი დასკვნები ჯერ საბოლოო არ არის და ამისათვის საჭიროა სხვადასხვა ვეგეტაციებისა და მოდელების საშუალებით ჩატარებული სამომავლო კვლევები. ასევე საჭიროა იმ სხვა სხვა ცვლადების შესწავლაც, რომლებსაც შეიძლება ასევე გავლენა აქვთ ღამურების გავრცელებაზე, მაგალითად, შეჭრილი სახეობები და ჰაერის დაბინძურება.

იქამდე კი, ვიდრე კორელაცია მიზეზობრიობას არ უტოლდება, სულ უფრო მეტი კვლევა მიუთითებს, რომ კლიმატის ცვლილება არის პათოგენთა მიერ ახალი მასპინძლების ინფიცირების მამოძრავებელი ძალა. ისტორიაში გვაქვს იმის მაგალითებიც კი, როგორ გახდა გლობალური კლიმატის ცვლილება დაკავშირებული გარემოს ისეთ დარღვევებთან, რომლებმაც ახალ ინფექციურ დაავადებათა გამოჩენა გამოიწვიეს.

„ის ფაქტი, რომ კლიმატის ცვლილებას შეუძლია დააჩქაროს ველურ ბუნებაში არსებულ პათოგენთა ადამიანებში გადასვლა, სასწრაფო გამოსაფხიზლებელი ზარი უნდა იყოს გლობალური გამონაბოლქვის შესამცირებლად“, — ამბობს ჰავაის უნივერსიტეტის ბიოგეოგრაფი კამილო მორა.

ამ რისკების შესამცირებლად, ბეიერი და მისი კოლეგები ძლიერ გვირჩევენ ისეთი ზომების მიღებას, რომლებიც შეზღუდავს ადამიანებისა და ველური ბუნების ურთიერთქმედებებს, მათ შორის უნდა იყოს მკაცრი რეგულაციების შემოღება ველურ ბუნებაზე ნადირობისა და ვაჭრობის წინააღმდეგ, კამპანია ველურ ბუნებაზე დამოკიდებული კვების რაციონისა და სამედიცინო ტრადიციების წინააღმდეგ, ფერმებში, ბაზრებსა და სატრანსპორტო საშუალებებში ცხოველთა ყოფის გაუმჯობესების მკაცრი სტანდარტების შემოღება. როგორც ისინი პუბლიკაციაში წერენ, ამის გასაკეთებლად საჭიროა იმ სოციო-ეკონომიკურ საჭიროებათა გათვალისწინება, რომლებიც ხელს უწყობენ ამ პრაქტიკას.

სახეობათა სიჯანსაღის შესანარჩუნებლად გადამწყვეტია ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვა — სწორედ ეს გახლავთ ის ზომა, რომელიც ასევე ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების შემსუბუქებას.

„ჩვენი ანალიზების ფარგლებში დადგენილი იმ შესაძლებლობიდან გამომდინარე, რომ სათბურის აირების გამოყოფა შეიძლება SARS-CoV-1-ისა და SARS-CoV-2-ის გავრცელების ხელშემწყობი ფაქტორი იყო, ყველას მკაცრად მოვუწოდებთ, რომ მივიღოთ გადამწყვეტი ზომები კლიმატის ცვლილების შესამსუბუქებლად, რაც ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს COVID-19-ის შემდეგ ეკონომიკის აღდგენის პროგრამებში“, — წერს ჯგუფი.

კვლევა ჟურნალ Science of the Total Environment-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.