ბრაზილიის ბინადარ ღამურებში ძლიერ ფატალური კორონავირუსის ახლო ნათესავი კორონავირუსი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ბრაზილიის ბინადარ ღამურებში ძლიერ ფატალური კორონავირუსის ახლო ნათესავი კორონავირუსი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

ახალი კვლევის თანახმად, ბრაზილიის ბინადარი ღამურები მრავალ სხვადასხვა კორონავირუსს ატარებენ; მათ შორის არის ახლად გამოვლენილი შტამი, რომელიც მომავალ წლებში შეიძლება საფრთხე გახდეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

მეცნიერები საფრთხეს სერიოზულად უდგებიან და მალე, უსაფრთხო ლაბორატორიაში ტესტებს ჩაატარებენ, შეუძლია თუ არა ვირუსის ამ ვარიანტს ადამიანის დაინფიცირება.

აღმოჩენა შეშფოთების საგანია, რადგან ეს შტამი საზარელი შეხსენებაა ღამურებისგან წამოსული ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის (MERS) ვირუსისა — ამ დაავადებას ადამიანებში სიკვდილიანობის ძლიერ მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა, თითქმის 35 პროცენტი.

MERS-ის კორონავირუსის (MERS-CoV) იდენტიფიცირება 2012 წელს მოხდა და მას შემდეგ, 858 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ძირითადად ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და სამხრეთ აზიაში. მსუბუქი შემთხვევები ალბათ ყურადღების მიღმაც დარჩა, მაგრამ ამ ვირუსს სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს იმ კორონავირუსებს შორის, რომლებსაც ადამიანის ინფიცირება შეუძლიათ.

შედარებისათვის გეტყვით, რომ COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის, SARS‑CoV‑2-ის სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით ორი პროცენტია.

ბრაზილიელმა და ჩინელმა მეცნიერებმა MERS-CoV-ის ახლო ნათესავი კორონავირუსი მაშინ აღმოაჩინეს, როცა ბრაზილიის ბინადარ 16 სხვადასხვა სახეობის ღამურას ამოწმებდნენ პათოგენებზე.

ღამურებიდან აღებულ 400-ზე მეტ ორალურ და რექტალურ ნაცხში, საერთაშორისო ჯგუფმა შვიდი სხვადასხვა კორონავირუსი აღმოაჩინა; ჯგუფს სან-პაულუს ფედერალური უნივერსიტეტის მკვლევარი ბრუნა სტეფანი სილვერიუ ხელმძღვანელობდა. ეს ვირუსები ღამურას მხოლოდ ორ სახეობაში აღმოჩნდა: Molossus molossus-ი (მწერიჭამია) და Artibeus lituratus-ი (ხილის ღამურა).

ვირუსული ვარიანტებიდან მხოლოდ ერთს აქვს MERS-CoV-თან საერთო ევოლუციური ისტორია.

ამ დრომდე, MERS-CoV.-ის ოჯახის წევრები დოკუმენტირებული იყო მხოლოდ აფრიკის, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ღამურებში.

ავტორთა განცხადებით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ახლო ნათესავი ვირუსები ცირკულირებენ სამხრეთამერიკულ ღამურებში და იფართოებენ ჩვენთვის ცნობილ გეოგრაფიულ დიაპაზონს.

მეცნიერებმა 2020 წლის პანდემიამდე დიდი ხნით ადრეც იცოდნენ, რომ ღამურებში არსებული ვირუსები ადამიანისთვის საფრთხეა.

2002 წელს, მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS), 21-ე საუკუნეში პირველი პანდემიური გადამდები დაავადება გახდა უცნობი წარმომავლობით. ეპიდემიის დასასრულს, 2003 წლის ივნისში, მისი სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 10 პროცენტს აღწევდა.

მოგვიანებით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ღამურები SARS-ის მსგავს ვირუსთა ბუნებრივი რეზერვუარები იყვნენ; წლობით გულმოდგინე მუშაობის შემდეგ კი დაადასტურეს, რომ SARS-CoV-1 ჩვენში ამ გარეული ძუძუმწოვრებისგან გადმოვიდა.

2012 წელს სცენაზე კიდევ ერთი კორონავირუსი გამოჩნდა. MERS-ი პირველად საუდის არაბეთში გამოავლინეს. დიდი ალბათობით, ღამურასგან ის ჯერ აქლემებს გადაედო, შემდეგ კი აქლემებიდან ადამიანებს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ვირუსი ადამიანებში ადვილად ვერ ვრცელდება, მოგზაურებმა ინფექცია მაინც შეიტანეს აშშ-ში, ევროპაში, აფრიკასა და აზიაში.

მკვლევართა განცხადებით, სამხრეთ ამერიკაში MERS-ის მსგავსი შტამის აღმოჩენა ხაზს უსვამს იმ კრიტიკულ როლს, რასაც ღამურები, როგორც რეზერვუარები ასრულებენ ვირუსების გაჩენაში.

„ამჟამად დარწმუნებული ვართ, რომ მას ადამიანის ინფიცირება შეუძლია, მაგრამ დავაფიქსირეთ ვირუსის წვეტი ცილების (რომლებიც ადამიანის უჯრედებს ბოჭავენ და ასე შედიან მათში) ისეთი ნაწილები, რომლებიც მიუთითებს პოტენციურ ურთიერთქმედებაზე MERS-CoV-ის მიერ გამოყენებულ რეცეპტორებთან. უფრო მეტის დასადგენად, წელსვე ვგეგმავთ ფართო ექსპერიმენტებს ჰონგ-კონგში“, — განმარტავს სილვერიუ.

2020 წლის შემდეგ, მსოფლიომ გაცილებით სერიოზულად აღიქვა გარეული ცხოველებიდან ადამიანებში კორონავირუსების გადმოსვლის საფრთხე. სამხრეთ ამერიკაში ღამურებში საფრთხის შემცველი ვირუსების აღმოჩენა ნამდვილად შემაშფოთებელია, მაგრამ გარკვეულწილად კომფორტულიც. ახლა, როცა უკვე ვიცით მათი არსებობის შესახებ, მეცნიერებს საფრთხის ახლო მონიტორინგი შეუძლიათ.

„ღამურები მნიშვნელოვანი ვირუსული რეზერვუარებია და შესაბამისად, უნდა მიმდინარეობდეს მუდმივი ეპიდემიოლოგიური მეთვალყურეობა“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, სან-პაულუს ფედერალური უნივერსიტეტის ბიოლოგი რიკარდუ დურაიშ-კარვალიუ.

კვლევა Journal of Medical Virology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.