ღამურებში SARS-CoV-2-ის უახლოესი ნათესავი კორონავირუსები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ღამურებში SARS-CoV-2-ის უახლოესი ნათესავი კორონავირუსები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

ლაოსურ ღამურებში აღმოაჩინეს კორონავირუსი, რომელიც როგორც ჩანს, SARS-CoV-2-ის ჩვენთვის ცნობილი უახლოესი ნათესავია; შეგახსენებთ, რომ ვირუსი SARS-CoV-2 იწვევს დაავადება COVID-19-ს.

ახალი კვლევის ფარგლებში, საფრანგეთის პასტერის ინსტიტუტისა და ლაოსის უნივერსიტეტის მკვლევრებმა, ჩრდილოეთ ლაოსის კირქვის მღვიმეებში 645 ღამურა დაიჭირეს და მათ ნიმუშებში SARS-CoV-2-ის ნათესავი ვირუსების მოძებნა სცადეს. შედეგად, აღმოაჩინეს სამი ვირუსი, რომლებსაც BANAL-52, BANAL-103 და BANAL-236 უწოდეს; ამ ვირუსებით ცხვირნალისებრი ღამურები იყვნენ ინფიცირებული და მათი ზოგადი გენომის 95 პროცენტი SARS-CoV-2-თან საერთო.

Nature News-ის ცნობით, ერთი მათგანი, BANAL-52, 96,8 პროცენტით იდენტურია SARS-CoV-2-თან. შედეგად, BANAL-52 ამ დროისათვის ჩვენთვის ცნობილ ვირუსთა შორის გენეტიკურად ყველაზე მეტად ჰგავს SARS-CoV-2-ს.

ამ დრომდე, SARS-CoV-2-ის უახლოეს ნათესავად ითვლებოდა RaTG13, რომელიც 2013 წელს აღმოაჩინეს ცხვირნალისებრ ღამურებში და მისი გენომი 96,1 პროცენტით იდენტური იყო SARS-CoV-2-თან.

გარდა ამისა, ახლად აღმოჩენილი სამივე ვირუსი SARS-CoV-2-ს სხვა ნებისმიერ ვირუსზე გაცილებით უფრო მეტად ჰგავს გენომის ერთი საკვანძო ნაწილით — რეცეპტორის შემბოჭველი დომენით (RBD).

RBD გახლავთ ვირუსის ნაწილი, რომელიც მას მასპინძელი უჯრედების შებოჭვის საშუალებას აძლევს. SARS-CoV-2-ის შემთხვევაში, RBD ბოჭავს ადამიანის უჯრედების რეცეპტორს, სახელად ACE2; სწორედ ამის შემდეგ, ამ რეცეპტორის საშუალებით შედის ვირუსი უჯრედებში.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ როგორც ახალმა კვლევამ დაადგინა, BANAL-52, BANAL-103 და BANAL-236-ს ACE2 რეცეპტორის შებოჭვა და ადამიანის უჯრედებში შესვლა შეუძლიათ. აქვე აღსანიშნავია, რომ ღამურებში აღმოჩენილ სხვა ვირუსებს, რომლებსაც SARS-CoV-2-ის წინაპრობის კანდიდატან განიხილავენ, მათ შორის RaTG13-საც, ეს არ შეუძლია.

მკვლევართა განცხადებით, ახლად აღმოჩენილ სამივე ვირუსს ადამიანის ACE2 რეცეპტორის შებოჭვა ისევე კარგად შეუძლიათ, როგორც SARS-CoV-2 ადრეულ, უხანში გამოჩენილ შტამებს.

კვლევა რეცენზირებამდელ სერვერ Research Square-ზეა ხელმისაწვდომი და იმის კიდევ ერთ მტკიცებულებას წარმოადგენს, რომ SARS-CoV-2 ბუნებრივი წარმოშობისაა და არა ლაბორატორიიდან გაპარული ვირუსი.

როგორც მკვლევრები პუბლიკაციაში წერენ, შედეგები აჩვენებს, რომ SARS-CoV-2-ის ადრეულ შტამებთან ძლიერ მსგავსი მიმდევრობები ბუნებაში არსებობს.

„აღმოჩენისას, SARS-CoV-2-ის რეცეპტორის შემბოჭველი დომენი უჩვეულოდ გვეჩვენებოდა, რადგან მისი მსგავსი ძალიან ცოტა ვირუსი იყო ჩვენთვის ცნობილი; ახლა კი, როდესაც ბუნებაში უფრო მეტ ნიმუშს ვიღებთ, მისი გენომური მიმდევრობების ახლო მონათესავე მით უფრო მეტ ვირუსს ვპოულობთ“, — ამბობს სიდნეის უნივერსიტეტის ევოლუციური ბიოლოგი ედუარდ ჰოლმსი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა.

კვლევის ავტორთა განცხადებით, მათი აღმოჩენა მხარს უჭერს ჰიპოთეზას, რომლის მიხედვითაც, SARS-CoV-2 წარმოადგენს ცხვირნალისებრ ღამურებში არსებულ ვირუსულ მიმდევრობათა რეკომბინაციის შედეგს.

მიუხედავად იმისა, რომ ახლად აღმოჩენილი ვირუსები SARS-CoV-2-ის ახლო ნათესავებია, Nature News-ი წერს, რომ სამივე მათგანს აკლია მიმდევრობები, რომლებსაც „ფურინის დაყოფის ადგილს“ უწოდებენ; ეს უკანასკნელი SARS-CoV-2-ში გვხვდება და ვირუსს უჯრედში შეღწევაში ეხმარება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ SARS-CoV-2-ის წარმოშობის ამბის უკეთ გასარკვევად საჭიროა უფრო მეტი კვლევა, რათა დადგინდეს, როგორ და როდის განუვითარდა მას ფურინის მონაკვეთი.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდება.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.