როგორ იტანენ ღამურები მომაკვდინებელ ვირუსებს — გენომური ანალიზები გარკვეულ პასუხებს გვთავაზობს #1tvმეცნიერება
როგორ იტანენ ღამურები მომაკვდინებელ ვირუსებს — გენომური ანალიზები გარკვეულ პასუხებს გვთავაზობს #1tvმეცნიერება

პანდემიამ ყველას კარგად გვასწავლა, რომ ღამურებს მომაკვდინებელი ვირუსების გადატანა შეუძლიათ, მაგრამ როგორღაც ახერხებენ იმას, რომ თავად არაფერი მოსდით.

ვირუსებისადმი ასეთი შესაშური რეზისტენტულობის შესახებ ჯერ ბევრი რამ არ ვიცით; ასევე უცნობია ღამურების სხვა გამორჩეულ შესაძლებლობათა მიზეზიც, მაგალითად, სიცოცხლის საკმაოდ დიდი ხანგრძლივობის. თუმცა, გარკვეული საკვანძო ცნობები შეიძლება მოგვაწოდოს გენომის ახალმა, ძლიერ დეტალურმა თანმიმდევრობებმა.

„დახვეწილი სტატისტიკური ანალიზების სერიის წყალობით, დავიწყეთ ღამურების „სუპერ ძალების“ მიღმა არსებული გენეტიკის შესწავლა; მათ შორის, ვსწავლობთ რნმ ვირუსების ატანისა და დაძლევის მათ აშკარა, ძლიერ უნარს“, — ამბობს ნიუ-იორკის სტოუნი-ბრუკის უნივერსიტეტის ბიოლოგი ლილიანა დავალოსი.

ექვსი სახეობის ღამურის გენომების სხვა ძუძუმწოვართა გენომებთან შედარების შემდეგ, მკვლევრებმა მიაგნეს მტკიცებულებას, რომელიც მეტყველებს, რომ ღამურების იმუნური სისტემა სხვა ძუძუმწოვრებისგან განსხვავებულად, უნიკალური გზით ფუნქციონირებს. თუ უკეთ შევისწავლით, როგორ ებრძვიან ისინი ვირუსებს, შეიძლება, იგივეს გაკეთება ჩვენც შევძლოთ.

ვირუსებთან წინნამდეგობის სუპერძალამ ღამურებს მსოფლიოში ძალიან მრავალგვარ გარემოში არსებობის უნარი მისცა. ამჟამად იდენტიფიცირებულია ღემურების 1400-მდე სახეობა და ისინი დედამიწის ძუძუმწოვართა 20 პროცენტს შეადგენენ.

მიუხედავად იმისა, რომ ამდენ ვირუსს ატარებენ, ისინი სასიცოცხლო როლს თამაშობენ ეკოსისტემებში. მცენარის სულ მცირე 500 სახეობაა დამოკიდებული ღამურების მიერ დამტვერვაზე (ბანანი, მანგო, აგავა და ა. შ.); სხვა მცენარეები დამოკიდებულია მათ ფეკალიაზე, ზოგიერთი კი ვერ იცოცხლებდა, ღამურები რომ მათ მავნებელ მწერებს არ ანადგურებდნენ.

ვირუსების ინკუბაციისა და მათთან ღამურების რეზისტენტულობის ამბის ბოლომდე გარკვევა უფრო უსაფრთხოდ თანაარსებობაში უნდა დაგვეხმაროს.

დავალოსმა და მისმა კოლეგებმა დაასეკვენირეს და ერთმანეთს შეადარეს ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ექვსი სახეობის ღამურის გენომი — დიდი ცხვირნალა (Rhinolophus ferrumequinum), ხავერდკუდა ღამურა (Molossus molossus), ხმელთაშუაზღვიური ღამორი (Pipistrellus kuhlii), დიდი ყურწვეტა მღამიობი (Myotis myotis), ხილისმჭამელი ეგვიპტური ღამურა (Rousettus aegyptiacus) და ყველაფრისმჭამელი მკრთალი შუბლცხვირა ღამურა (Phyllostomus discolor).

ამის შემდეგ, ეს მონაცემები შეადარეს ძუძუმწოვართა 24 სხვა სახეობის გენომებს, რისი წყალობითაც მიაგნეს ნაწილებს, რომლებიც ღამურებში სხვანაირია და შესაბამისად, გამოავლინეს ის გენეტიკური ინსტრუქციები, რომლებშიც ჩაშიფრულია ღამურებისათვის უნიკალური თვისებები.

სმენასთან დაკავშირებული გენების ძლიერი ევოლუციის გარდა (რაც სავარაუდოდ დაკავშირებულია მათ გასაოცარ ექოლოკაციურ უნართან), მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ ღამურებს დაკარგული აქვთ ძუძუმწოვართა გენების ის ოჯახი, რომლებიც ჩვენს იმუნურ სისტემაშია ჩართული. მათ შორის არის ადამიანებში ავტოიმუნურ დაავადებებთან დაკავშირებული იმუნიტეტის მასტიმულირებელი ანთების გენები.

ასევე მიაგნეს ცვლილებებს იმუნიტეტთან დაკავშირებულ სხვა გენების ჯგუფში, რომელსაც APOBEC-ს უწოდებენ. გაირკვა, რომ ღამურების სხვადასხვა სახეობაში ეს გენები დაკარგული, გაფართოებული ან დუბლირებულია. ისინი წარმოქმნიან ფერმენტებს, რომლებიც ჩართულია პროცესში, რომელიც ვირუსს მასპინძლის გენომში საკუთარი გენების შეყვანას უბლოკავს — ეს კი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილია ვირუსის გამრავლებაში.

„აღმოვაჩინეთ, რომ გენების დუბლირება და დაკარგვა მნიშვნელოვანი პროცესია ახალი თვისებებისა და ფუნქციების ევოლუციის პროცესში“, — ამბობს დავალოსი.

ღამურის გენომში ჯგუფმა ასევე იპოვა რაღაც, რაც სავარაუდოდ, განმარხებული ვირუსებია — ვირუსის გენის ძველი ნაწილები, რომლებიც ღამურის გენომშია ჩართული და თაობებს გადაეცემა.

ასეთი განმარხებული ვირუსები ადამიანებსაც გვაქვს და გვაძლევენ ჩვენი ევოლუციური ისტორიის ვირუსულ ინფექციათა ჩანაწერს, ერთგვარი გენეტიკური მეხსიერების მსგავსად.

ღამურის გენომში ასეთი ვირუსული ნამარხები გაცილებით მრავალფეროვანია და როგორც ისინი მეტყველებს, ღამურები თავისუფლად იტანენ ვირუსებს, რომლებიც აქამდე მიიჩნეოდა, რომ მხოლოდ ფრინველებს აინფიცირებდა.

ერთად აღებული, ეს აღმოჩენები მხარს უჭერს მზარდ მტკიცებულებას, რომლის მიხედვითაც, ღამურებს ვირუსული ინფექციების ატანა და მათგან გადარჩენი ყველა სხვა ძუძუმწოვარზე უკეთესად შეუძლია პირველ რიგში იმის გამო, რომ მათი იმუნური სისტემა განსხვავებულად მოქმედებს.

„ჩვენ მიერ მიღებული ღამურების გენომი გვაძლევს იმ რესურსებს, რომლებიც საჭიროა ღამურების გენომური ბაზისის აღმოჩენისა და დადასტურებისთვის; ამავე დროს სტიმულს აძლევს ახალი მიმართულების კვლევებს, რომლებიც პირდაპირ რელევანტურია ადამიანის ჯანმრთელობისა და დაავადებებისადმი“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.

ვინ იცის, გარდა უამრავი ავბედითი ვირუსისა, ერთ მშვენიერ დღეს ღამურებმა იქნებ საკუთარი ანტივირუსული ძალაუფლებაც გაგვიძიარონ.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.stonybrook.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.