ამერიკელი და ჩინელი მეცნიერები ღამურებში კორონავირუსების ევოლუციის კვალდაკვალ – ახალი კვლევა
ამერიკელი და ჩინელი მეცნიერები ღამურებში კორონავირუსების ევოლუციის კვალდაკვალ – ახალი კვლევა

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა, რომელშიც ასევე შედის უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარი, ჩინურ ღამურებში აღმოჩენილი ყველა კორონავირუსი შეისწავლა; მკვლევრებმა გენეტიკური ანალიზების გამოყენებით სცადეს მიჰყოლოდნენ ახალი კორონავირუსის სავარაუდო წარმოშობის კვალს ცხვირნალისებრ ღამურებში.

ახლახან გამოქვეყნებულ მოხსენებაში ისინი ასევე საუბრობენ ამ ვირუსთა დიდი მრავალფეროვნების შესახებ სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში; ხაზს უსვამენ ამ ზონებში ღამურების ვირუსების ახლო მონიტორინგისა და ადამიანის ქცევის ცვლილების აუცილებლობას, რათა მომავალში პანდემიების შანსები შემცირდეს.

კვლევას ამერიკული გრანტით აწარმოებდა ნიუ-იორკში მოქმედი არაკომერციული ორგანიზაცია EcoHealth Alliance, თუმცა, აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა ცოტა ხნის წინ ეს 3$-მილიონიანი გრანტი შეაჩერა, რამაც სამეცნიერო საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.

20 მაისს, ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტისთვის გაგზავნილ საპროტესტო წერილს ხელს აწერს 31 ამერიკელი მეცნიერი, ნობელის პრემიის 77-მა ლაურეატმა კი ორგანიზაციას კიდევ ერთი წერილი გაუგზავნა. ნობელიანტთა განცხადებით, დაფინანსების გაუქმება უფრო პოლიტიკურ პროცესებით არის განპირობებული, ვიდრე სამეცნიერო.

კვლევის შესახებ მოხსენება ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდება, მანამდე კი ხელმისაწვდომია რეცენზირებამდელ სერვერზე BioRxiv, სადაც მეცნიერები ხშირად ათავსებენ კვლევებს ოფიციალურად გამოქვეყნებამდე.

მოხსენებაში აღწერილია ის სამუშაო, რაც გრანტის ფარგლებში ხორციელდებოდა.

მკვლევართა ჯგუფმა, რომელშიც ძირითადად ჩინელი და ამერიკელი მეცნიერები შედიან, ღამურებში კორონავირუსების ძებნისა და ანალიზის ყოვლისმომცველი კვლევები ჩაატარა. ამავე დროს ისინი ცდილობდნენ გამოევლინათ ამ ვირუსების ადამიანებში გადასვლის პოტენციური ცხელი წერტილები, რასაც შემდეგ დაავადებათა ეპიდემიები მოსდევს.

უკვე უამრავი იყო იმის გენეტიკური მტკიცებულება, რომ ახალი კორონავირუსი სათავეს ღამურებში იღებს. ყველაზე სავარაუდო მასპინძლად მიჩნეულია ცხვირნალისებრი ღამურები, რადგან სხვა დაავადებები, მაგალითად, SARS-ი 2003 წელს გამოწვეული იყო ვირუსით, რომელიც სათავეს ამ ღამურებში იღებდა.

ღამურების არც ერთი კორონავირუსი არ არის ახალ კორონავირუსთან იმდენად ახლოს, რათა ჩავთვალოთ, რომ ის ადამიანებში პირდაპირ ღამურებიდან გადახტა. ნაპოვნი არ არის ახალი ვირუსის უშუალო წინაპარი, რომელიც შეიძლება წარმოდგენილი იყოს ღამურებში ან სხვა ცხოველში. თავდაპირველად ასეთ შუამავალ ცხოველად პანგოლინი მიიჩნეოდა, თუმცა, როგორც მათი კორონავირუსების ახალი ანალიზები მიუთითებს, პანგოლინებმა ახალი ვირუსის ევოლუციაში შეიძლება გარკვეული როლი შეასრულეს, მაგრამ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ისინი მისი უშუალო წყარო იყვნენ.

ახალი კვლევა მოიცავდა ღამურების ანალიზსა და ვირუსულ ევოლუციას, რაც ძლიერ უჭერს მხარს, რომ ახალი ვირუსი ცხვირნალისებრ ღამურებში იღებს სათავეს, თუმცა, ეს მოსაზრება გადაჭრით დამტკიცებული ჯერ არ არის, დიდწილად იმიტომ, რომ ამ სახის ვირუსთა შესახებ ძალიან ბევრი რამ ჯერ უცნობია.

მოხსენებაში ასევე საუბარია ღამურების კორონავირუსთა შესახებ მეცნიერთათვის აქამდე უცნობ დეტალებზე, ძირითადად მათი ევოლუციისა და საფრთხეების შესახებ. თუმცა, დაფინანსების შეწყვეტის გამო, კვლევაც შეჩერდა.

ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა გრანტი მას შემდეგ შეწყვიტა, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომ ფული არასწორად მიდის უხანის ინსტიტუტისკენ. ეს ლაბორატორია კონსპირაციული თეორიების მიმდევართა სამიზნე გახდა, რომლებიც ავრცელებდნენ მოსაზრებებს, რომ ახალი კორონავირუსი სწორედ ამ ლაბორატორიაშია შექმნილი. მეცნიერები და აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები თანხმდებიან, რომ უზარმაზარი ალბათობით, ვირუსი ბუნებაშია წარმოქმნილი.

ნიუ-ჯერსის შტატის რატგერსის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგი და ბიოუსაფრთხოების ექსპერტი რიჩარდ იბრაითი ამტკიცებდა, რომ შესაძლოა, ბუნებრივად წარმოშობილი ეს ვირუსი ლაბორატორიიდან შემთხვევით გაიპარა და ამის დასადგენად, უნდა მოხდეს ლაბორატორიის უსაფრთხოების გამოძიება. თუმცა, ვირუსის გაჟონვის სცენარს მრავალი მეცნიერი არ ეთანხმება, რადგან ინფექციებს გაცილებით მეტ შესაძლებლობას აძლევს ველური ცხოველებით ვაჭრობა, ბაზრობები და ფერმები.

არც იმის მტკიცებულება არსებობს, რომ ახალი ვირუსი ოდესმე წარმოდგენილი იყო უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში. პირველად ის გასული წლის დეკემბრის ბოლოს აღმოაჩინეს, მას შემდეგ, რაც მრავალ ადამიანში გამოჩნდა, ძირითადად იმ პირებში, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ უხანის ცხოველების ბაზრობასთან.

ახალი კვლევის ერთ-ერთი ავტორია ჟენგ-ლი ში, უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ახალ ინფექციურ დაავადებათა ცენტრის დირექტორი, რომელმაც 2003 წელს გავრცელებული SARS-ის ვირუსის წყარო ღამურებში იპოვა და ასევე შეძლო ახალ კორონავირუს SARS-CoV-2-ის იდენტიფიცირება.

2010-2015 წლებში, ჩინეთის მასშტაბით სხვადასხვა მღვიმეში ბინადარი ღამურებისგან მკვლევრებმა ორალური, ნაწვალვური და ფეკალური ნიმუშები შეაგროვეს, შემდეგ კი გენეტიკური სეკვენირებით მიიღეს ვირუსების 781 ნაწილობრივი მიმდევრობა. ამის შემდეგ, ეს მონაცემები შეადარეს ღამურებისა და პანგოლინების კორონავირუსების სეკვენირების ინფორმაციას, რომელიც მონაცემთა ბაზებში უკვე ინახებოდა.

შედეგად, მათ მიაგნეს მტკიცებულებას, რომ ახალი კორონავირუსი შეიძლება სათავეს იუნანის პროვინციაში იღებდეს, მაგრამ არ გამოირიცხება შესაძლებლობა, რომ ის ჩინეთს გარეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ნებისმიერი ქვეყნიდან იყოს წამოსული.

ღამურების ოჯახი, რომელიც ცხვირნალისებრთა გვარსაც (Rhinolophus) მოიცავს, ჩინეთში ათობით მილიონი წლის წინ გაჩნდა. მათ კორონავირუსებთან თანაევოლუციის დიდი ისტორია აქვთ; როგორც ახალ კვლევაში ჯგუფი აღნიშნავს, ხშირია კორონავირუსების გადახტომა ღამურის ერთი სახეობიდან მეორეში.

კვლევის ერთ-ერთი ავტორი, EcoHealth Alliance-ის პრეზიდენტი, დოქტორი პიტერ დასზაკი აღნიშნავს, რომ ჩინეთის, ლაოსის, ვიეტნამისა და მიანმარის სასაზღვრო რეგიონი შეიძლება ამ ვირუსთა ნამდვილი ცხელი წერტილი იყოს.

მისი თქმით, ეს რეგიონი ხასიათდება არა მხოლოდ ღამურებისა და კორონავირუსების მრავალფეროვნებით, არამედ ურბანიზაციით, მოსახლეობის რაოდენობის ზრდით, ინტენსიური მეფრინველეობითა და მეცხოველეობითაც; ამ ფაქტორებმა კი შეიძლება გამოიწვიოს ვირუსის გადახტომა ერთი სახეობიდან მეორეში, შემდეგ კი ადამიანებში გადასვლა და დაავადების აფეთქება.

როგორც დასზაკი აღნიშნავს, საჭიროა არა მხოლოდ ღამურების, არამედ ადამიანთა მონიტორინგიც.

„მთელ სამხრეთ ჩინეთში ადამიანები ველური ცხოველების მოშენებას მისდევენ; ამ ინდუსტრიაში ათობით ათასი ადამიანია ჩართული და საჭიროა მათი რეგულარული ტესტირება არა მხოლოდ COVID-19-ზე, არამედ იმ სხვა ვირუსებზეც, რომლებსაც შეიძლება, ისინი რეგულარულად იღებენ ცხოველებისგან“, — ამბობს დასზაკი.

იგი ასევე აცნობიერებს, რომ ამ სახის ძალისხმევა ზედმეტად ძვირია, მაგრამ როგორც აღნიშნავს, პანდემიის ფასთან შედარებით, ასეთი ინვესტიცია მაინც ძალიან იაფია.

მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი