რატომ არ არიან ღამურები ჩვენი მტრები
რატომ არ არიან ღამურები ჩვენი მტრები

ღამურებზე თითქმის ყველას ცუდი წარმოდგენა აქვს.

საშინელებათა ფილმებისა თუ მედიის წყალობით, დედამიწის ერთადერთი მფრინავი ძუძუმწოვრის მიმართ უკვე დიდი ხანია გაჩნდა უსაფუძვლო შიში. იმის გამო, რომ ისინი COVID-19-ის პანდემიის გამომწვევი კორონავირუსის, SARS-CoV-2-ის აშკარა წყარო არიან, ღამურების ზოგადი იმიჯი ხალხის თვალში კიდევ უფრო გაუარესდა და აქტიურად გაისმა მოწოდებები მათი პოპულაციების განადგურების შესახებ.

ასეთი მტრული დამოკიდებულება ღამურების დაცვას აუარესებს და შესაბამისად, საფრთხის ქვეშაა ის მრავალი კრიტიკულად მნიშვნელოვანი სარგებელიც, რაც მათ ჩვენთვის მოაქვთ. გარდა ამისა, ღამურების დევნამ იმ დაავადებების გამო, რომლებსაც ისინი ატარებენ, შეიძლება, უარესი შედეგები მოგვიტანოს.

სანამ ამას გააკეთებდეთ, მოდით, ცოტა წარსულს გადავხედოთ.

სიმართლე ღამურებისა და დაავადებების შესახებ

ღამურებსა და დაავადებებთან მიმართებაში სიმართლის მარცვალი დევს იმაში, რომ ისინი მართლაც ატარებენ უჩვეულო მრავალფეროვნების დაავადებებს, მათ შორის ვირუსებს, რომლებიც შეიძლება, სხვა ძუძუმწოვრებში გადახტომის შემდეგ სასიკვდილო იყოს. უკვე დადგენილია, რომ ღამურებმა პირდაპირი თუ არაპირდაპირი როლი ითამაშეს ისეთი დაავადებების გამოჩენაში, როგორებიცაა ებოლა, ნიპაჰი და SARS-ი. ერთ-ერთი ბოლო კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა სცადეს იმის დადგენა, რატომ არიან ღამურები ამდენი დაავადების წყარო. მოკლედ რომ ვთქვათ, ფრენის უნიკალურმა სტრესმა შეიძლება, ღამურას მისცა აგრესიული იმუნური პასუხების საშუალება გარკვეულ დაავადებათა მიმართ, ამან კი გამოიწვია მათი და აგრესიული ვირუსების თანაევოლუცია. უფრო სუსტი იმუნური სისტემის მქონე ძუძუმწოვრებში მოხვედრის შემდეგ კი, მათ ამ ვირუსებთან გამკლავება უჭირთ.

სანამ დაავადებათა რისკის გამო ღამურების განადგურებაზე ვიფიქრებთ, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ის მრავალი სარგებელი, რაც მათ ჩვენთვის მოაქვთ, მათ შორის ჯანდაცვის მხრივაც. ღამურები ტყეებს აღდგენაში ეხმარებიან და გვამარაგებენ სასუქით. მტვერავენ საკვებ მცენარეებს, მანგოთი დაწყებული, აგავათი დამთავრებული, სულ 300-ზე მეტი სახეობის სასოფლო-სამეურნეო მცენარეს. კაკაოს, ბამბის, სიმინდისა თუ სხვა უთვალავი კულტურული მცენარის ნათესებში ანადგურებენ იმდენ მავნებელ მწერს, რომ მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში, მათ გარეშე წელიწადში 3,7 მილიარდი დოლარის ღირებულების მოსავალი დაიკარგებოდა. ეს გაუმაძღარი არსებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისთვის, სადაც ისინი მავნებელ მწერებთან ბრძოლის ნამდვილ უფასო სერვისს ახორციელებენ.

ჩრჩილებისა და სხვა მწერების განადგურება არაპირდაპირი გზით აუმჯობესებს ჩვენს ჯანმრთელობას. აშშ-ში დაავადება წითელი ცხვირის სინდრომის გამო ბოლო წლებში დიდი ოდენობით ღამურა დაიხოცა; შედეგად, მწერების გაზრდილ რაოდენობასთან საბრძოლველად საჭირო გახდა უფრო მეტი ტოქსიკური პესტიციდის გამოყენება, რის გამოც, აგრარულ რეგიონებში ბავშვთა დაავადებები და სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ღამურები ასევე ჭამენ დაავადებათა გადამტან ისეთ მწერებს, როგორიცაა თუნდაც კოღო, მათ შორის მალარიის გადამტან ანოფელესს, რომელსაც ინსექტიციდების მიმართ რეზისტენტულობა განუვითარდა.

გარდა ამისა, კორონავირუსების ან ებოლას მსგავსი დაავადებების გამოჩენის შიშით ღამურების განადგურების მცდელობა ეფუძნება მცდარ შეხედულებებს და რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, შეიძლება დაავადების გავრცელების უფრო მაღალ რისკს ფლობდეს. ცოფის გავრცელების შეჩერების მიზნით პერუში ვამპირი ღამურების დახოცვამ დაავადება ვერ შეაჩერა და შეიძლება, დახოცეს ის ღამურები, რომლებიც ყველაზე ნაკლებად იყვნენ დამნაშავე ინფექციის გავრცელებაში. უგანდაში, ეგვიპტური ხილის ღამურების (Rousettus aegyptiacus) დიდი კოლონიის მოსპობის მცდელობის შემდეგ, მარბურგის ვირუსი უფრო მეტად გავრცელდა, რადგან მათი ადგილი ამ დაავადების უფრო მეტად მატარებელმა ინდივიდებმა დაიკავეს. დაავადებათა გადაცემის უფრო მაღალი რისკი შეიძლება ჰქონდეს ღამურების დასტრესვის მცდელობასაც კი; ამის მაგალითია ჰენდრას ვირუსი ავსტრალიაში, რომელიც პატარა წითელი მფრინავი მელებისგან გავრცელდა.

მარტში, ინდონეზიის ხელისუფლებამ ბაზრებში ტყვეობაში მყოფი ღამურების მოსპობის ბრძანება გასცა. გავრცელებული ინფორმაციით, რუანდის ხელისუფლებამ ჩალისფერი ხილის ღამურების კოლონიები სახანძრო წყლის ჭავლით გაანადგურა. ამ ქმედებებს არაფერი აქვს საერთო მათ მიზანთან, რომ თითქოს, ამით ეპიდემიის შეჩერებას ეხმარებიან.

როგორ უნდა მოვახდინოთ დაავადებათა შემდეგი გავრცელების პრევენცია?

ჩვენ ჯერ კიდევ ვსრულყოფთ შემდეგი ზოონოზური პანდემიის თავიდან აცილების რეცეპტს. ის ნამდვილად მოიცავს დაავადებების მეთვალყურეობას და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეწყდეს ღამურების, როგორც ერთგვარი „ბოროტობის“ დევნა.

პირველ რიგში გვჭირდება ღამურების მიზნობრივი კონსერვაციის ძალისხმევა. ვირუსების გადმოხტომა მაშინ ხდება, როდესაც ჩვენ მათ სამყაროში ვიჭრებით ან ისინი შემოგვყავს ჩვენსაში. როდესაც ბანგლადეშში ტყის რესურსების არაადეკვატურად გამოყენების გამო მფრინავი მელის ტიპის ღამურებმა ფინიკის პალმის ხეების ათვისება დაიწყეს, ფინიკის ჭამისას ხალხმა უნებლიეთ მიიღო ნიპაჰის ვირუსი. ღამურების ვირუსები გადახტა სხვა ცოცხალ არსებებშიც, მათ შორის ღორებში (ნიპაჰის ვირუსი), ცხენებში (ჰენდრას ვირუსი), აქლემებში (MERS კორონავირუსი). თავიანთ ბუნებრივ ჰაბიტატში თითქმის არ არის იმის ალბათობა, რომ ღამურებმა ეს ვირუსები შინაურ ცხოველთა მჭიდრო კონცენტრაციებს გადასდონ.

კარგი სამოსახლოს არსებობის შემთხვევაში, ღამურებს სულ არ სჭირდებათ ჩვენს გარემოში დროის გატარება. ჰაბიტატის ფართო მასშტაბიანმა აღდგენამ შეიძლება შეამციროს პრობლემატური კონტაქტი ღამურებსა და ადამიანებს ან ჩვენს შინაურ ცხოველებს შორის; ამას კი ტყეების აღდგენის გლობალური ძალისხმევა სჭირდება. ასევე შესაძლებელია სხვა მიზნობრივი ნაბიჯები, მაგალითად, ღამურებისათვის ხელოვნური ქანდარების მოწყობა, მათი მშობლიური ხილის დარგვა შესაბამისი განლაგებით; ამ შემთხვევაში შემცირდება სახიფათო კონტაქტი და შენარჩუნდება ის ღირებული სერვისი, რასაც ღამურები ჩვენთვის სწევენ. ყველა ამ ძალისხმევის აღსრულება კიდევ უფრო გართულდება, თუ ღამურების დემონიზებას გავაგრძელებთ.

ღამურებისადმი უფრო მეტმა ემპათიამ შეიძლება შეამციროს ან იქნებ დაასრულოს კიდეც ველური ბუნების არსებებით ვაჭრობა, რადგან ეს კიდევ ერთი გავრცელებული გზაა, რომლითაც ღამურებს ხალხთან პირდაპირ თუ არაპირდაპირ კონტაქტს ვაიძულებთ. მართლაც, ახალი კორონავირუსის გავრცელების პირველ კვირებში აშკარა ეპიცენტრი ქალაქ უხანის ცოცხალი ცხოველების ბაზრობა იყო. ის ფაქტი, რომ ღამურები იქ შეიძლება სულაც არ იყიდებოდა, უფრო მეტად მიუთითებს იმის საჭიროებას, რომ აიკრძალოს ველურ ცხოველთა გაყიდვა, რადგან ღამურებსა და ადამიანებს შორის ვირუსების შუამავალი მასპინძელი შეიძლება, ძალიან ბევრი სხვა არსება იყოს.

სულ მცირე საჭიროა, რომ მოვიშალოთ ყველაზე სახიფათო ჩვევები; მათ შორის თუნდაც ველური ცხოველებით ვაჭრობა, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახეობის არსებათა განთავსება ადამიანთა საცხოვრებლების სიახლოვეს, ასევე აღმოვფხვრათ კონტაქტი ტყვეობაში მყოფ ცხოველებსა და ველურ ღამურებს შორის. საბედნიეროდ, ჩინეთი როგორც ჩანს ამ მიმართულებით მოქმედებას იწყებს, მაგრამ შავი ბაზრების აღმოფხვრა მოითხოვს მოთხოვნის შემცირებას ველური ბუნების პროდუქტებზე.

უსაფრთხოდ ყოფნა ასევე მოითხოვს ღამურების ცნობილი 1400 სახეობის გავრცელების, ჰაბიტატისა და პოპულაციური ტენდენციების უკეთ ცოდნას, რომ აღარაფერი ვთქვათ მათში ბინადარ დაავადებებზე. ინფორმაცია განსაკუთრებით შეზღუდულია პლანეტის მრავალ ყველაზე ბიომრავალფეროვან ზონებში, სადაც ახალ ინფექციურ დაავადებათა გამოჩენის რისკები ყველაზე მაღალია. ბუნების ისტორიის ამ მონაცემების შესაგროვებლად ექსპედიციებისათვის დაფინანსების მოპოვება მკვლევრებს განსაკუთრებით უჭირთ, როდესაც ხალხში ღამურებისადმი დამოკიდებულება ძირითადად შიშსა და ზიზღს ეფუძნება.

საბედნიეროდ, ამ მიზნების მისაღწევად არსებობს რამდენიმე ახალი ხელსაწყო. გენომის სეკვენირების თანამედროვე მეთოდებმა ღამურების აქამდე იდუმალებით მოცულ ვირუსთა სამეფოს კვლევაში ახალი ფანჯარა გაგვიხსნა. მამაცი მკვლევრები დაუღალავად ცოცავენ მადაგასკარის კლდეებზე და დაეხეტებიან სიერა-ლეონეს მღვიმეებში, რათა შეაგროვონ ღამურების სხეულის ნიმუშები და მოახდინონ მათში არსებულ ვირუსთა გენეტიკური მასალის სეკვენირება. ზოგიერთი მათგანი იკვლევს, რამდენად არის დაავადების რისკი დამოკიდებული სეზონებზე, რეპროდუქციულ ციკლსა და კლიმატზე.

ასე რომ, ღამურები ეკოსისტემის შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ისინი ყოველთვის იყვნენ და ჩვენ სულაც არ გვერჩოდნენ, პირიქით — მას შემდეგ, რაც ჩვენ მათი შევიწროება დავიწყეთ, მივიღეთ არაერთი ინფექციური დაავადება.

მომზადებულია Scientific American-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი