არგენტინაში 100 000 წლის წინანდელი გიგანტური ვამპირი ღამურის ძვლები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
არგენტინაში 100 000 წლის წინანდელი გიგანტური ვამპირი ღამურის ძვლები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 100 000 წლის წინანდელი ღამურის ყბის ძვალი, რომელიც როგორც დადგინდა, გიგანტური ვამპირი ღამურის ამჟამად გადაშენებულ სახეობას ეკუთვნის.

სახეობა Desmodus draculae-ის ყბის ძვალი არგენტინის ერთ-ერთ მღვიმეში აღმოაჩინეს; ეს აღმოჩენა მეცნიერებს იმ უზარმაზარი ნაპრალის ამოვსებაში ეხმარება, რაც ამ საოცარ ცხოველთა ისტორიაში არსებობს. ამას გარდა, შეიძლება გარკვეული ცნობები მოგვცეს მათი გადაშენების შესახებაც.

დღეს ღამურები დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევიან. შეადგენენ ჩვენთვის ცნობილ ძუძუმწოვართა სახეობების დაახლოებით 20 პროცენტს, რაც საკმაოდ დიდი წილია; ისინი დაახლოებით 50 მილიონი წლის წინ გაჩნდნენ.

შესაბამისად, ალბათ ფიქრობთ, რომ ღამურების ნამარხები ძალიან ბევრია და მათი ევოლუციური ისტორიისა და გამრავალფეროვნების შესახებ ბევრი მონაცემი გვაქვს.

თუმცა, აშკარად ცდებით. ღამურების ნამარხები უიშვიათესია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყოველი აღმოჩენა ფასდაუდებელია, განსაკუთრებით ვამპირი ღამურების შესახებ.

„ისინი ღამურების ერთადერთი ოჯახია მთელ მსოფლიოში, რომელთა მიმართ ინტერესიც ტრანსილვანიისა და მისი გრაფის, დრაკულას შესახებ ლეგენდამ გააღვიძა“, — ამბობს არგენტინის მირამარის ბუნების მეცნიერებათა მუზეუმის პალეონტოლოგი მარიანი მაგნუსენი.

მისივე განცხადებით, მიუხედავად ასეთი ლეგენდებისა, ისინი მშვიდობიანი ცხოველები არიან, რომლებიც ცხოველთა სისხლით იკვებებიან, ხანდახან ადამიანებისაც, თუმცა მხოლოდ რამდენიმე წუთით, ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე… ერთადერთი ცუდი ის არის, რომ თუკი ინფიცირებულები არიან, შეუძლიათ ამ ცხოველებს გადასდონ ცოფი და სხვა დაავადებები. მათ პრეისტორიულ წარმომადგენლებსაც ზუსტად ასეთივე ქცევები ჰქონდათ.

დღეისათვის, ღამურების 1400 სახეობიდან მხოლოდ სამია ვამპირი, ანუ ისეთი, რომელიც მხოლოდ სხვა ქმნილებათა სისხლით ცოცხლობს; მათ ჰემატოფაგებსაც უწოდებენ.

სამივე მათგანი ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში გვხვდება: ჩვეულებრივი ვამპირი ღამურა (Desmodus rotundus), ფეხბანჯგვლიანი ვამპირი ღამურა (Diphylla ecaudata) და თეთრფრთიანი ვამპირი ღამურა (Diaemus youngi).

სამივე სახეობა ერთმანეთის ახლო ნათესავი ჩანს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჰემატოფაგია ერთ დროს მხოლოდ ღამურებში განვითარდა და ვამპირი ღამურის ყველა სახეობა, ცოცხალი თუ გადაშენებული — საერთო წინაპრისგან მოდის.

ვამპირ ღამურათა სახეობების ნამარხებს შეუძლია გვითხრას, რატომ გადარჩნენ დღევანდელი სახეობები. შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ სახეობა D. draculae-ს ერთ პატარა ძვალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

„ღამურების ნამარხები არგენტინაში იშვიათია. ადასტურებს, რომ ეს სახეობები შუა განედებზეც იყო, თანაც პლეისტოცენში. ერთ-ერთი უძველესი ნამარხია, პლიოცენში ის არ ჩნდება“, — ამბობს არგენტინის მარ-დელ-პლატას ეროვნული უნივერსიტეტის პალეონტოლოგი სანტიაგო ბრისუელა.

D. draculae-ს არსებობის შესახებ ცნობილი იყო, რადგან ის პირველად ოფიციალურად 1988 წელს აღწერეს, მაგრამ მის შესახებ სხვა ბევრი არაფერი ვიცოდით. პლეისტოცენის ხანაში ბინადრობდა ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, თანაც საკმაოდ ბოლო დრომდე: აღმოჩენილია ზოგიერთი ნაშთი, რომლებიც იმდენად ახალია, რომ ჯერ განმარხებულიც არ არის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი შეიძლება სულ რაღაც რამდენიმე ასეული წლის წინ გადაშენდნენ.

ამას გარდა, ის ჩვენთვის ცნობილთა შორის უდიდესი ვამპირი ღამურაა, რომელსაც ოდესმე უარსებია; 30 პროცენტით უფრო დიდი იყო, ვიდრე მისი უახლოესი ნათესავი, დღეს ცოცხალი ჩვეულებრივი ვამპირი ღამურა. მისი ფრთების შლილი დაახლოებით 50 სანტიმეტრი უნდა ყოფილიყო.

ყბის ძვალი აშკარად განსაკუთრებულია. აღმოაჩინეს პლეისტოცენის ხანის დანალექებში, ბუენოს-აირესთან ახლომდებარე ქალაქ მირამარის ერთ-ერთ მღვიმეში. მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ იმ დროს, როცა ეს ღამურა ცხოვრობდა, ეს მღვიმე უზარმაზარ ზარმაცას ეკუთვნოდა, სავარაუდოდ Mylodontidae-ს ოჯახის წარმომადგენელს.

ეს კი შეიძლება უზარმაზარი გასაღები იყოს ღამურების ცხოვრების შესახებ. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, D. draculae მღრღნელების ან ირმების სისხლით იკვებებოდა, მაგრამ სხვა მკვლევრები ეჭვობენ, რომ მისი მსხვერპლი მეგაფაუნა იყო. Mylodontidae-ს საცხოვრებელ გარემოსთან ასე ახლოს დაკავშირებული ღამურის ნაშთების აღმოჩენა მიუთითებს, რომ ბოლო მოსაზრება უფრო მართებულია.

თუ მართლაც ასეა, ეთანხმება თეორიებს, რომელთა მიხედვითაც, ღამურების სახეობები დაახლოებით 10 000 წლის წინ, მეგაფაუნის გადაშენების შემდეგ დაეცა. თუმცა, მხოლოდ ერთი ეგზემპლარის საფუძველზე, ამის გადაჭრით თქმა რთულია.

და კიდევ, ნამარხს შეუძლია გარკვეული ცნობები მოგვცეს ამ რეგიონის უძველესი კლიმატის შესახებ. ჩვეულებრივი ვამპირი ღამურა ნამარხის აღმოჩენის ადგილიდან 400 კმ-ით ჩრდილოეთით ბინადრობს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ნამარხის ადგილის კლიმატი 100 000 წლის წინ დღევანდლისგან განსხვავდებოდა.

ეს კი თავის მხრივ მიუთითებს, რომ D. draculae-ს შემცირებასა და თანდათან გადაშენებაში სავარაუდოდ მრავალმა ფაქტორმა შეიტანა წვლილი — არა მხოლოდ მსხვერპლის რაოდენობის შემცირებამ, არამედ სულ უფრო არახელსაყრელმა კლიმატმაც.

კვლევა ჟურნალ Ameghiniana-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.